ახალი ამბები

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი C-130 11 ნოემბერს აზერბაიჯანიდან აფრენის შემდეგ საქართველოში ჩამოვარდა.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით“, – განაცხადა შსს-მ.

სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც „საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ჩამოვარდნის ფაქტი და განაცხადა, რომ „სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით“.

მედიის რამდენიმე დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა.

This post is also available in: English

Back to top button