skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი თბილისი, 1975: წერეთლის და არა წერეთელის

გაზეთი თბილისი 29.03.1975

რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” წარმოადგენდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთს. მასში ძირითადად იწერებოდა ქალაქის ამბები, სიახლეები თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები.

დედაენის სიწმინდისთვის: წერეთლის და არა წერეთელის

ჩვენი დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას ბევრ ადგილას სახელწოდება მცდარად აწერია.დიდუბეში,მაგალითად, ზოგად “წერეთელის პროსპექტს” ვკითხულობთ, რაც სწორი არ არის. გვარი “წერეთელი” სალიტერატურო ენაში ნათესაობით ბრუნვაში იკუმშება ამიტომ უნდა იყოს წერეთლის, ისევე როგორც მაჩაბლის, ცაგარლის და სხვა. მართებული არ არის აგრეთვე ასეთი წარწერები: აბასთუმანის, ყვარელის, ჩარგალი ქუჩები, უნდა გასწორდეს ასე: აბასთუმნის, ყვარლის ჩარგლის და ა.შ.

დუშეთის რაიონში არსებობს სოფელი ჭოპორტი, თბილისის ერთ-ერთი ქუჩის წარწერა კი ეს სახელწოდება შემდეგნაირად დაუმახინჯებიათ “ჩოპორტი”!

ქალაქის ბევრ კლუბთან კულტურის სახლთან შექმნილია და მოქმედებს მანქანაზე ბეჭდვის შემსწავლელი კურსები. სამწუხაროდ, ყველგან მცდარად წერია: “საბეჭდ მანქანაზე წერის კურსები”, ნუთუ წერასა და ბეჭდვას ერთმანეთისგან ვერ უნდა ვარჩევდეთ?!

ჩვენს პრესაში უკვე საკმაო ხანია გასწორდა ფოტოსურათების წარწერები. ინვერსიული წყობის ნაცვლად, რაც ენისთვის ბუნებრივი არ არის, დამკვიდრდა ისეთი შესიტყვება, როგორიც ცოცხალ სასაუბრო ენაშია მიღებული: ხერხეულიძის ფოტო, გოგოხიას ფოტო და ა.შ. მაგრამ ჩვენს თეატრალურ აფიშებზე კვლავ ინვერსიული წყობა ბატონობს: “დადგმა ქართველიშვილისა, მუსიკა მილოროვასი, ლიბრეტო გრუზნკისა და სხვა.

დროა ასეთი უხერხულობანი გამოსწორდეს!

ბ.ნიშნიანიძე

მსგავსი/Related

Back to top button