ინტერვიურვეულებიშეხვედრების რვეული

რა არის მარტოობა? – ინტერვიუ ელენე ჯაფარიძესთან

მარტოობა და მისგან გამოწვეული განცდები არაერთხელ ქცეულა შთაგონებად ხელოვნებასა თუ ლიტერატურაში. ხშირად განსაკუთრებულ ემოციებს სწორედ ისეთი ლექსები, სიმღერები თუ სხვა სახის ნაწარმოებები აღგვიძრავს, რომლებიც მარტოობას ეხება და მისგან არის ხოლმე ნასაზრდოები. თუმცა საკითხმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა ბოლო ხანებში, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მარტოობას უფრო ხშირად განიხილავენ საზოგადოებრივ პრობლემად, მსოფლიოს წამყვანმა ჯანდაცვის სპეციალისტებმა კი განგაშის ზარს შემოკრეს, შიშობენ რა, რომ მარტოობა არაერთ დაავადებას იწვევს და ადამიანთა ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

თუმცა რაზე ვსაუბრობთ, როცა მარტოობაზე ვსაუბრობთ? რა განასხვავებს მას განმარტოებისგან? როდისაა იგი ცალკეულ ადამიანთა გასაჭირი და რა აქცევს მას საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემად? ამ და სხვა საკითხებზე “რვეულები” ელენე ჯაფარიძეს, ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს, ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუს ქვემოთ გთავაზობთ:

ნინი გაბრიჭიძე, “რვეულები”: მოგესალმებით და გმადლობთ, რომ ჩვენთან სასაუბროდ დროის გამონახვა შეძელით. ხომ არ დავიწყოთ განმარტებით: რას ვგულისხმობთ, როცა მარტოობაზე ვსაუბრობთ? არის ეს უფრო ფიზიკური მდგომარეობა – გარე სამყაროსგან მოწყვეტა და გარშემო ახლობელი ადამიანების არყოლა – თუ ვაწყდებით მას უფრო ემოციურ, განცდის დონეზე?

ელენე ჯაფარიძე: ძალიან ხშირად, სიტყვა „მარტოობის“ გაგონება იწვევს ნეგატიურ ასოციაციას, განცდას, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დისკომფორტში, მოწყენილი, სევდიანი, დეპრესიული. გააჩნია, რომელი განზომილებიდან შევხედავთ: ვფიქრობ, განვასხვაოთ და განვმარტოთ მარტოობა და განმარტოება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია მარტოობას განმარტავს, როგორც ემოციურ და კოგნიტურ დისკომფორტს ან შფოთვას იმაზე, რომ მე მარტო ვარ ან საკუთარ თავს მარტოდ და იზოლირებულად აღვიქვამ. ეს შეიძლება იყოს რაციონალური, როცა მე მართლაც მარტო ვარ – მაგალითად, ვარ ფიზიკურად იზოლირებული. მეორე შემთხვევა კი ისაა, რომ მე მაქვს მარტოობის განცდა, მაშინაც კი, თუკი მე სულაც არ ვარ მარტო და გარშემო ძალიან ბევრი ხალხი მყავს.

თავად მარტოობა, ანუ მარტოობის განცდა საკმაოდ მძიმე განცდაა და რამდენიმე ასპექტი აქვს. ერთია, როცა მე განსხვავებულად ვგრძნობ თავს იმ სოციუმისგან, რომელშიც ვარ, შესაბამისად, მაქვს განცდა, რომ არ ვარ დანახული, არ ვარ გაგებული ან არ შევესაბამები გარკვეულ სტანდარტებს ან მოთხოვნებს. მარტოობის განცდა ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული სირცხვილის განცდასთან, რომ მე როგორღაც სხვანაირი ვარ, დეფექტური ვარ, ვერ ვჯდები იმ კლასიფიკაციაში, რომელიც მგონია, რომ არსებობს, ან რეალურადაც არსებობს.

განმარტოების დროს სიამოვნებას იმიტომ განვიცდი, რომ მე ჩემს თავთან დარჩენა კომფორტულად შემიძლია, მე საკუთარ თავთან კონტაქტის არ მეშინია, მე ვაკონტროლებ ამ პროცესს

ელენე ჯაფარიძე

მე თავს შეიძლება მარტო ვგრძნობდე მეგობრებში, კოლექტივში, პარტნიორთან ურთიერთობაში და ეს ყველაფერი არა ფიზიკური, არამედ ემოციური მარტოობაა. ამას თან ახლავს უამრავი სიმპტომატიკა – როგორც ემოციური, ასევე ქცევითი. არსებობს  მარტოობის შედეგად განვითარებული ქცევების კლასიფიკაცია. ასეთი ქცევები ვითარდება როგორც ფიზიკურად მარტო ყოფნის გამო, ასევე მარტოობის შეგრძნების გამოც. ემოციური ნაწილით განპირობებულ ქცევებს შორის არის ზედმეტი ძილი, ხშირად ჭარბი კვებაც, გარკვეული ანტიდეპრესანტების, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ასევე არის აქტივობები, რომლებსაც ადამიანი ფიზიკურად მარტო ყოფნის დროს მიმართავს ხოლმე, რათა მარტო არ იყოს – იქნება ეს წერა, მუსიკის მოსმენა, სპორტით დაკავება თუ რაიმე ახლის სწავლა.

ასევე, ერთ-ერთი საინტერესო ქცევითი ფენომენია ფულის ხარჯვაც. ამ დროს ცდილობ, ალტერნატიული განცდა იყიდო, არასაჭირო ნივთებში დახარჯო ფული, რათა ამოავსო ის სიცარიელე, რომელიც მარტოობას მოაქვს. ხშირად ხდება, როცა თერაპიაზე მოსულ ადამიანს კითხვას ვუბრუნებ ხოლმე – გშველის კი შოპინგი, შოპაჰოლიზმი? ის კი მპასუხობს, რომ არა, თავს კიდევ უარესად ვგრძნობ, რადგან სინამდვილეში მას სულ სხვა შიმშილი აქვს და არასწორი ხერხით ცდილობს ამ შიმშილის ამოვსებას. მარტოობის ამოსავსებად პრინციპში ყველაზე რაციონალური ქცევაა კონტაქტების ძიება, როდესაც ადამიანი  მარტოობის განცდის ან იზოლაციის დაძლევას ურთიერთობებით, კონტაქტებით, მეგობრებით, სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობით ცდილობს. ეს ყველაზე ადეკვატური ნაბიჯია. თუმცა ამას ადამიანები ხშირად ონლაინ აკეთებენ ხოლმე, ონლაინ ურთიერთობები კი მაინც უფრო ზედაპირულია და ამის გამო ვერ ხერხდება მარტოობის შიმშილის სრულიად დაკმაყოფილება.

რა არის კავშირი ან განსხვავება მარტოობასა და განმარტოებას შორის?

განმარტოება ფიზიკური პროცესია, როცა მე არჩევანს ვაკეთებ, რომ ცოტა ხნით ფიზიკურად მარტო ვიყო, საკუთარ თავთან დავრჩე და ამ დროს რაღაც გავაკეთო. ან სულაც არაფერი გავაკეთო და, უბრალოდ, გადავამუშაო გარკვეული ფიქრები, განცდები, აზრები, გამოვიყენო დრო თვითრეფლექსიისთვის, საკუთარ თავთან კონტაქტისთვის. ამ დროს მე შეიძლება სულაც არ ვგრძნობდე თავს მარტოდ ან მარტოსულად. პირიქით, ეს შეიძლება ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი პროცესი იყოს. განსაკუთრებით, როცა რაიმე შემოქმედებით ან სამეცნიერო საქმიანობასთან მაქვს კავშირი, ძალიან მნიშვნელოვანია განმარტოების ფენომენი, ამ დროს მჭირდება აზრი. მე მჭირდება ფიზიკური იზოლაცია, რომელიც თავისუფალია ხელის შემშლელი ფაქტორებისგან, რათა რაღაც დავასრულო, მოვამწიფო, ანდაც დავბადო, გავაჩინო.

მარტოობა კი არის სევდიანი პროცესი, როცა მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ განცდისგან გავიქცე. ასეთ დროს ისევ საკუთარი ხატის, საკუთარი იდენტობის აღქმასთან მივდივართ: განმარტოების დროს სიამოვნებას იმიტომ განვიცდი, რომ მე ჩემს თავთან დარჩენა კომფორტულად შემიძლია, მე საკუთარ თავთან კონტაქტის არ მეშინია, მე ვაკონტროლებ ამ პროცესს. ეს თავად სიტყვაშიც ჩანს, თითქოს აქტორი მე ვარ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ზმნაა – ავდექი და განვმარტოვდი. ხოლო თუკი მარტოობას შევხედავთ, ეს თითქოს ერთგვარი სტატიკური მდგომარეობაა, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

ხშირად გვესმის მარტოობის შიშის შესახებ, ანუ მომავალში მარტო დარჩენის შიშის შესახებ. საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს შიში და ძირითადად რისი გვეშინია ხოლმე ამ დროს?

არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად, რაციონალურად აქვთ მიზეზი, რომ შეიძლება მარტო რჩებოდნენ და ამასთან დაკავშირებულ დისკომფორტსაც განიცდიდნენ – მარტო რას როგორ გავუმკლავდები? ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად რაციონალური შიში, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მეორე ადამიანი სჭირდება, რათა გადარჩეს. და არსებობს ირაციონალური შიშიც, როცა მე მყავს ბევრი მეგობარი, ოჯახის წევრი, მაგრამ მარტოობის შიში მაინც არ მტოვებს.

არსებობს ქრონიკული მარტოობა და სიტუაციური მარტოობა. ეს უკანასკნელი გარკვეულ სიტუაციებში ჩნდება, როგორიცაა ახლობელი ადამიანის დაკარგვა ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და ისეთ ადგილზე გადასვლა, სადაც არავის ვიცნობ და ვარ მარტო. ასეთივე მდგომარეობაა სამსახურის დატოვება და პენსიაზე გასვლა, როცა ჩემი სოციალური კავშირები ვიწროვდება და მე აღარ მაქვს ის კონტაქტები, რომლებიც ადრე მქონდა. არის ქრონიკული დაავადებების შედეგად გამოწვეული მარტოობის განცდაც, როდესაც დიდი ხნით ვარ ჩაკეტილი და იზოლირებული, რადგან ფიზიკურად ვარ შეზღუდული.

ადამიანის კეთილდღეობისთვის ხარისხიან კომუნიკაციას წამყვანი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი გულისხმობს დანახულობის, გაგების, მოსმენის განცდას.

მაგრამ როცა ქრონიკულად განვიცდი მარტოობას, ეს უკვე კონკრეტულ ფსიქოლოგიურ ფენომენს, გარკვეულ ტრავმებს, ბავშვობის დროინდელ გამოცდილებებს უკავშირდება. მაგალითად, ფსიქოდინამიკური თეორია მარტოობას ხსნის, როგორც მდგომარეობას, როცა მოხდა ბავშვსა და მშობელს შორის განშორება და ეს ტრავმული იყო. მაშინ, როცა ბავშვი მზად არ იყო ამ განშორებისთვის, როცა ბავშვს მიჯაჭვულობის დიდი მოთხოვნილება ჰქონდა, რათა თავი უსაფრთხოდ ეგრძნო, ხომ არ მოხდა რაღაც, საიდანაც მოდის ეს ძალიან დიდი შიში? ყველაზე უსუსურები და მოწყვლადები ჩვენ ბავშვობაში ვართ, რადგან ჩვენ თუ არ მოგვხედეს და მარტო დაგვტოვეს, ჩვენ მოვკვდებით.

ეს შიში სიკვდილის შიშის ტოლფასია: მარტო რომ ვყოფილიყავით, ევოლუციურად აქამდე ვერ მოვიდოდით. ადამიანს სჭირდებოდა ადამიანები, კონკრეტული კოლექტივი, რომლის ნაწილიც იქნებოდა, რათა მტერს გამკლავებოდა, ცხოველს არ შეეჭამა. გამოქვაბულიდან რომ გამოვდივარ, უნდა ვიცოდე, რომ ჩემ გარდა სხვებიც არიან და დამიცავენ. ეს ერთგვარი თავდაცვითი შიშიც არის. ის მიჯაჭვულობაც, რომლის დაუოკებელი განცდითაც ბავშვი იბადება და რა განცდაც დედასაც უჩნდება ბავშვის მიმართ, არის გადამრჩენელი: ამის გარეშე დედა ბავშვს დატოვებს და ჩვილი ვეღარ გადარჩება.

კოგნიტური ფსიქოლოგია კი მარტოობას ჩვენს სუბიექტურ აღქმად ხედავს. მას აინტერესებს, თუ როგორ ვაფასებ ჩემს თავს იმ სოციალურ კონტაქტებში, რომელშიც ვარ, რამდენად მიმაჩნია ჩემივე სუბიექტური აღქმით, რომ ეს კონტაქტები საკმარისია, რამდენად ვაფასებ ჩემს თავს, რომ დანახული და გაგებული ვარ – განსაკუთრებით, იმ მნიშვნელოვანი ადამიანების მიერ, რომლებიც გარშემო მყავს. მე შეიძლება 2-3 ადამიანი მყავდეს, რომლებსაც ისე ესმოდეთ ჩემი და იმხელა დანახულობის განცდას მაძლევდნენ, რომ ათასმა კაცმა ვერ გამიგოს, მაგრამ ეს ჩემთვის ტრაგიკული არ იყოს. ასევე არის რეალური, ფიზიკური იზოლაციის მდგომარეობა, როცა მართლა მარტო ვარ და სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავარ.

მათთვის, ვისაც ძალიან ეშინია მარტოობის, ეს ყოველთვის კავშირშია საკუთარი თავის მიუღებლობასთან.

ფსიქოლოგიური მიმართულებებიდან მარტოობის განცდას ძალიან საინტერესოდ უყურებს ეგზისტენციალური თერაპია. ის არ სვამს კითხვას, თუ როგორ გამოვიდეთ მარტოობიდან ან როგორ დავამარცხოთ მარტოობა.  ეგზისტენციალური მიდგომა იკვლევს, თუ რა ხდება ამ მარტოობაში, როგორი ვარ მარტოობისას და რა არის იმის მიზეზი, რომ მე მუდმივად ვცდილობ, რომ მარტოობას გავექცე: რატომ ვშფოთავ, რატომ მემართება სხვადასხვა ტიპის დაავადებები. ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს კორელაციას მარტოობის განცდასა და დეპრესიას შორის, მარტოობის განცდასა და შფოთვით აშლილობას შორის, მარტოობის განცდასა და ფსიქოსომატურ, გულსისხლძარღვთა, გასტროენტეროლოგიურ, ნევროლოგიურ დაავადებებს შორის. ეს ეხება როგორც მარტოობის ფიზიკურ, ასევე აღქმით განზომილებასაც. მე ისე ვდარდობ, ისე განვიცდი, რომ მთელი ეს სიმპტომატიკა ფიზიკურ დონეზეც მემართება.

რა პრობლემითაც არ უნდა მოვიდნენ კლიენტები ჩემთან, როგორც ფსიქოთერაპევტთან, თუკი ისინი ხანგრძლივად რჩებიან თერაპიაში, ჩვენ აუცილებლად მივდივართ გარკვეულ მომენტში მარტოობის განცდამდე. მათთვის, ვისაც ძალიან ეშინია მარტოობის, ეს ყოველთვის კავშირშია საკუთარი თავის მიუღებლობასთან. იმდენად რთულია საკუთარ თავთან შეხვედრა და იმდენად არ უნდა მას საკუთარ თავთან შეხვედრა, რომ ამას ყველანაირად გაურბის და, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, იგი ამ გაქცევის დროს თავს ყველაზე მარტოდ გრძნობს.

ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მარტოობა გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემად აღიარა და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კომისიაც კი შექმნა. მსგავსი წუხილები ისმის დასავლური ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენლებისგანაც, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიიდან მოყოლებული. როდის შეიძლება მივიჩნიოთ მარტოობა ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილად ან თუნდაც ინდივიდუალურ საკითხად და როდის იქცევა იგი უკვე ჯანმრთელობის ფართო პრობლემად?

მსოფლიოს მასშტაბით კვლევები აჩვენებს, რომ მთავარ რისკჯგუფს, როცა საქმე მარტოობას ეხება, წარმოადგენენ ხანდაზმული ადამიანები, არასრულწლოვანები, ახალბედა მშობლები, განსაკუთრებით მარტოხელა დედები, და LGBTQ თემის წარმომადგენლები. ჩვენს ქვეყანაში იზოლაციის ინდექსის გამოთვლა და მარტოობის სკალებით კვლევა ნაკლებად ხდება, მაგრამ კარგი სტატისტიკოსი და მკვლევარი ყოველთვის ხედავს კორელაციას ზოგად ფონსა და მარტოობის დონეს შორის. სოციალური იზოლაციის ინდექსი ძალიან მარტივი, ხუთპუნქტიანი სკალაა, რომელიც გეკითხება, თვეში რამდენჯერ გვაქვს ოჯახის წევრთან, მეგობართან, პარტნიორთან, თანამშრომელთან, ნაცნობთან ურთიერთობა. რისთვის გვჭირდება ამ ინდექსის ცოდნა? როცა ჩვენ ვიცით იზოლაციის ინდექსი, ეს უკვე აჩვენებს, მართლა იზოლირებული ვართ თუ მარტოობის განცდა ფსიქოლოგიურია.

შესაბამისად, იგივე, პანდემიის დროს ეს საყოველთაო საკითხი იყო. ფიზიკურმა იზოლაციამ, განსაკუთრებით კი რისკჯგუფში მყოფი ადამიანების, გამოიწვია ძალიან ბევრი დაავადების გამოწვევა თუ არა, გაღვივება მაინც. ჯანდაცვის პოლიტიკა ყურადღებას უნდა აქცევდეს ასეთ საკითხებს, რადგან ჯანდაცვის პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ დაავადებათა სიმპტომების აღრიცხვას. პოლიტიკა მთელი სურათის სისტემურ აღქმას უნდა ითვალისწინებდეს.

პანდემიის დროს ეს საყოველთაო საკითხი იყო. ფიზიკურმა იზოლაციამ, განსაკუთრებით კი რისკჯგუფში მყოფი ადამიანების, გამოიწვია ძალიან ბევრი დაავადების გამოწვევა თუ არა, გაღვივება მაინც.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფსიქოლოგთან მოსულ ადამიანსაც, რომელიც ფსიქოლოგიური მარტოობის განცდის გამო მოდის, მე აუცილებლად ვუსვამ კითხვას, თუ როგორია მისი რეალური მხარდამჭერი გარემო – ცხოვრობს თუ არა იგი მარტო, ახლახან ხომ არ გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად ან, თუკი უცხოეთიდან მერთვება, როდის გადავიდა იმ ქალაქში. თუ კონტექსტს ვიწრო ფსიქოპათოლოგიური ჩარჩოდან შევხედავთ, ბევრი რეალური ფაქტორი მხედველობის მიღმა დაგვრჩება.

მე თუ გავიგე, რომ თერაპიაზე მოსულმა ადამიანმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და გადავიდა უცხო ქვეყანაში, სხვანაირად ვაწყობ სამუშაო სტრატეგიას. უკვე იმაზე ვსაუბრობთ, ხომ არ ვცადოთ ახალი კონტაქტების აგება, ჯგუფის წევრობა, თუნდაც ემიგრანტებს შორის, სადაც ძალიან ახლობელი ადამიანის პოვნაა შესაძლებელი, რომლებთანაც თავიდან იმ საერთო განცდების ფონზე ახლოვდები, რომლებიც მათ გაიზიარეს. შემდეგ შეიძლება ამ ყველაფერმა გაიაროს და არ განვითარდეს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და ა.შ.

WHO-ს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებში საინტერესო ასევე ის იყო, რომ იმსხვრევა წარმოდგენა, თითქოს “მარტოობა” მასშტაბური პრობლემა მხოლოდ დასავლური, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების მოსახლეობისთვის არის. როგორც ჩანს, ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა კუთხეში აწუხებთ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალურად სხვაობა “მარტოობის” მასშტაბებსა და ტიპებში ეკონომიკურად უფრო განვითარებულ სახელმწიფოებსა და საქართველოსნაირ ქვეყნებს შორის?

საქართველოში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე სოციალური ურთიერთობები ძალიან შეიცვალა. ის ურთიერთობები, რომლებიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, როცა ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებობდა ეზო, სადაც ყველა მეზობელი ერთმანეთთან გადაძახილ-გადმოძახილში იყო, სადაც არ ითვლებოდა, რომ ვინმეს კარზე უნდა დაეკაკუნებინა, სანამ სხვასთან სახლში შევიდოდა, აღარ არის. საზღვრების თემა გაჩნდა, რაც ერთი მხრივ კარგია – იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი დისკომფორტი მოჰქონდა იმას, რომ შენთან გაუფრთხილებლად მოდიოდნენ.

მორიგი ფაქტორი, რომელმაც მარტოობის განცდა ძალიან გაზარდა, არის დისტანციური დასაქმების პოპულარიზაცია. პანდემიის შემდეგ ზოგმა კომპანიამ თანამშრომლებს ნება დართო, რომ ოფისში აღარ გასულიყვნენ და სახლიდან ემუშავათ. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კომფორტულია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ძალიან ცხადი გახდა, რომ ძალიან მოიმატა პანდემიის დროს და მას შემდეგაც ადამიანების მომართვიანობამ. თუ სახლიდან მუშაობ, მაშინ უნდა დააბალანსო, სხვა ტიპის სოციალური ურთიერთობები უნდა გქონდეს. თუ ეს არ გაქვს, ძალიან რთულია, რომ მარტოობას არ განიცდიდე. შეიძლება ამას სახელს არ არქმევდე, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი გქონდეს.

პირისპირ შეხვედრისას გარკვეული ველი იქმნება. ჩვენ სათქმელს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფსიქოემოციურადაც ვცვლით, სადაც არის ჩემი მიმიკა, ჟესტები, ხმის ტემბრი, მახვილები ლაპარაკის დროს, თვალით კონტაქტი.

ადამიანი სოციალური არსებაა, ადამიანს ადამიანის გარეშე არ შეუძლია. ადამიანი მოკვდება ადამიანის გარეშე – როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადაც. ადამიანის კეთილდღეობისთვის ხარისხიან კომუნიკაციას წამყვანი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი გულისხმობს დანახულობის, გაგების, მოსმენის განცდას. ეს არ ნიშნავს, რომ მე ათას კაცთან უნდა მქონდეს ურთიერთობა, ან თუნდაც ოც კაცთან მქონდეს ვირტუალური ურთიერთობა. აქ ვსაუბრობთ ფიზიკურ ურთიერთობაზე, როცა მე შენ გხედავ, მე შენ გგრძნობ. ჩემ და შენ შორის პირისპირ შეხვედრისას გარკვეული ველი იქმნება. ჩვენ სათქმელს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფსიქოემოციურადაც ვცვლით, სადაც არის ჩემი მიმიკა, ჟესტები, ხმის ტემბრი, მახვილები ლაპარაკის დროს, თვალით კონტაქტი.

სადღაც 1970-იანი წლების ბოლოს ჩატარდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც დედა-შვილის ურთიერთობასა და მათ მიჯაჭვულობას იკვლევდა. კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვი რეაგირებს დედის გამომეტყველებაზე. თუ დედის გამომეტყველება გაშეშებულია, ბავშვი ამას განიცდის, უჩნდება საშინელი სირცხვილისა და მარტოობის განცდა მაშინაც კი, როცა დედა მის გვერდითაა. ეს შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ მთელი ჩემი „მე-ს“ გაგება ამაზე დგას. „მე“ გარემოსთან ურთიერთობის შედეგად ყალიბდება. ვინ ვარ „მე“, ამას ვსწავლობ დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების, შემდეგ კი უფრო მაკროსამყაროს რეაქციებით ჩემზე. თუ მე ამ რეაქციების მიღმა ვარ, მე უკვე კითხვის ნიშანი მიჩნდება იმაზე, თუ ვინ ვარ საერთოდ.

30 წლის მანძილზე საქართველოში გაჩნდა კომუნიკაციის გარკვეული, აქამდე არარსებული წესები, ადამიანებმა უფრო იზოლირებულად დაიწყეს ცხოვრება.

რომ შევაჯამოთ, 30 წლის მანძილზე საქართველოში გაჩნდა კომუნიკაციის გარკვეული, აქამდე არარსებული წესები, ადამიანებმა უფრო იზოლირებულად დაიწყეს ცხოვრება. სახლების მშენებლობასაც რომ შევხედოთ, რაც შეიძლება უფრო იზოლირებული ბინებია და აღარ გვაქვს ე.წ. იტალიური ეზოები, ერთმანეთში გამავალი ბინები, ერთმანეთში გამავალი ოთახები, რადგან არქიტექტურული მოთხოვნებიც კი შეიცვალა. საბჭოთა კავშირის დროს კედელი არ იყო, რომ კარები არ ჰქონოდა. ჩემს ძველ სახლში ყველა ოთახიდან ყველა ოთახში გადიოდი. დღეს უკვე ყველას უნდა თავისთვის ოთახი. ამან ყველას მისცა განმარტოების საშუალება. მაგრამ განმარტოება არჩევანია. თუკი ამ განმარტოებაში მტოვებ და მე არჩევანი აღარ მაქვს, მაშინ ეს უკვე მარტოობაა, მარტოობა კი მძიმე განცდაა.

ხომ არ ახლავს მარტოობას თან გარკვეული სტიგმაც? ხომ არ უჭირთ ადამიანებს იმის აღიარებაც, რომ თავს მარტო გრძნობენ? არის შესაძლებელი, რომ ამან კიდევ უფრო გააუარესოს პრობლემა, იქნება ეს ინდივიდუალურად თუ საზოგადოებრივ დონეზე?

მარტოობას იმდენად სტიგმა არა, მაგრამ სირცხვილის განცდა ახლავს ხოლმე თან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი ფიზიკურად მარტო არ არის. როცა მას ასეთი განცდისთვის რაციონალური მიზეზი არ აქვს, იგი ამ დროს თავს დისკომფორტში გრძნობს. როგორც დეპრესიის დროს ჩნდება ხოლმე ძალიან მაღალი სირცხვილის განცდა – მე ხომ ყველაფერი მაქვს, რა უფლება მაქვს, რომ მე ახლა დეპრესია მქონდეს? შედეგად კი ადამიანი ორმაგად იტანჯება როგორც დეპრესიით, ისევე ამას დამატებული სირცხვილითაც – რომ მე არ მჭირს რაღაც ის, რაც სხვას სჭირს, ვისაც მართლაც სერიოზული პრობლემა აქვს.

ზუსტად იგივე ფენომენი მხვდება ხოლმე მარტოობასთან დაკავშირებით. მოდის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ბევრი სოციალური კონტაქტი ჰყავს, სამსახური, ხელფასი აქვს, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობს და ამის თქმის, მეგობრებისთვის გაზიარების რცხვენია. ჩემი პასუხი არის ის, რომ მას რეალურად სხვა რაღაც შია, ამ შიმშილის დაკმაყოფილებას კი სრულიად სხვაგან ცდილობს. მოდი, გავარკვიოთ, მისი რა ნაწილია დეფიციტში, რომელიც ასე აგრძნობინებს თავს და იქნებ შემდეგ ამის ამოვსებას ეცადოს.

ყველაზე მეტად ადამიანებს ამის ეშინიათ, რომ თუ მე არ გამოვჩნდი ჩემი ყველაზე ლამაზი მხარით, მე განმდევნიან. და რა არის განდევნა? მარტოობაა.

სინამდვილეში, ხარისხიანი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვან პარამეტრებზე დგას. ერთია ინტელექტუალური ნაწილი, როცა მე და თქვენ ერთმანეთს ინტელექტუალურად ვუგებთ და ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ერთნაირად შეგვიძლია მსგავსი სირთულის საკითხების გაანალიზება. მეორეა ემოციური ნაწილი, სადაც მე შემიძლია დაგიტიოთ, თქვენი ემოციები არ გავაუფასურო, სადაც რა და როგორც არ უნდა გითხრა, მიღებული ვარ. მესამე კი არის ინტიმური ნაწილი, სადაც მე შეიძლება ჩემი არც თუ სახარბიელო კუთხით გამოვჩნდე, მაგრამ არ მეშინია, რომ მე უარმყოფენ.

ყველაზე მეტად ადამიანებს ამის ეშინიათ, რომ თუ მე არ გამოვჩნდი ჩემი ყველაზე ლამაზი მხარით, მე განმდევნიან. და რა არის განდევნა? მარტოობაა. ადამიანში ზის ეს შიში, რადგან ის უნდა გადარჩეს. არ არსებობს შიში, რომელიც ცალსახად ცუდია. ეს შიში იმისთვისაა, რომ გარკვეულწილად პრევენციული ქმედებებიც განახორციელო. ჩვენ რომ შიშები არ გვქონდეს, ჩვენ დავიხოცებით, ვერ გადავრჩებით და ვერ ვიზრუნებთ საკუთარ თავზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ ადამიანი გარკვეული ჯოგის, ჯგუფის ნაწილი ყოფილიყო, მას უნდა ჰქონოდა გარიყვის შიში, ის უნდა ყოფილიყო გარკვეულ ქმედებებზე პასუხისმგებელი, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა დაჰქვემდებარებოდა, რათა იმ ტომში ყოფილიყო მიღებული.

შესაბამისად, ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ იმისი, რომ მე თუ რამე ისეთი ვთქვი, რაც უმეტესობას არ მოეწონება, მე შეიძლება გამრიყონ. თუკი რაიმე პრეტენზია გამოვთქვი მაშინ, როცა რეალური მიზეზი არ მაქვს, ადამიანები ადგებიან და ზურგს შემაქცევენ. ამის გამო ისინი რჩებიან ისეთ მდგომარეობაში, რომელიც სინამდვილეში მათ თავს მარტო აგრძნობინებს. ხოლო ის წერტილი, საიდანაც ნებისმიერ შიშთან გამკლავება იწყება, არის აღიარება. მე შეიძლება ათას კაცს ვიცნობდე, მაგრამ ინტიმური ნაწილი ძალიან მშიერი მქონდეს, ამიტომ იქნებ ამ ათას კაცს თავი დავანებო და მოვძებნო ადგილი, სადაც ამ ნაწილის რეალიზება მოხდება. ან, პირიქით, შეიძლება ეს ინტიმური, ემოციური მოთხოვნილება დაკმაყოფილებული მაქვს, მაგრამ ჩემი ინტელექტუალურად არ ესმით. ან იქნებ ინტელექტუალურად ძალიან დაფასებული ვარ და ბევრი ადამიანი მყავს გარშემო, ვისაც ჩემი ესმის, მაგრამ ემოციურად ვერ მიტევენ, მაუფასურებენ და ა.შ.

მსგავსი/Related

Back to top button