skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

ჯორჯ ჰიუიტი სიტყვით წარსდგება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე?

გაბრიელ ჩუბინიძე, ისტორიკოსი

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველო მეცნიერებათა აკადემიაში, სამეცნიერო კონფერენცია “საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი IV” გაიმართება. სიტყვით გამომსვლელთა შორის, ასევე არის ბრიტანელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი ჯორჯ ჰიუიტი, რომელიც მოხსენებასთან ერთად, სხდომის თავმჯდომარეობასაც გასწევს.

ჯერჯერობით არ ვიცით, პირადად აპირებს ბატონი ჰიუიტი თბილისში ჩამოსვლას, თუ ვიდეო ხაზით ჩაერთვება. პირველ შემთხვევაში ეს ოკუპაციის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევა იქნება, რადგან ის არაერთხელაა ნამყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია – მის მოხსენებას ასევე დაესწრებიან მეცნიერებათა აკადემიაში შემორჩენილი საბჭოთა ინტელიგენციისა და ისტორიკოსების ნაწილი, ვინც, ალბათ თავად აკრიტიკებდა 1989 წელს და ბრალს დებდა აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერაში.

ჯორჯ ჰიუიტი, საქართველოსა და ქართველებს კარგად იცნობს, ბოლოს და ბოლოს ის თბილისს პირველად ჯერ კიდევ 1975 წელს ესტუმრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში განაგრძო სწავლა. ჰიუიტი ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ცოლიც აქვე შეირთო, ოჩამჩირელი აფხაზი.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვასთან ერთად, ჯორჯ ჰიუიტი პირდაპირ ჩაერთო ქართულ-აფხაზურ აკადემიურ დავებში. 1989 წლის ზაფხულში, როცა აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული, მან აფხაზურ გაზეთში გამოაქვეყნა წერილი ქართველებისადმი, რომელშიც ის სრულად იმეორებდა აფხაზურ სეპარატისტულ ისტორიულ ნარატივებს.

15-16 ივლისს, აფხაზეთში დატრიალებული სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, უკვე ქართულად თარგმნილი წერილი დაიბეჭდა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” სათაურით – “უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებებზე – ღია წერილი ქართველებს”.

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ჰიუტი საკუთარ წერილში, ფაქტობრივად, იმეორებს აფხაზი ისტორიკოსების ნარატივებს, წარმოაჩენს აფხაზეთის ისტორიას ქართველების წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლად. საკუთარ წერილში ის გამოჰყოფს შემდეგ თემებს: ე.წ. ქართული ენის დაცვის პროექტი, რომლის შეფარული მიზანი, მისი აზრით, ეთნიკური უმცირესობთათვის იდენტობის წართმევაა; სტალინის პერიოდში აფხაზური სკოლების დახურვა და აფხაზების გაქართველების პოლიტიკა; ქართველების მხრიდან აფხაზების პერმამენტული ჩაგვრა; მეგრელების ქართველებისგან გამოყოფა.

ავტორი, ასევე აკრიტიკებდა ე.წ. ინგოროყვას თეორიასაც. პავლე ინგოროყვა საკუთარ წიგნში “გიორგი მერჩულე” აფხაზებს ჩამოსულ ტომად მიიჩნევს და მათ არამკვიდრ ხალხად აცხადებდა. ამ თეორიას მრავალი ნაკლი აქვს და მეტწილად უარყოფილია თავად ქართველი ისტორიკოსების მიერ, თუმცა იმ დროს ის უკიდურესად პოპულარული იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუმცაღა, ჰიუიტი, მეორე უკიდურესობაში გადაეშვა – ის შეფარულად ანვითარებს იმ რადიკალურ (და აფხაზი ისტორიკოსებისთვის წამყვან) თეორიას, რომლის თანახმადაც ქართველები აფხაზეთში ისტორიულად საერთოდ არ ყოფილან.

ჰიუიტის სტატიას, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ტელევიზიასა თუ პრესაში, თითქმის ყოველდღიურად იბეჭდებოდა საპასუხო სტატიები. მხოლოდ “ლიტერატურულ საქართველოში” მაშინ ცხრა საპასუხო წერილი გამოქვეყნდა. ავტორები იყვნენ ბესარიონ ჯორბენაძე; ნანა დავითაშვილი, ოთარ წულეისკირი, ოთარ ჭილაძე და სხვები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ დროინდელი ქართველი ისტორიკოსები თუ ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხშირად, თავადვე იყვნენ სხვადასხვა რადიკალური და მეცნიერულად აზრს მოკლებული იდეების გამავრცელებლები.

სწორედ მათ მიერ უსაფუძვლოდ, მკაცრად, იქნა გაკრიტიკებული (და დაგმობილიც კი) ისტორიკოს რონალდ გრეგორ სუნის წიგნი “ქართველი ერის შექმნა” (Making of the Georgian Nation). მოცემულ წიგნში, ავტორი, დასავლურ აკადემიურ სკოლებში შექმნილი თანამედროვე თეორიების გამოყენებით, ცდილობდა ახლებურად წარმოეჩინა ქართველი ერის ფორმირების პროცესი. მისი მიდგომა, დღემდე წამყვან თეორიულ ჩარჩოდ მიიჩნევა, თუმცა საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობის გამო მაშინ სრულად უცხო იყო ქართველი მეცნიერებისთვის და კრიტიკაც ამას დაეფუძნა.

თუმცა განსხვავებით რონალდ სუნის ნაშრომისგან, ჯორჯ ჰიუიტის სტატია არათუ არ წარმოადგენდა ისტორიოგრაფიის დასავლური სკოლის მაგალითს, არამედ ერთი-ერთში იმეორებდა სწორედ აფხაზი ისტორიკოსების ნარატივებს.

ჰიუიტის ცალსახა ცალმხრივობა, განსაკუთრებით ცხადი გახდა აფხაზეთის ომისა და მის შემდგომ, როცა მან პირდაპირ და ღიად დაუჭირა მხარი აფხაზურ სეპარატიზმს. მეტიც, 1993 წლიდან ის თავს წარმოაჩენს, როგორც აფხაზეთის საპატიო კონსული ბრიტანეთში, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა მის ამ სტატუსს არ აღიარებს. ჰიუიტი მრავალჯერ იმყოფებოდა აფხაზეთში, მეგობრობს ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებთან, მათ შორის ესწრებოდა რუსეთის მიერ, 2008 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისადმი მიძღვნილ ზეიმს. მისი სტატიები დღესაც სავსეა მეტ-ნაკლებად შეფარული ქართველოფობიური იდეებით. მის მიერ შექმნილი ინტერნეტ გვერდი Abkhazworld.com ღიად და დაუფარავად ავრცელებს ანტიქართულ იდეებს.

ჰიუიტი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ქართველებს შეეგუონ რუსულ ოკუპაციას – “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – საბჭოთა საქართველო აღარ არსებობს, ხოლო მისი ტერიტორიალური მთლიანობა აღარ აღდგება. რუსეთმა აღიარა ეს ფაქტი; საქართველომაც იგივე უნდა ქნას და იმოძრაოს პირდაპირ, სანამ კიდევ სხვა რეგიონი არ გამოეყოფა!” [წყარო: AbkhazWorld.com – George Hewitt: The accelerated recognition of Georgia helped to instigate the ethno-political conflicts]. თავის მხრივ, ჰიუიტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების იდეალურ სცენარად მიიჩნევს, თუ საქართველო შეურიგდება აფხაზეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას (წყარო – Abkhazworld.com – Abkhazia, Georgia, and history: a response, by George Hewitt)

მაშ ასე, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, 2024 წლის 25 სექტემბერს საქართველოს მეცნიერების აკადემიის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეცნიერი, რომელიც უკვე, თითქმის 35 წელია ებრძვის საქართველოს.

მსგავსი/Related

Back to top button