რესპუბლიკა 100

აფხაზეთის უხილავი ფრონტი

პირველი რესპუბლიკის სპეცსამსახურების ისტორიიდან

Tags

დავით ხვადაგიანი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

სოხუმის საოლქო ციხეში მყოფი 11 დაპატიმრებული ბოლშევიკის ასეთი ვრცელი წერილი დაიბეჭდა 1920 წლის აგვისტოში, გაზეთ „ახალ კომუნისტში“.[1]

„ბრალს გვდებენ 108 მუხლის ძალით, როგორც სახელმწიფოს მოღალატეებს, მოგველის დახვრეტა. ჩვენ გამოვიხმეთ ნაფიცი ვექილი, მარა არ დაუშვეს – სამხედრო საგანგებო სასამართლოში დამცველის ყოლა არ შეიძლებაო. გასამართლების დღეს არ გვინიშნავენ წინდაწინ… ამასთანავე არ შეგვიძლია არ მოგახსენოთ ის საშინელი პირობები, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. ზოგი ჩვენი ამხანაგი ჩვენგან განცალკევებულია და საერთო კამერებში ამყოფებენ. 7 ამხანაგი ერთ პატარა ნესტიან კამერაში ვართ ჩაყრილი. ზოგიერთი ამხანაგები ბოლო ხანამდის ციხის განყოფილებაში იყვნენ ცოტა უკეთეს პირობებში, მარა ისინიც ძალით გადმოიყვენეს მთავარ ციხეში. ციხის უფროსის ბრძანება გადასვლის შესახებ რომ არ შევასრულეთ, 16 ივლისს მოვიდა პოლკოვნიკი სულაქველიძე, თავისი რაზმი შემოიყვანა კამერაში, გვემუქრებოდა დახვრეტით, ამასთანავე გვეძახდა ყაჩაღებს, ხულიგნებს, ჯიბგირებს, ლაჩრებს და სხვა… რამდენჯერმე დედის გინებაც მოგვახალა. წინააღმდეგობის გაწევა უაზრო იყო და ჩვენც განვაცხადეთ, რომ ვემორჩილებით უხეშ ძალას და ყველა გადავედით საოლქო ციხეში.“

ბოლშევიკთა რედაქცია პატიმრების საჩივარს მეტ სიმძაფრეს მატებდა, მკითხველს არწმუნებდა მათ უდანაშაულობაში და ამ დაპატიმრებების სერიას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ „კუდიანებზე ნადირობად“ და „შეთითხნილ ჯაშუშურ თამაშებად“ წარმოაჩენდა.

საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად უწევდათ თავის მართლება და მტკიცება რომ „თეთრი“ თუ „წითელი“ რუსეთის ჯაშუშები ნამდვილად არსებობდნენ და, „მოსკოვის ოქროთი დაფინანსებულები“, გამუდმებით ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიგნიდან აფეთქებას.

ამ პოლიტიკური ბრალდებების მიმოცვლის ფონზე, რიგითი მკითხველისთვის  ერთი რამ ცხადი იყო – რუსეთის მზვერავებს ბედი აშკარად არ სწყალობდათ და სოხუმის საოლქო ციხის პატიმრები არც პირველები იყვნენ და არც უკანასკნელნი, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის და სამხედრო კონტრ-დაზვერვის „სიმხეცეზე“ და „ჯალათურ ქმედებებზე“ მოთქვამდნენ…

საქართველო წითელი რუსეთის პირისპირ

1920 წლის გაზაფხულიდან სამოქალაქო ომის ალში გახვეულ რუსეთში ვითარება რადიკალურად შეიცვალა ბოლშევიკების სასარგებლოდ. მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს რუსეთის მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კავკასიის ფრონტზეც.

წითელი არმიის ნაწილებმა მარტისთვის მთლიანად გაწმინდეს ჩრდილოეთ კავკასია მოხალისეთა არმიისგან, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინათ საქართველოსათვის სერიოზულ საფრთხედ მოჩანდა. თეთრი გენერალი ერდელის გადარჩენილ ნაწილებს ისე წაუვიდათ საქმე, რომ საქართველოში მოუწიათ გამოხიზნვა.

1920 წლის 28 აპრილს წითელმა არმიამ თითქმის უბრძოლველად დაიკავა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო. ეს საკვანძო წარმატება იყო. რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნავთობის მარაგს უკვე საბჭოთა რუსეთი აკონტროლებდა. საბჭოთა რუსეთისთვის აზერბაიჯანული მოვლენები სულაც არ იყო ინერციით წინსვლა, ან შემთხვევითი გამარჯვება.

რუსული სამხედრო დაზვერვა გამუდმებით უთვალთვალებდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს და დაწვრილებით სწავლობდა ადგილობრივ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რამაც აზერბაიჯანში ელვისებური გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობა შექმნა. წითელი კომისრების თვალსაწიერზე უკვე საქართველო და ამიერკავკასიის საზღვაო კარიბჭე – ბათუმი გამოჩნდა.

ბათუმის ოლქს ჯერ კიდევ ბრიტანელები აკონტროლებდნენ, მაგრამ მათი ჯარები აბარგების პროცესში იყვნენ. მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ორი წელი თავგანწირული იბრძოდა ბათუმისთვის, რომ ის რუსეთის მოხალისეთა არმიის ან სხვა პრეტენდენტების ხელში არ ჩავარდნილიყო, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.

აპრილის დასაწყისში ქართული ჯარის და სახალხო გვარდიის ერთი ნაწილი ქობულეთის მხრიდან მიადგა ქალაქს,  ხოლო მეორე დაჯგუფება უკვე 2 მაისს ქალაქ ართვინში შევიდა და ბათუმის დასაკავებლად ყოველდღიური მზადების რეჟიმში გადავიდა. თუმცა, არც ამ სცენარით შეშფოთებული ძალები ისხდნენ გულხელდაკრეფილი…

1920 წლის 23 აპრილს, ღამის პირველ საათზე ქობულეთთან – მდინარე კინტრიშის სარკინიგზო ხიდზე ძლიერმა აფეთქებამ ხიდის შუა ნაწილი 10 საჟენის სიგრძეზე ჩააქცია. დივერსიამ ხიდზე ყოველგვარი გადაადგილება შეაჩერა. საქმეს ისე ეტყობოდა, რომ დივერსანტები საკმაო ხანს უთვალთვალებდნენ გარემოს და მოხერხებულად ისარგებლეს ხიდზე ინგლისელი მცველების არყოფნით.

ქართული მხარე სასწრაფოდ შეუდგა ხიდის აღდგენას, რაშიც ბრიტანელებმაც გამოთქვეს დახმარების სურვილი. ადგილზე დანაშაულის გამოსაძიებლად თბილისიდან და ქუთაისიდან იუსტიციის და პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფები ჩავიდნენ.

თბილისიდან სპეციალური მისიით იქნა მივლინებული სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია, რომელმაც ეჭვით 10 მესაზღვრე დააკავა და მათი დაკითხვით ერთ-ერთი მესაზღვრის – კონსტანტინე კუზნეცოვის კვალზე გავიდა, რომელიც აფეთქების შემდეგ მიიმალა. კუზნეცოვი ფაჩულიამ სამტრედიაში დააპატიმრა.

საქმის მასალებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მალე გამოცდილ პოლიციელს დანაშაულის ორგანიზატორებზე სრული ინფორმაცია ჰქონდა. აფეთქების ორგანიზატორებად ბოლშევიკური იატაკქვეშეთის აქტიური მონაწილეები გერმანე ჯიბლაძე და აკაკი სურგულაძე გამოიკვეთნენ.

აკაკი სურგულაძის პირადობის მოწმობა

ამ ორეულის ანაბეჭდები ეტყობოდა მეორე საქმესაც.

30 აპრილს დღის პირველ საათზე ბათუმში ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრისკენ მიმავალ მოხალისეთა არმიის წარმომადგენელ გენერალ ვლადიმირ ლიახოვს უცნობმა თავდამსხმელებმა ზურგში რევოლვერი დაახალეს და მიიმალნენ. სასიკვდილოდ დაჭრილი გენერალი, რომელსაც ტყვიები ფილტვში ქონდა მოხვედრილი,  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქართველოს სპეცსამსახურებს უკვე საფუძველი ჰქონდათ ევარაუდათ, რომ ბოლშევიკები შეტევისთვის ემზადებოდნენ. დივერსიები ერთმანეთს გადაება და მათი სიხშირეც იზრდებოდა. თუმცა სპეცსამსახურები დროდადრო ახერხებდნენ ერთი ფეხით დაესწროთ ბოროტგანმზრახველებისთვის. ამის საწინდარს კი წარსული წარმატებული აგენტურული მუშაობა ქმნიდა.

ზემოთ აღწერილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, 1920 წლის მარტის დასაწყისში განსაკუთრებული რაზმის აგენტებმა ბოლშევიკების მებრძოლი ჯგუფი დააკავეს. ჯგუფში ჩანერგილმა განსაკუთრებული რაზმის აგენტმა გამოააშკარავა, რომ ბოლშევიკები ქუთაისთან ახლოს, სადგურ რიონის სარკინიგზო ხიდის აფეთქებას აპირებდნენ, მაშინ როდესაც წითელი არმია თბილისს შეუტევდა, რათა ქართული ჯარისა და გვარდიის ზურგი მოეშალათ. ეს თბილისზე მოსალოდნელი შეტევის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო.

კინტრიშთან და ბათუმში ბოლშევიკების გააქტიურების შემდეგ ხელისუფლებას დასაბუთებული ეჭვი შეექმნა, რომ რუსები დაუყოვნებლივ გადმოვიდოდნენ შეტევაზე.

ასეც მოხდა, საბჭოთა რუსეთის კომპლექსური სადაზვერვო-დივერსიული მოქმედება 1920 წლის მაისის დასაწყისში აზერბაიჯანის მხრიდან ღია საბრძოლო შეტევაში გადაიზარდა.

პარალელურად, ბოლშევიკების მებრძოლი ჯგუფი თბილისში სამხედრო სკოლას დაესხა თავს, რომელიც იუნკრებმა და მათივე მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ჩხეიძემ მოიგერიეს.

სპეცსამსახურების მუშაობის შედეგიც იყო ის, რომ ქართული ჯარი და სახალხო გვარდია მომზადებული დახვდა მტერს. ჯარისკაცებმა მძიმე ბრძოლებში დიდი დანაკარგი მიაყენეს წითელი არმიის დანაყოფებს. სულ ცოტა ხნის წინათ, ჩრდილო კავკასიაში წარმატებით გათამამებული წითელარმიელები დამარცხდნენ როგორც ფარულ, ასევე ღია საბრძოლო მოქმედებებში და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

ამას ისიც დაემატა, რომ დასავლეთის ფრონტზე წითელ არმიას არც პოლონეთში მისდიოდა კარგად საქმე. საქართველოზე ღია შეტევის წარუმატებლობამ აიძულა მოსკოვი კომპრომისი მოეძებნა იმ დროს რუსეთში მყოფ საქართველოს დელეგაციასთან.

1920 წლის 7 მაისს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ღია საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და დროებით მშვიდობამ დაისადგურა.

თუმცა კრემლს ფარულ მოქმედებებზე ხელის აღება არც კი უფიქრია. მათი მორიგი სამიზნე უკვე გამოკვეთილი იყო – აფხაზეთი. ქართული სპეცსამსახურების მიერ ეჭვმიტანილების – ჯიბლაძისა სურგულაძის კვალიც იქეთ მიდის.

1 2 3 4 5შემდეგი გვერდი
Show More
Back to top button