შსს საზღვარგარეთ აქციების ძალადობრივი დარბევის პრაქტიკაზე საუბრობს და მომიტინგეებს მსგავსი ქმედებებით ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ 8 მაისს ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა „იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება“. მან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ შსს მსგავს „მკაცრ“ ზომებს გამოიყენებს „ძალადობრივი ქმედებების“ აღსაკვეთად.
კუპატაძემ განაცხადა, რომ ქართული პოლიცია აქციებისა და დემონსტრაციების დროს საერთაშორისო სტანდარტებით მიხედვით მოქმედებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად-თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
კუპატაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართველი სამართალდამცველები გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ. კუპატაძემ აღნიშნა, რომ ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
კუპატაძემ დამსწრეებს სხვადასხვა ქვეყანაში აქციების ძალადობრივი დარბევის ვიდეოებიც აჩვენა. „განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს“, – განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივი გახდა და რომ სპეცრაზმმა გამოიყენა „პროპორციული ძალა“ აქციების დასაშლელად.
„ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, – დასძინა კუპატაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/05/2024 – სუსი აქციების დროს „უცხოეთიდან დაფინანსებული პროვოკაციების“ შესახებ აფრთხილებს
- 07/05/2024 – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციის სისასტიკეზე გამოძიება მიმდინარეობს
- 02/05/2024 – პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 01/05/2024 – არასამთავრობოები: აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალა წამებას გაუტოლდა
- 01/05/2024 – მედიაომბუდსმენი ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)