ახალი ამბები

არასამთავრობოები: სანქცირებული მოსამართლეები ანტი-კორუფციული შემოწმებისგან თავის დასაცავად სასამართლოს მიმართავენ

5 აპრილს, სამმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებული ორი მოსამართლე – მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ ისინი არასათანადო კონტროლს ახორციელებენ მოსამართლეებზე.

საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ 22 იანვარს განაცხადა, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური დამოუკიდებელი კომისია 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებდა. სიაში 27 მოსამართლე შედიოდა და მათ შორის იყვნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე, რომელთაც კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

არასამთავრობოების ინფორმაციით, მოსამართლეებმა, ლეილა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ოთხი მოსამართლის დეკლარაციების შემოწმება.

„კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.  

ორგანიზაციები მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც „მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას“.

განცხადებას ხელს აწერენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button