skip to content
რესპუბლიკის ამბები

1922: რატომ დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა?

ჟურნალი თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 ივნისი, N23, პარიზი

მოსკოვის იმპერიალიზმი

ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ მოსკოვის კომისართა ჯარების შემოსევა საქართველოში იყო გაგრძელება ცარიზმის პოლიტიკის, იყო მკაფიო და აშკარა გამოხატვა მოსკოვის იმპერიალიზმის.

მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რომ მოსკოვის კომისრები იქამდე დაეცემოდენ და გათახსირდებოდენ, როგორც ეს დღეს გამოაშკარავდა.

მართლაც რა იყო მიზეზი საქართველოს დაპყრობის?

[საქართველოს მთავრობის] დახმარება დენიკინ-ვრანგელის ჯარისადმი? სრულიადაც არა. ეს ჭორი ხომ შემდეგ იქნა სახელდახელოთ შეთხზული თვით ბოლშევიკთა კალმის ჯამბაზებისაგან. საქართველოში საბჭოთა სისტემის „რევოლუციური“ გზით გავრცელების სურვილი? რასაკვირველია, ასეთი სურვილი დიდი ხნიდან ქონდა მოსკოვს. მაგრამ განა მან თვითონ არ დაახურდავა თავის კომუნისტური პრინციპები და სისტემები ბითუმათ ვაჭრობით გასაყიდათ?

თუ ეს ლოზუნგი საბჭოთა ხელისუფლების შემოღების შემდეგ გადმოსროლილ იქნა, ეს უმთავრესათ უფრო იმ ქართველ მახინჯებისთვის, რომელთა როლი უსაშინლესი ბოროტების ჩადენა მშობელი ერის გაყიდვა უნდა ყოფილიყო.

ამით ჩვენ უარყოფთ, რასაკვირველია იმას, რომ მოსკოვს ჭირივით ეჯავრებოდა საქართველო, როგორც დემოკრატიული და ნამდვილი, რევოლუციონური ქვეყანა, რომელიც თავის მაგალითით – სამოქალაქო ომის უარყოფით, თავისუფლებასა და ხალხის ნამდვილ ნება-სურვილზე დამყარებით, უმრავლესობის პრინციპის გაბატონებით და უმცირესობის დიქტატურის უარყოფით, ცოცხლათ შემარცხვენელი და სახელ გამტეხი იყო მოსკოვის დიქტატორთა უმსგავსო საქციელის და საშვალებას ართმევდა მათ კომუნიზმის მაღალ იდეებით თავის ველური მოქმედება გაემართლებინა.

მაგრამ ეს დაპირისპირება, ეს ცოცხალი მამხილებელი შეიძლება კიდევ მოეთმინათ მოსკოვს, რომ სულ სხვა, ნივთიერი, საიმპერიალისტო მიზეზები არ გამოჩენილიყო, რომელმაც მიიზიდა ოდესღაც მეფის თვითმპყრობელობა. ეს გახლდათ  ბაქოს ნავთი და მისი გასავალი გზა  ბაქო-ბათუმის ხაზი.

აზერბეიჯანი და ბაქო მან ჯერ კიდევ 1920 წლის გაზაფხულზე ჩაიგდო ხელში და აღსანიშნავია, რომ სწორეთ ამ ხანებში მან მეგობრულათ ხელი გაუწოდა საქართველოს დემოკრატიას და მასთან ხელშეკრულება დასდო, რომლთაც იცნო მისი სუვერენობა, და მის შინაურ საქმეებში ჩაურევლობა. ეს იყო 7 მაისს.

მაშ რაღათ დაესხა მას თავს ათი თვის შემდეგ! ნუ თუ საქართველომ მას ნავთის გზა შეუკრა და მოხრჩობა მოუნდომა? არა და ათასჯერ არა. საქართველოს დემოკრატიას ყოველთვის სწამდა, რომ ბაქოს ნავთს გზა ევროპისკენ ბათუმზე აქვს და რომ ეს გზა მას აუცილებლათ უნდა მიეცეს. და მან მისცა კიდეც. მაისის აქტის მეორე დღიდანვე საქართველო შეუდგა საჭირო ხელშეკრულების დადებას რუსეთთან, და რამდენიმე თვის განმავლობაში იგი დაამთავრა კიდეც. რუსეთს მიეცა საშვალება საქართველოს ნავთსადენით სრული სარგებლობის და ბათუმის პორტის და ნავთის საწყობების სავსებით გამოყენების. მას მიეცა უფლება სხვა ყოველგვარი საქონლის საქართველოს კარებით თავისუფლათ გადატანის. ერთი სიტყვით საქართველოს სოციალისტურმა მთავრობამ, როგორც ეს შეჰფერის მეზობლობას და კეთილგანწყობილებას, რუსეთის ყოველი ეკონომიური ინტერესი დააკმაყოფილა. მაგრამ მისი აზიური ფანატიზმი და საშვალებათა განურჩევლობა ამით ვერ შეაჩერა. მოსკოვმა მაინც სისხლის დაღვრა ირჩია, მაინც ხმალსა და ძალადობას დაადგა, საუმჯობესოთ მაინც იმპერიალიზმის, დაპყრობის, პატარა მეზობლის განადგურების გზა დაინახა.

რატომ?

აი აქ მივადექით ჩვენ მოსკოვის იმ უკიდურეს დაცემას და პოლიტიკურ გათახსირებას, რომელსაც აღმოსავლეთის უსასტიკესი დესპოტიების ისტორიაში თუ შეხვდებით.

გაკოტრებულმა და აოხრებულმა რუსეთმა კომუნიზმის დათმობაში რომ ვერ მიიღო „ოტსტუპნოი“ ევროპის კაპიტალისაგან, ისევ თავის ქვეყნის სიმდიდრის გაყიდვას და დაგირავებას შეუდგა. მაგრამ რეალურათ სადღეისოთ ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ  ბაქოს ნავთი. სხვა ყოველი სიმდიდრე ან აოხრებულია, ან გასატანათ მიუწვდომელი უგზოობის და სხვა გარდაუვალი დაბრკოლებების გამო.

და მოსკოვი შეუდგა ნავთით ვაჭრობას… და აი აქ ამ ვაჭრობის პროცესში ნავთთან ერთათ გასწირა მთელი ერის თავისუფლება, სოციალური რესპუბლიკის ნამდვილი დემოკრატიული ქვეყნის თვითარსებობა… ამ მიზნით შეუთანხმდა იგი ევროპის კაპიტალს და ოსმალეთის ფაშებს… უკანასკნელთ მან იარაღი და ფული მიუძღვნა. პირველთ ნავთის კონცესიებს დაპირდა, ნავთის გაზიდვის მონოპოლია შესთავაზა, რაც დღეს ევროპაში ყველასათვის სახარბიელოა და აი ამათ სამაგიეროთ საქართველოს დაპყრობის უფლება მოითხოვა. საქართველო ხომ ნავთის გზაზე ძევს და მონოპოლიის შექმნა გადაზიდვაზე მისი მონაწილეობის გარეშე ლაპარაკი არ შეიძლებოდა.

და აი ეს ვერ მოითმინა მოსკოვმა და პატარა მონაწილეს თავიდან მოშორება, მისი სისხლით დამორჩილება გახდა მისი ლოზუნგი. სისხლი ხომ მას არაფრათ უღირს – ნავთს კი ფასი აქვს. ფასი აქვს გაზსაც. მაშ საქართველოს უნდა დაპყრობილ იქნეს, მარა როგორ?  საქართველო ხომ ევროპისკენ იხედება, ევროპას მეგობრობს და მას იმეგობრებს. ეს კი საეჭვოთ ხდის მაზე სამხედრო გამარჯვებას. ცხადია ეს უნდა როგორმე მოშორებულ იქნეს. და აი მოსკოვი ყიდის ბაქოს, უმეგობრდება ფაშებს და ყიდულობს საქართველოზე თავდასხმის უფლებას. ის ხდება ევროპის კაპიტალის შინა ყმათ – მის ყურმოჭრილ ლაქიათ და ებრძვის დემოკრატიულ-სოციალისტურ რესპუბლიკას. ის გვერდში უდგება ფეოდალურ ოსმალეთს და მის ფაშებს, ხოლო ანგრევს თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოს. ის კისრულობს ერის ჯალათობას მის კაპიტალს ფიანდაზათ ფეხქვეშ გაეგოს და მისგან აღებული „წყალობით“ თავის არსებობა გაახანგრძლივოს. და იგი აღწევს თავის სისხლიან მიზნებს. საქართველო ხდება რუსის ჩექმის საჯიჯგნათ და მის გამყიდველ უღირს პირთა სათარეშოთ. მაგრამ როდემდის?

მავრმა შეასრულა თავის ბოროტი საქმე, ჯალათმა – მოათავა სამარცხვინო ხელობა და ელის სასყიდელს…

მაგრამ აქ თავი იჩინა ისეთმა მოვლენებმა, რომელსაც მოსკოვის სატრაპეები არ მოელოდნენ.

ერთი მხრით იარაღით და მტრის სიმრავლით დამარცხებული საქართველო შემოსეულ მოძალადეს მთელი თავის მორალური სიმტკიცით უარყოფს, და ბაქო-ბათუმის გზის თავისუფლათ გაყიდვის საშვალებას მოსკოვს არ აძლევს. იგი მაინც მედგრათ დგას თავის სადარაჯოზე და მთელ ქვეყანას მკაფიოთ ეუბნება, რომ მისი ეროვნული უფელებების შელახვით და მისი დამოუკიდებლობის გადაქელვით ბაქო-ბათუმის გზის გახსნა არ შეიძლება, რომ ეს გზა თავისუფალ საქართველოზე გაივლის, რომ მისი არსებობა მხოლოდ ქართველი ერის ნებისყოფაზეა დამოკიდებული.

მეორე მხრით ევროპა-ამერიკის კაპიტალისთვის ბაქოს ნავთი იმდენათ მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ მასზე სამონოპოლიო უფლებების დამყარება მოსკოველ „ხაზეინებისთვის“ შეუძლებელი გახდა. და მთელ იმ აზიურ, უხეშ, უმსგავს ლაქიურ ცბიერებას, რომელშიაც ასე დახელოვნებულია მოსკოვის სატრაპი, ის შედეგი მოყვა, რომ დღეს ბაქოს ნავთი ევროპა-ამერიკის „დიდი ბატონების“ გასაყოფი და გასარიგებელი შეიქმნა. ბევრმა კი ვერც კონცესია გაასაღა, ვერ დაპირებული სესხი გაინაღდა. ეს გამოაშკარავდა გენუაში (იგულისხმება 1922 წლის გენუის კონფერენცია – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა).

და მავრი დარჩა ხელცარიელი. იუდამ ვერ მიიღო თავის 30 ვერცხლი, სისხლის საყიდელი.

სამაგიეროთ, საკმაოთ გასაგები და მისახვედრი შეიქმნა ყველასთვის, რომ გარეშე კავკასიის ერების ხმის მოსმენისა და მათი კანონიერი ინტერესების მხედველობაში მიღებისა, ბაქოს გზა დახშულია და იქ არსაიდან არ მიისვლება. აშკარა შეიქმნა, რომ რუსის უხეში ხიშტები დღეს საქართველოში შემოჭრილი ამ გზას მხოლოდ ხერგავს, სპობს, ახშობს და რომ მხოლოდ მისი აქედან ჩამოცილებით დაიწყება ხანა ბაქოს სიმდიდრის საერთო ეკონომიურ აღორძინებისათვის გამოყენების. და ეს უნდა გახდეს ძალაუნებურათ მორიგ საკითხათ ევროპისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button