რესპუბლიკის ამბები

1922: ერთა ლიგამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ერთა ლიგაში

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 ოქტომბერი, N27

(რეზოლუცია საქართველოზე და სომხეთზე)

ბელგიის სოციალისტური პარტიის წევრმა, დე ბრიუკერმა, რომელიც ნამყოფია საქართველოში და დაინტერესებული მისი მდგომარეობით, ერთა ლიგაში, რომელიც შეიკრიბა ენკენისთვეში ჟენევაში დასვა საქართველოს საკითხი და მხურვალე სიტყვის შემდეგ, რომელშიაც დაახასიათა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, წინადადება შეიტანა მიექციათ ყურადღება საქართველოს საკითხისათვის და მიეღოთ ღონისძიება მის განსათავისუფლებლათ. ერთა ლიგამ მისი პროექტი რეზოლუციის გადასცა საინიციატივო კომისიას. კომისიამ საკითხი შეისწავლა და კანადის წარმომადგენელის ლიაპუნის პირით წარმოუდგენია საზოგადო კრებას შემდეგი რეზოლიუცია, რომელიც კრებისგან ერთხმათ იქნა მიღებული.

„ერთა ლიგის ყრილობა აღელვებულია იმ საშინელი მდგომარეობით, რომელშიაც იმყოფება დღეს საქართველო, თავდასხმის საშვალებით დაპყრობილი უცხო ძალისაგან მის მცხოვრებთა ნების წინააღმდეგ, – მოუწოდებს ერთა ლიგის საბჭოს ყურადღებით ადევნოს თვალყური ამ კუთხის საქმეთა მიმდინარეობას და პირველსავე შემთხვევაში, როცა ხელსაყრელი პირობები დადგება სათანადო ღონისძიება მიეღოს, რომ თანახმათ საერთაშორისო ნორმებისა, ხელი შეუწყოს ამ ქვეყანაში ნორმალურ მდგომარეობის აღდგენას“.

ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია სომხეთისთვის ოსმალეთში ეროვნული კერის მიცემის შესახებ. ერთა ლიგა წინადადებას აძლევს სახელმწიფოებს ოსმალეთ-საბერძნეთის საზავო მოლაპარაკების დროს დასმულ და მოგვარებულ იქნეს ეს საკითხი და ამით დაიცავს როგორც სომხეთის, ისე ოსმალეთის ხალხის ინტერესები.

მსგავსი/Related

Back to top button