ძველი ამბები

აპრილ-მაისი, 1922: საქართველოს საკითხი გენუის კონფერენციაზე

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 ივლისი, N23, პარიზი.

რა მოგვიტანა გენუამ?

რედაქციისაგან: გენუის კონფერენცია 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე მიმდინარეობდა. კონფერენციის ძირითადი მიზანი ომის შემდგომ ევროპაში ძირითადი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება იყო. კონფერენციაში მონაწილეობას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დაყენებას ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობაც. გენუის კონფერენციამ შედეგს ვერ მიაღწია და მოლაპარაკებები 1922 წლის ზაფხულში ჰააგაში გაგრძელდა.

ხალხი ხშირათ ილუზიებით ცხოვრობს, განსაკუთრებით იქ, სადაც მეტი გაჭირვებაა. და საქართველოში ხომ ისე, როგორც რუსეთში, უბედურების ალმური ტრიალებს. და ყოველი დიდი, მსოფლიო ხასიათის მოვლენიდან დაჩაგრული ხალხი თავის უსამართლო ხვედრის გამოსწორებას მოელის, განა კაცობრიობა არ შეხედავ მის მწარე ბედს, მის ბედშაობას, ძალმომრეობით, მოტყუებით ხიშტით მიყენებულს და არ იტყვის სვინდისს ქვეშ მის სასარგებლო სიტყვებს? ნუ თუ უკანონობა, უსამართლობა, ადამიანის და ერის ელემენტარულ უფლებათა გათელვა ასე მუქთათ ჩაუვლის გალაღებულ თავდამსხმელთ?

და გენუის კონფერენციაც ხომ ერთი ასეთი დიდი მოვლენათაგანი იყო, რომელსაც ევროპისთვის სამუდამო ზავი და ეკონომიური თანამშრომლობა უნდა მოეტანა, ხოლო მეზობლებისთვის უფრო ძლიერი მეზობლისაგან დაფარვა და უშიშროება. ეს იყო სპეკულაციური მე-6 მუხლი ამ კონფერენციის მოწვევის წინასწარი პირობის.

და ჩვენ ღრმათ გვრწამს ქართველი ხალხიც ელოდა ბევრ რამეს.

მართლაც გენუამ ვერ აუარა გვერდი საქართველოს, ვერ გადაუდგა განზე მის საკითხს.

მაგრამ მან შეიძლება ვერ მოგვცა ის, რაზედაც ოცნებობდა ბევრი: თავის დახსნა ბოლშევიკურ ბარბაროსებისაგან, მათ ვერ გააყვანინეს ჯარი რუსეთს. კიდევ მეტი, მან ვერც კი შეაჩერა სვანეთზე თავდასხმა, თუმცა მოსთხოვა იგი ჩიჩერინს.

ერთი სიტყვით, მან რეალურათ ვერ გამოასწორა იმ უკუღმართობის შედეგი, იმ სისხლიანი ეპოქის ნაყოფი, რომელიც თებერვლის თავდასხმაში და თავისუფალი ქვეყნის უხეშათ დაპყრობაში გამოიხატა.

და ეს არც შეიძლებოდა მოეცა. არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობა სამართლიანობის პრინციპზე კიდევ ლაპარაკობს, მაგრამ მის განხორციელებაზე დიდათ თავს არ იტკივებს. მისი მამოძრავებელია არა ეს ჰუმანიური პრინციპი ადამიანთა კულტურის შემუშავებული, არამედ მშრალი ეგოიზმი, – ანგარიშიანი დაცვა თავის ინტერესების და მხოლოდ ამის.

სხვა ქვეყანასა და ერზე ზრუნავენ და ლაპარაკობენ იმდენათ, რამდენათ ეს მათ საკუთარ ინტერესს ემსახურება, ეთანხმება, ისე მაგალითათ, როგორც მექარხნე ზრუნავს თავის მუშების სიცოცხლეზე მხოლოდ იმისთვის, რომ უმუშახელოთ არ დარჩეს მისი ქარხანა, და მათ ადამიანურ უფლებებს კი არას დაგიდევს.

საქართველოს გარშემოც წარმომდგარი დავა – ამ თვალსაზრისით იქნა განხილული და შეფასებული ყველა ქვეყნებისაგან. ძალთა ჭიდილი, ინტერესთან შეხლა-შემოხლა იყო მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. ჩვენი საკითხის და მხოლოდ ეს. მარტო მუშათა კლასს შეუძლია დღეს თავის მოქმედებაში მომავლის ბრწყინვალე პერსპექტივებით და საკაცობრიო იდეალებით იხელმძღვანელოს. მხოლოდ მას შერჩა პრინციპიალურ სიმაღლეზე ასვლის და უსამართლობასთან შებრძოლების უნარი, თუნდაც იგი პირდაპირ მას არ ეხებოდეს.

და საქართველოსაც ამიტომ უანგარო დამცველი მხოლოდ ამ კლასის მასსა და მოღვაწეთა შორის გამოუჩნდა. სავალალოთ და სამწუხაროთ მათი ხმა და გავლენა საკმაოთ არ ისმოდა გენუაში. ისინი არ იყვნენ იქ ისეთი ფაქტორი, რომელთაც შეეძლო დიდი კვალის დაჩენა. ბურჟუაზიული სახელმწიფოები კი მოქმედებენ სულ სხვა ანგარიშებით.

ამას ადვილათ დაინახავს მკითხველი, თუ გადაათვალიერებს ყველა იმ ცნობებს, რომელიც ჩვენ გაზეთში იყო მოთავსებული გენუის შესახებ. მაშასადამე, ჩვენი დიპლომატიას უნდა მთელი თავის ძალღონით ემუშავნა, რომ რაიმე სასარგებლო შედეგები მიეღო, და აი რას მიაღწია მან.

ბოლშევიკები საქართველოს თავის მოკავშირე, თუ მონაწილე რესპუბლიკათ სთვლიდენ, მის წარმომადგენლობას თავის აგენტს ბუდუ მდივანს და ბატონ ჩიჩერინს აკისრებდენ. ამის მიღება კონფერენციისგან იქნებოდა ჩვენი დაპყრობის დადასტურება. კონფერენციამ ეს უარყო, მაშასადამე ამით საბოლოოთ და მტკიცეთ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი არ არის, რომ იგი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. განაცხადა, რომ ბოლშევიკების ჯარის შესვლა ამ ქვეყანაში არ ქმნის მათთვის რაიმე უფლებას. საქართველოზე იგი უკანონოა, უსამართლოა, და რომ ჯარით შექმნილი მართველობა საქართველოს მთავრობათ არ ჩაითვლება, ერთი სიტყვით, უარყო ის, რასაც ბოლშევიკები წინეთ და შემდეგაც მთელი თავის ენერგიით ცდილობდენ მიეღწიათ. და ამ რიგათ საერთაშორისო მასშტაბით, ნათლად დასურათდდა მდგომარეობა საქართველოსი, როგორც დამოუკიდებელი, მაგრამ დღეს უკანონოთ დაკავებულის უცხო ჯარის მიერ, ხოლო წარმომადგენლობის უფლება – ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილ, დღეს საფრანგეთში მყოფ მთავრობას მიეკუთვნა.

ეს არის თუ გნებავთ ჩვენს საკითხში ყველა ბურუსის გაფანტვა, მოსკოვის მიერ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული აგიტაციის გაცუდება, ტროცკის ფილიპიკების უკუგდება, მათი საერთოთ დაგმობა და გაბაიბურება. ეს არის საქართველოს იმ უფლებათა აღიარება, რომელიც მან სამი წლის არსებობით და სახელმწიფოებრივი შემოქმედების გამოჩენით დაიმსახურა. ეს არის შედეგი წარსულის და გამართლება დღევანდელი გაალმასებული ბრძოლის, იმ სასტიკი და ერთსულოვანი წინააღმდეგობის, რომელიც ქართველმა ერმა ასეთი განსაცვიფრებელი სახით გამოიჩინა. პოლიტიკურმა მოღვაწეობამ ჩვენი დიპლომატიისა შესძლო ეს ხალხის ნამოქმედარი აღებეჭდა და დაედასტურებინა, მისთვის სათანადო შეფასება მიეცა საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის იურიდიულათ და მორალურათ ჩვენი საქმის წინ წამოწევა და ოკუპანტების უკან დახევა, მათი პრეტენზიების გაცუდება, მათი ძალმომრეობის ბოროტმოქმედებათ აღიარება.

მაგრამ ეს კიდევ არ არის იმ ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის გათავისუფლება, რომელსაც უცხო ჯარის უხეში ქუსლი აყენებს მთელ ხალხს. ოკუპაცია ისევ რჩება, ძალადობა ისე გრძელდება, მოძალადეები ისევ განაგრძობენ ფაქტიურ ბატონობას. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც დიპლომატიის და პოლიტიკური მუშაობის შესაძლებლობას აღემატება. საერთაშორისო ურთიერთობას არა აქვს დღემდე და არც ექნება დიდხნას, ისეთი ორგანო და საშვალებები, რომ მშვიდობიანი გზით გაასწოროს ჩადენილი უკუღმართობა. ამისთვის სულ სხვა გზები და საშუალებები არსებობს…

Back to top button