
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აუკრძალა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) 28 თებერვალს გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც საქართველოს აუკრძალა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც შესაძლოა წლები დასჭრდეს, განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.
სადიგოვმა, რომელიც 161 დღე შიმშილობდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტი დაასრულა.
მიქელაძემ განაცხადა, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართავს სასამართლოს და საექსტრადიციო პატიმრობიდან სადიგოვის გათავისუფლებას მოითხოვს. „როცა ექსტრადიცია დაუშვებელია, საექტრაციო პატიმრობაში მისი დატოვება სამართლებრივ აზრს კარგავს“, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მან 242 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამნისტიით გაათავისუფლეს ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ხანგრძლივმა პროტესტმა მას ჯანმრთელობა შეურყია და საზღვარგარეთ.სპეციალიზებული სამედიცინო მკურნალობის საჭიროება წარმოშვა. საქართველოში იგი გასული წლის აგვისტოში დააკავეს, მანამდე მას საქართველოდან თურქეთში გამგზავრების უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეძლებდა გამგზავრებას.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ეუთო-მ, მოუწოდეს საქართველოს არ გადასცეს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს. გასული წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ამას მოყვა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. ბოლო გადაწყვეტილების შედეგად კი კრიტიკული ჟურნალისტი საქართველოში დარჩება.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/01/2025 – სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას კრძალავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)