რესპუბლიკის ამბები

შვეიცარიული პრესა: საბჭოთა რუსეთს არ შეუძლია ქართველ ხალხში ჩააქროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცეცხლი

ევროპის პრესა საქართველოს შესახებ

საქართველოს რესპუბლიკა  (მეოთხე წლის თავი)

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 ივლისი, N24.

ასეთი სათაურით შვეიცარიის გაზეთ „დემოკრატში“ მოთავსებულია მეთაური წერილი 26 მაისის თარიღით.

რევოლიუციის პირველ ხანებში საქართველო არ ფიქრობდა რუსეთისაგან გამოყოფას – „ჩვენ მივდიოდით რუსეთის პროლეტარიატთან ერთათ 1917 წ. ოქტომბრამდე, განუცხადა ჭიაბრიშვილმა [ანდრია ჭიაბრიშვილი – სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი მეთაური – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] საქართველოს მუშათა საბჭოების სახელით ევროპის სოციალისტებს, რომელთაც ინახულეს საქართველო 1920 წელს, მაგრამ როცა ბოლშევიკებმა მოისურვეს დემოკრატიის პრინციპების უარყოფა, ჩვენ მათ ამაში არ გავყევით“.

და საქართველოს საკუთარი გზით წავიდა. შემდეგ წერილში მოთხრობილია ისტორია კავკასიის კომისარიატის შედგენის, სეიმის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, თათრების [ოსმალების] შესვლა ბათუმში და დამოუკიდებლობის გამოცხადება ჯერ ამიერ-კავკასიის, 22 აპრილს და შემდეგ მისი დარღვევისა აზერბაიჯანის ოსმალურ ორიენტაციის გამო.  – საქართველოსი 26 მაისი 1918 წელს. გაზეთი აღნიშნავს, რომ  ეს რესპუბლიკა სავსე სიცოცხლით და შემოქმედებით – უნარით, ცნობილ იქნა, როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა რუსეთისაგან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით და პირობა მიეცა, რომ თავს არავითარ შემთხვევაში არ დაესხმოდენ. შემდეგ წელში 27 იანვარს იგი ცნო ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა იურიდიულათ. მაგრამ ბოლშევიკებმა დაარღვიეს თავის სიტყვა და ვითომდა ბოლშევიკურ რევოლუციის დახმარების მომიზეზებით შეესიენ საქართველოს კორპუსი რუსის ჯარით და ოსმალთა არმიის დახმარებით. ნამდვილათ კი ეს იყო ყველაზე უხეში იმპერიალისტური თავდასხმა.

 ყველა ქვეყნის სოციალისტებმა, გარდა ბოლშევიკებზე დაქვემდებარებულ კომუნისტთა ჯგუფებისა, დაგმო ასეთი პოლიტიკა საბჭოთა რუსეთისა საქართველოს მიმართ. ბრანტინგმა [შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი] მორჰეიმმა, ჟორჟ რენოსმა [ფრანაგი იურისტი, პროფესორი, სოციალისტი] ამ აქტს უწოდეს „ერთი ერის ყელის გამოჭრა“.

ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების სოც. პარტიებმა გამოიტანეს საპროტესტო რეზოლუციები, მეორე ინტერნაციონალმა და რეკონსტრუქტორებმა მოითხოვეს რუსის ჯარი დაუყოვნებლივ გაყვანა საქართველოდან და მისი ხალხისთვის თავისუფალ არჩევნებით თავის ნებისყოფის გამოთქმის უფლების მინიჭება. ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ვანდერველდე ენერგიულათ მოთხოვდა საქართველოს განთავისუფლებას ბოლშევიკების რეჟიმისაგან. მაგრამ ბოლშევიკებს არ სურდათ ხელიდან გაეშვათ თავის ნადავლი.

მაგრამ რუსეთის გარდა არავის დავიწყებია, რომ რუსეთმა იცნო დამოუკიდებლობა საქართველოს რესპუბლიკისა და მის უზრუნველყოფას დაპირდა, მოკავშირე დახელმწიფოებსაც, როგორც სჩანს კარგად ვერ დაუხსომებიათ თავის გადაწყვეტილება 27 იანვარს 1921 წელს მიღებული; მათ არც კი მოიწვიეს გენუის კონფერენციაზე საქართველო.

და აი საქართველოს დამოუკიდებლობის მეოთხე წლის თავზე ჩვენ გვინდა მოვაგონოთ ყველა იმათ, ვინც იცავს იმ სიმართლეს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი და თავისუფალი წინააღმდეგ ბოლშევიკების ძალადობისა.

ზევსმა კავკასიის მთაზე მიაჯაჭვა პრომეთეოსი, მაგრამ ხელი მაინც ვერ შეუშალა მას მიეწოდებია ადამიანთათვის ცეცხლი, რომელიც ციდან მოიტაცა… რუსეთის დღევანდელ დიქტატორებს შეუძლიათ სტანჯონ ქართველი ხალხი, მაგრამ არ შეუძლიათ ჩააქროს ცეცხლი, თავისუფლებისთვის შეწირული, რომელიც რუსეთის რევოლუციამ დაანთო მათ გულებში.

ანდრე მადეი

მსგავსი/Related

Back to top button