ახალი ამბები

არასამთავრობოები მმართველ გუნდს მოუწოდებენ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს დაუბრუნდეს 

22 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) მმართველ გუნდს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებით პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართოს.

დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და მზარდია პოლარიზაცია საზოგადოებაში, რასაც წინაასარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე უარყოფითი გავლენა ექნება.

არასამთავრობოების შეფასებით, ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

„ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება. ეს ნაბიჯი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“, – ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გასული წლის 14 ნოემბერს ჩააგდო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა თემაზე კონსენსუსი ამ დრომდე მიღწეული არ არის.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button