skip to content
რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

ჰააგის კონფერენცია: დასავლეთის სახელმწიფოებმა საბჭოთა ხელისუფლება კვლავ არ აღიარეს

გააგა

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 ივლისი, N24, პარიზი.

რედაქციისაგან: გენუის კონფერენცია 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე მიმდინარეობდა. კონფერენციის ძირითადი მიზანი ომის შემდგომ ევროპაში ძირითადი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება იყო. კონფერენციაში მონაწილეობას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დაყენებას ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობაც. გენუის კონფერენციამ შედეგს ვერ მიაღწია და მოლაპარაკებები 1922 წლის ზაფხულში ჰააგაში გაგრძელდა.

უკანასკნელი „მეგობარიც“ ეცლება ხელიდან მოსკოვის კომუნისტურ რეჟიმს. ცხადია ყველა გრძნობს მის აღსასრულის მოახლებას და არავის სურს მის ჭირისუფლათ რიცხვში ითვლებოდეს…

გააგის მუსაიფი დასრულდა თავაზიანი გამომშვიდობებით. ლიტვინოვის [საბჭოთა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის (გიორგი ჩიჩერინის) მოადგილე  – რედ.] ბაქიაობამ და „სიკაჟემ“-აც ის შედეგი მოიტანა, რაც ჩიჩერინის „მოქნილმა“ დიპლომატიამ. ვერც ამას უშველა მეფესთან ხლებამ, ვერც პირველის [ჩიჩერინს] კომუნიზმის ლოცვანის გაზეპირებამ. ევროპა და ბოლშევიზმი ორი შეურიგებელი და მიუკარებელი პოლუსი აღმოჩნდა. არც ფული რუსეთს, არც ვალების ცნობა და კერძო საკუთრების დაბრუნება დასავლეთს. დამდურებული დაშორდნენ ერთმანეთს ორი მხარე. [1917 წლისათვის რუსეთის იმპერიას ევროპის სახელმწიფოებისაგან ათეულობით მილიონი მანეთის ვალი ჰქონდა აღებული, ომის მიმდინარეობისას ვალების მოცულობა გაიზარდა, იმპერიის ნგრევის შემდეგ ევროპა ცდილობდა ვალი საბჭოთა რუსეთისაგან დაებრუნებინა, თუმცა უშედეგოდ. საბჭოთა რუსეთი თავის თავს არ მიიჩნევდა რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ და უარს აცხადებდა ვალების დაბრუნებაზე – რედ.]

ვინ წააგო ამით?

ევროპა ვალს ბოლშევიკებიდან პრინციპიალურათ თუ მიიღებდა, თორემ პრაქტიკულათ აბა რას ეღირსებოდა? ძველი აეღო კი არა, ახალი უნდა მიეცა პირიქით, რომ ბოლშევიკებისთვის სული მოებრუნებია. მაშასადამე ამ მხრივ ამ საკითხს უფრო თეორიტიული და თუ გნებავთ ერთგვარ იურიდიული მნიშვნელობა ქონდა და ამ ვალის ქაღალდების წვრილ ევროპიელ მეპატრონეთა ფსიხოლოგიურათ დასამუშვიდებლათ ვინემ რეალური. გადახდა ამ ვალის ბოლოს მაინც ბოლშევიკების მემკვიდრეებს მოუწევს, რომელნიც ვალსაც იცნობენ და რომელსაც ევროპაც იცნობს. ასევე საკითხი კერძო საკუთრების შესახებ. კიდეც რომ დაებრუნებინათ იგი დღეს ბოლშევიკებს ევროპელებისთვის, იქ მათი აღდგენა და ამუშავება კომუნისტურ რეჟიმის პირობებში მაინც შეუძლებელი იყო. ხოლო შემდეგში, როცა მათი ამუშავების ხელსაყრელი პირობები მოვა, ცხადია, მათ ამა თუ იმ სახით დაუბრუნებენ და დააკმაყოფილებენ. ყველა შემთხვევაში ამის იმედი ჯერ არ დაკარგვია ევროპის კაპიტალს.

მაშასადამე ევროპიელთათვის იდგა საკითხი, მხოლოდ ახალ კონცენსიების უფლების მიღების, უმთავრესათ ნავთიან ადგილებზე დაპატრონების.

ამ ნიადაგზე ევროპიელი კაპიტალისტები მზათ იყვნენ ბოლშევიკური კონფისკაციებითაც ესარგებლათ, რომ თავის მოძმეთა ქონებაც ხელთ ეგდოთ. ცნობილია, რომ გამდიდრების საკითხში კაპიტალმა პრინციპების პატივისცემათ იმდენი იცის, რამდენიც სინდისის და მორალის. ამით აიხსნება ის, რომ გენუაში ზოგიერთმა ევროპიელებმაც წამოაყენეს რეზინისებური პრინციპი კონფისკაციის დაშვების სათანადო ანაზღაურებით. მაგრამ ამ ნიადაგზე საქმის კეთების საშუალება ევროპის კაპიტალს დღესაც არ დაუკარგვია. თუ ბოლშევიკებთან პირდაპირ მოლაპარაკება არ მოხერხდება, მათი მადის დაკმაყოფილება, ის სხვა გზას მოძებნის. ამ მხრივ მის ხელშია ევროპის სახელმწიფოთა ყველა ძალები…

ამ რიგათ ევროპისათვის მხოლოდ გამოირკვა და გამოაშკარავდა საკითხი: ბოლშევიკების ბატონობა და მათი რუსეთში მუშაობა ერთათ შეუთანხმებელია, მოუხერხებელია და აქედან სათანადო პოლიტიკური დასკვნები გაკეთდა.

სამაგიეროთ ბოლშევიკურმა რუსეთმა დაკარგა ყოველივე იმედი კრედიტის მიღების, კრემლის ბატონები შერჩენ თავის ნამუშევარის ამარა – ე. ი. ნანგრევთა შორის, სადაც შიმშილის ქარიშხალი დაღმუის და სნებათა საშინელებანი მძვინვარებს.

კომუნიზმმა ამ კონფერენციების განმავლობაში დაკარგა ის ერთ-ერთი მოსაჩვენებელი კაპიტალიც, რომელიც მას გააჩნდა მყვირალა კომუნისტური ლოზუნგების სახით. მან ყოველივე ეს უკვე გენუაში დაახურდავა, და გააგაში სავაჭროთ მიიტანა; და ამიტომ კონფერენციიდან ლიტვინოვი დღეს ბრუნდება მორალურათ უფრო დაცემული და გარიყული, ვინემ ოდესმე. ევროპის კაპიტალისტები მან ვერ შეიძინა, ხოლო მუშები კი საბოლოოთ ჩამოიშორა. ვენის ინტერნაციონალი, რომელიც დღემდე კიდევ უწვდიდა მათ ხელს, როგორც ვითომდა რევოლიუციონერებს და მუშათა იდეოლოგებს, დღეს საბოლოოთ შორდება როგორც გაკოტრებულთ იდეურათ და ნდობა დაკარგულთ მუშათა შორის.

აი ეს მოიტანა გენუამ და გააგამ. არასოდეს არ ყოფილა რუსის კომუნისტები ისე განცალკევებული და მოძულებული, როგორც დღეს.

წინეთ მას ქონდა ბლოკადა სამხედრო ძალებით, მაგრამ მორალური თანაგრძნობა ევროპის ფართე მასსებში მის მხარეზე იყო. დღეს მას დღეს-დღეობით მაინც იარაღით არავინ არ არტყამს გარს, მაგრამ მორალურათ ყველასაგან მიტოვებულია, როგორც ზნეობრივი ბანკროტი, რომლის თანამოაზიარობა და თანაპასუხისმგებლობა ყველა თავის-თავის პატივისმცემელთათვის მიუღებელია.

და ამის შემდეგ გასაკვირველი არაა, რომ თვით ლ. ჯორჯიც [დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი], რომელიც მთავარი ავტორია გენუის და გააგის კონფერენციების, რომელიც პირდებოდა მოსკოვის დიქტატორებს ცნობას და ევროპასთან შერიგებას, თემთა პალატაში, 28 ივლისს, გარკვეულათ და გადაჭრით აცხადებს: „ბოლშევიკების ცნობა, როგორც კანონიერი მთავრობის ინგლისს არ მოუტანდა არავითარ სარგებელს, ხოლო იგი მავნებელი იქნებოდა თვით რუსეთისთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ბოლშევიკებთან, უნდა მოგახსენოთ, რომ მათ წინანდელი სოციალისტური მთავრობა ჩამოაგდეს არა დემოკრატიული არჩევნებით, არამედ მხოლოდ ძალით, გადატრიალების მოხდენით. პატარა უმცირესობა დაეპატრონა ხელისუფლებას და განაგებს მას იარაღით, ხიშტებით. თვით რუსის ხალხი მას არ სცნობს, და თუ ემორჩილება, მხოლოდ იძულებით. ბოლშევიკებმა ამ ხუთი წლის განმავლობაში ყოველი უბედურება მიაყენეს ქვეყანას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება: გამანადგურებელი ომები, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, შიმშილი, სნება, ცხადია მისი მდგომარეობა არ გამოსწორდება. სანამ რუსეთი არ დაუბრუნდება კულტურულ ხალხთა ოჯახს. მაგრამ როგორ შეიძლება ეს? ბოლშევიკების ცნობით? სრულიადაც არა. საუკეთესო დიპლომატებიც რომ გავაგზავნოთ მოსკოვში, მას არც ერთი ვაჭარი, არც ერთი ბანკირი არ გაყვება, სანამ საბჭოთა მთავრობა არ შემოიღებს ისეთ პირობებს, რომელიც საჭიროა რუსეთის რეკონსტრუქციისათვის. რუსეთის აღდგენა შეუძლიათ იმათ, ვინც წინეთაც იყო დაინტერესებული რუსეთში საქმეებით, ე. ი. ძველათ ომის წინ იქ მომუშავე კაპიტალისტურ წრეებს. და სანამ მათი საკუთრება არ არის ცნობილი, განა ისინი წავლენ იქ სამუშაოთ?“

აი ესაა გააგის შედეგი. უკანასკნელი „მეგობარიც“ ეცლება ხელიდან მოსკოვის კომუნისტურ რეჟიმს. ცხადია ყველა გრძნობს მის აღსასრულის მოახლებას და არავის სურს მის ჭირისუფლათ რიცხვში ითვლებოდეს…

[რ]

მსგავსი/Related

Back to top button