skip to content
ახალი ამბები

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი საქართველოს სტუმრობს

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იოჰან ფორსელი საქართველოს სტუმრობს. 7 მაისს იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა ფორსელმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროქტის გარშემო განვითარებული მოვლენები იქნება საქართველოში მისი შეხვედრების მთავარი თემა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის პოზიციას, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარტნიორები განაგრძობენ და გააძლიერებენ მხარდაჭერას რეფორმებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ.

მინისტრ ფორსელთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი – მეტი თავისუფლება“) და ანა ბუჩუკურმა („საქართველოსთვის“) განაცხადეს, რომ მთავარი გზავნილი ისაა, რომ ამ კანონის პირობებში „საქართველო წინ ნაბიჯს ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს“.

დღესვე შვედეთის მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. პრემიერმა აღნიშნა, რომ „კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს“. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button