ძველი ამბები

ბოლშევიკები თფილისის სამხედრო სკოლას დაესხნენ თავს

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 მაისი, N97

თავდასხმა სამხედრო სკოლაზე

მაისის 2-ს ღამით, 12 საათზე, სამხედრო სკოლას დაეცნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც შეცვივდნენ სამხედრო სკოლის მისაღებ ოთახში და მორიგ ოფიცერს მოსთხოვეს იარაღის ჩამოხსნა. მორიგ ოფიცერმა წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ შეიარაღებულმა პირებმა ძალით წაჰგლიჯეს ოფიცერს ხმალი და რევოლვერი. იუნკრების გუნდის მორიგემ შეამჩნია თუ არა ეს მაშინვე გაიქცა პოლკოვნიკ ჩხეიძესთან და ყველაფერი შეატყობინა. პოლკოვნიკი ჩხეიძე მაშინვე გამოვიდა გარედ. მაგრამ მის გამოსვლამდე უცნობ პირებმა სროლა ასტეხეს. ხმაურობაზე გამოვიდა გენერალი კვინიტაძეც. შეიარაღებულმა პირებმა თავიანთ თავი ბალშევიკებათ გამოაცხადეს და დაუწყეს რწმუნება, რომ მათ ხელში იგდეს მრავალი იარაღი, ჯარი და გვარდია ბალშევიკების მომხრეა, მთავრობა დაპატიმრებულია და ქალაქში გამოცხადებულია საბჭოთა მთავრობა.

ბოროტ-გამზრახველები ჯერ შევარდნენ იარაღის საწყობ ოთახში. ეს ოთახი მოთავსებულია იუნკერების დასაძინებელ ოთახებს შუა. ამ დროს იუნკერებს სძინებიათ და ბალშევიკებს თითო თითო გამოეღვიძებინათ და შეერეკათ ერთ ოთახში, რათა მათ არ შესძლებოდათ იარაღის საწყობ ოთახში მისვლა და იარაღის ხელში ჩაგდება.

მორიგე იუნკერმა დაინახა, რომ იუნკრები ერთს ოთახში შეემწყვდიათ უიარაღოთ, მაშინვე მიხვდა საქმე რაშიაც იყო და ჩუმად გადაიპარა სარკმლიდან. მორიგ იუნკერს თან თოფი ჰქონდა და ამ თოფით ერთმა იუნკერმა ისარგებლა და თავდამსხმელებს ესროლა. ამ სროლაზე მთელმა გუნდმა კიჟინა დასცა ყაჩაღ ბალშევიკებს. ზოგმა სკამს წამოავლო ხელი, ზოგმა რკინას, რაც კი რამ ხელში მოხვედრიათ და იქვე ბოროტ-გამზრახველნი წამს დაუქსაქსნიათ. დიდი ენერგია გამოუჩენია პოლკოვნიკ ჩხეიძეს, რომლის თავგანწირულ და გმირულ მოქმედებას მეტად წაუხალისებია იუნკერები და ისეთი ენთუზიაზმი გამოუწვევია მათში, რომ ერთბაში „ვაშას“ და „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილით განდევნეს შემოჭრილი ბალშევიკების ბანდები. ერთი თავზარდაცემული ბოროტ-გამზრახველთაგანი მესამე სართულიდან ბუხრიდან ჩაპარულა ძირს და ქვევითა სართულის ფანჯრიდან გადასულა ქუჩაში. შემდეგ როგორც აღმოჩნდა იგი დაჭრილი ყოფილა. ბალშევიკებიდან მოკლულია ორი. ერთი სომეხი და ერთიც ქართველი (როგორც ამბობენ, უნდა იყოს ვინმე სანდრო მახარაძეო). იუნკრებიდან დაჭრილია კიკიანი მსუბუქად და მძიმედ მაყაშვილი. პირველ საათზედ მობრძანდა სამხედრო მინისტრიც, რომელსაც დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ იუნკრები, ჯარი და ოფიცრები.

შეტაკების დროს თავდამსხმელთაგან ორი მოკლეს, ერთი დაჭრეს და ორიც დააპატიმრეს. ეს უკანასკნელნი უკვე გადასცეს სამხედრო სასამართლოს. დაჭრილია ორი ჯარის-კაცი. თავდასხმის წინ მათ ჰქონიათ საღამოს  ათ საათზე კრება, სადაც შეუმუშავებიათ ამბოხების გეგმა.

მოკლულ, დაჭრილ და დაპატიმრებულ თავდამსხმელთა გვარები შემდეგია: 1. მუსუგიანც პეტროს. 2. ერემიანც მიქელ, 3. არუთინიანც რაფელ, 4. ბრინძიმიანც არტაშეს, 5. პაპიანც პათი, 6) მანუჯიანც აშარაკ.

საერთოდ უნდა ითქვას ოფიცრებისა, იუნკერებისა და ჯარის კაცების სასახელოთ, რომ მათ მტკიცედ, ერთსულოვნება და ერთგულება გამოიჩინეს.

მსგავსი/Related

Back to top button