ძველი ამბები

საქართველო ბოლშევიკთაგან თავდაცვისთვის ემზადება – გამოცხადდა მობილიზაცია

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 აპრილი, N94

რესპუბლიკის დაცვის საბჭო

ოფიციალური ცნობა

რესპუბლიკის საზღვრებში შექმნილ პირობების გამო, მთავრობამ დაადგინა შეიქმნას „რესპუბლიკის დაცვის საბჭო“ მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით. საბჭოში შევლენ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა  მინისტრი ნოე რამიშვილი და გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ყველა შეიარაღებულ ძალების მთავარსარდალი, სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი, სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი ვალიკო ჯუღელი.

რესპუბლიკის ყველა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლათ დაინიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე

სამხედრო წესები

საბჭოს დადგენილებით გამოცხადებულია სამხედრო წესები ქ. ტფილისში და მაზრებში: ტფილისის, სიღნაღის, თელავის, ბორჩალოს, თიანეთის, დუშეთის, გორის, ახალციხის და ახალქალაქის.

მობილიზაცია

გამოცხადებულია მობილიზაცია 1888, 1889, 1894 და 1895 წლებში დაბადებულთა.

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

რესპუბლიკის დაცვის საბჭოს თავმჯდომარე

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button