რესპუბლიკის ამბები

შვეიცარიული პრესა: საბჭოთა რეჟიმი ქართველი პოლიტპატიმრების გადასახლებას გეგმავს

შვეიცარიის ს.-დ. პოლიტ. პატიმრებზე

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 სექტემბერი, N26.

შვეიცარიის სოციალისტურ გაზეთ „ლა სანტილა“-ში მოთავსებულია ცნობა იმის შესახებ, რომ მოსკოვის აგენტებს საქართველოში განზრახული აქვთ თავის ბატონების კარნახით და ნებართვით ქართველი პოლიტიკური ტუსაღები, რომლებიც ათასობით ითვლებიან, რუსეთში გადაასახლონ და იქ შიმშილის და ეპიდემიის უცილობელ მსხვერპლათ გახადონ. ეს მაკიაველური განზრახვა „ერის საუკეთესო შვილების და ცნობილი სოციალისტური მოღვაწეების ასე მხეცურათ თავიდან მოშორების“ აღელვებს გაზეთს და იგი თავის რედაქტორის ე. პოლ გრაბერის პირით ასეთ დასკვნას უკეთებს ამ ცნობას, თავის მეთაურ წერილში:

„დღეს შიმშილია – რუსეთის ვეება რაიონებში, დღეს სიკვდილს უწყვეტენ მოსკოვში სოციალისტებს, დღეს ასახლებენ საქართველოს სოციალისტებს. თანდათან დაბლა ეშვება და სქლათ ეფინება საშინელი აჩრდილი პროლეტარიატის თავზე. რევოლიუციას აქვს თავის ლოღიკა – ამბობს ჰოლანდიელი კომუნისტი, მას ესაჭიროვება თავის ჯაშუშები და ძალმომრეობის ორგანოები.

სუვარინი (ფრანგი კომუნისტი) აქვეყნებს „ჰუმანიტეში“ ასეთ აღმოჩენას: პროცესი (იგულისხმება ს.-რევ. პროცესი) არ არის სასამართლოს აქტი, ეს ერთი ეპიზოდია სამოქალაქო ომის.

კომუნისტი მიასნიკოვი, რომელიც მეთაურობს ოპოზიციას, სწერს: მუშათა კლასი (რუსეთში) გარდაუალი კედლითაა განცალკევებული კომუნისტური პარტიისაგან.

და კიდევ მოიპოვება სოციალისტები, რომელიც გვისაყვედურებენ იმას, რომ ჩვენ ვაფურთხებთ ლენინს.

აჩრდილი დაეშვა პროლეტარიატის თავზე“.

1922 წლის 16 დეკემბერს 53 პოლიტიკური პატიმარი თბილისიდან მოსკოვში გადაიყვანეს სხვადასხვა საპყრობილეში გაანაწილეს. გადასახლებულთა შორის იყვნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ისიდორე რამიშვილი და სახალხო გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი ალექსანდრე დგებუაძე, ამ ორ პირს რეჟიმი განსაკუთრებით მტრულად ექცეოდა 1921 წლის ივლისში თბილისში სტალინთან შეხვედრაზე ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლის გამო. – რესპუბლიკა სარედაქციო 100-ის შენიშვნა.

მსგავსი/Related

Back to top button