ევროპამთავარი თემა

პოლონეთი | “სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა აგურ-აგურ გვიწევს”

ადამ ბოდნარი პოლონეთის ახალი იუსტიციის მინისტრი და, ამავე დროს, გენერალური პროკურორია. ის საქმიანობას 2023 წლის დეკემბერში შეუდგა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტუსკის გარშემო შეკრებილმა კოალიციამ “კანონისა და სამართლიანობის” მმართველობა დაასრულა. ბოდნარი 2015-2021 წლებში სამოქალაქო უფლებათა დამცველი გახლდათ. დღეს ის აღიარებს, რომ მის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ბოდნართან ფრანგულმა “ლე მონდმა” ჩაწერა. მინისტრს ვარშავაში იაკუბ ივანიუკი ესაუბრა.

პოლონეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია სატელეფონო ზარების მოსასმენი პროგრამა “პეგასუსის” გამოყენების საქმემ. რას გვეუბნება ეს სკანდალი წინა მთავრობის მმართველობის მეთოდების შესახებ?

ჩემი თვალთახედვით, ეს ამბავი მოზაიკის მხოლოდ ერთი ელემენტია, რომელიც უფრო ფართო კონტექსტის შესახებ გვიყვება – ანუ 2015 წლიდან [როცა “კანონი და სამართლიანობა” მოვიდა მთავრობაში] უნგრული მოდელით ავტორიტარული სისტემის მშენებლობის შესახებ, სადაც მოსმენები, რეპრესიებისა და დაშინების გარკვეული ფორმები მმართველობის მეთოდად გამოიყენებოდა.

ყოველივე ეს დაუსჯელობის ძლიერ სინდრომთან იყო დაკავშირებული, თითქოს ამის შესახებ ვერავინ ვერასოდეს შეიტყობდა, თითქოს “კანონი და სამართლიანობა” უსასრულოდ აპირებდა მთავრობაში დარჩენას.

ამ პროგრამის გამოყენება სადაზვერვო სამსახურების, პროკურატურისა და სასამართლოების პარტიული გავლენის ქვეშ მოქცევის ერთ-ერთი სიმპტომია, თუმცა “პეგასუსის” საქმეს ალბათ სხვებზე უფრო დიდი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. თუკი შეეძლოთ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის უფროსის, პროკურორის, ცნობილი ადვოკატის საუბრის მიყურადება, ესე იგი არ არსებობდა არანაირი ზღვარი, პოლიტიკური ოპონენტების წონასწორობიდან გამოსაყვანად ყველაფერზე მიდიოდნენ. ჩვენ გვინდა ყველაფერი ეს გავარკვიოთ და გამოვასწოროთ.

თქვენ ევროკომისიას წარუდგინეთ გეგმა, რომლის საფუძველზეც აპირებთ სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენას პოლონეთში. ამის საფუძველზე პოლონეთს კვლავ მიეცა ევროპული ფონდების გამოყენების საშუალება. რაში მდგომარეობს “ბოდნარის გეგმა”?

უნდა მივიღოთ კანონების პაკეტი, რომელიც პოლონეთში სასამართლო სისტემის მოქმედების საკანონმდებლო ჩარჩოს ჩვენივე კონსტიტუციისა და ევროპული სტანდარტების ფარგლებში დააბრუნებს. ამ კანონმდებლობით, პოლონეთი ხელახლა აღიარებს ევროპის სამართლის სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს. პოლონური დემოკრატიის საყრდენი სვეტები – უმაღლესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საკონსტიტუციო ტრიბუნალი ხელახლა უნდა მოვიდნენ კონსტიტუციურ წესრიგთან შესაბამისობაში, აღარ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ ისინი პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. აუცილებელია ასევე საერთო სასამართლოებისა და პროკურატურის გამოსწორება.

ეს ყველაფერი რთული საქმეა, რადგან ჩვენ არა გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, სისტემური კანონები რომ შევცვალოთ. პრეზიდენტ ანჟეი დუდას [“კანონისა და სამართლიანობის” წევრი] შეუძლია ვეტო დაადოს ჩვენ მიერ მიღებულ კანონებს. საკონსტიტუციო ტრიბუნალსაც შეუძლია ამ ცვლილებების ბლოკირება, რადგან ის წინა მთავრობის მიერ პოლიტიზებულ ინსტრუმენტად იქცა.

თუმცა არსებობს პატიოსანი მოსამართლეების უმრავლესობა, როლებსაც არ სურდათ წინა მთავრობების მემკვიდრეობასთან შერიგება. ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლო სისტემა პასუხობდეს საკონსტიტუციო მოთხოვნებს და სურთ, რომ წინა მანკიერი სისტემის შემქმნელები დაისაჯონ. ჩემი ამოცანაა ამ რთულ კონტექსტში გზის გაგნება, ამგვარ განსხვავებულ მოლოდინებზე რეაგირება.

ბევრი ამბობს, რომ არსებული სისტემის რეფორმირება კანონთან სრულ შესაბამისობაში ვერ გამოდის, თუ გავითვალისწინებთ სისტემაში ჩაშენებულ დაცვის მექანიზმებს. ზოგიერთი იურისტი ამის გამო გაკრიტიკებთ კიდეც…

ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, სამართლებრივი დასაბუთება აქვს. ბარიერების მიუხედავად, ვცდილობ გამოვიყენო არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა, არ დაველოდო უფრო ღრმა საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა სწრაფად გვქონდეს ხელშესახები შედეგები. ზოგი იმის გამოც მაკრიტიკებს, ზედმეტად ნელა ირჯები და უფრო მტკიცე ხელია საჭიროო!

სამ თვეში უკვე ბევრი მოვასწარით. ჩემი პირველი ამოცანა იყო, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მათ კოლეგებს დაესახელებინათ და პოლიტიკური ნიშნით არ დანიშნულიყვნენ. ჩვენ მტკიცენი ვიქნებით, ანგარიშს მოვთხოვთ მათ, ვინც გასვრილია წარსულ გადაცდენებში, მაგრამ, მეორე მხრივ, მხარს დავუჭერთ მათ, ვინც ამ რთული წლების განმავლობაში წნეხს გაუძლო.

რას უპირებთ საკონსტიტუციო ტრიბუნალს, რომელსაც პარლამენტში ორი მესამედის საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე ვერ შეცვლით?

ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო რეზოლუცია, რომლითაც ეჭვქვეშ დავაყენეთ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მუშაობის კანონიერება და ვთქვით, რომ ის ვეღარ ასრულებს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რამდენიმე მოსამართლე უკანონოდაა ამ ტრიბუნალში, ხოლო თავმჯდომარე კი არალეგიტიმურია.

დიახ, ოღონდ ეს მხოლოდ რეზოლუციაა, რომელსაც კანონის ძალა არა აქვს და ტრიბუნალი კი მუშაობას აგრძელებს…

დიახ, აგრძელებს, მაგრამ რეზოლუცია საშუალებას გვაძლევს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი გადაწყვეტილებები. შესამჩნევია ისიც, რომ ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ ტრიბუნალმა მნიშვნელოვნად შეამცირა საქმიანობა. მოვა დრო და მოგვიწევს კანონის მიღება, რომელიც ნორმასთან შესაბამისობაში მოიყვანს ამ ინსტიტუტსაც. საჭირო იქნება, ასე ვთქვათ, “საკონსტიტუციო გადატვირთვა”, როგორც გაჭედილ კომპიუტერს ვუშვრებით ხოლმე. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ამის გასაკეთებლად შესაძლებლობის ფანჯარა მოგვეცემა.

ამასობაში, ახლახან მივიღეთ კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, ინსტიტუტისა, რომლის ამოცანაცაა მოსამართლეების დასახელება. ამ კანონსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი წინამორბედების განხორციელებული ცვლილებებით, საბჭოს საპარლამენტო უმრავლესობა აკომპლექტებდა. ჩვენ დავუბრუნეთ მოსამართლეებს უფლება, თავად აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, ამით გვინდა უზრუნველვყოთ, რომ მომავალში დანიშნული მოსამართლეები არ იქნებიან პოლიტიზებულნი.

ასეა თუ ისე, სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა აგურ-აგურ გვიწევს, ნაბიჯს წინ იქ ვდგამთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ხშირად ჩვენი მოქალაქეებისათვის სასამართლო სისტემისადმი ნდობა დამოკიდებულია არა ზოგადი, ინსტიტუციური არქიტექტურის სიჯანსაღეზე, არამედ კონკრეტულ, ყოველდღიურ ურთიერთობაზე, რომელიც მათ აქვთ ამ სისტემასთან. აი, ამ სფეროში ბევრი რამის გაკეთების საშუალება დღესვე გვაქვს.

როგორ აპირებთ პასუხი მოსთხოვოთ წინა უმრავლესობას?

ჩვენ ჯერაც არსებული შესაძლებლობებისა და ჩვენს განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტების შეფასების ეტაპზე ვართ. მუშაობა დაიწყო სამმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. პროკურატურაც ემზადება, ტარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკები. ვვარაუდობთ, რომ საპარლამენტო კომისიების მუშაობა კონკრეტული სარჩელებით დასრულდება და პროკურორები მზად იქნებიან, ამ სარჩელებს მისდიონ.

საზოგადოებაში არსებობს სწრაფი შედეგების მოლოდინი. ჩვენი ძალისხმევა თვალსაჩინო იქნება, მაგრამ პროკურორები კანონთან შესაბამისობაში უნდა მოქმედებდნენ. როგორც გენერალურ პროკურორს, მე გამაჩნია საზედამხედველო ფუნქცია, მაგრამ ამავე დროს თავშეკავებული უნდა ვიყო, რადგან გამომძიებელმა პროკურორებმა დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ.

ყველა ამ საქმეში, რომელთა ნაწილიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას, კორუფციას ეხება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი და თანაც მაქსიმალური გულმოდგინებით. გადაცდომები იმდენად კოლოსალურია, რომ არ გვაქვს უფლება, საქმე სანახევროდ გავაკეთოთ. ოღონდ არც პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაა ჩვენი ამოცანა და არც შურისძიების სულისკვეთებით მოქმედება. მთავარია, ადამიანებმა, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება, თავიანთი პასუხისმგებლობის ტვირთი შეიგრძნონ.

ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

პირველწყარო
En Pologne, « il faut rétablir l’Etat de droit pas à pas »

მსგავსი/Related

Back to top button