პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩია
პარლამენტმა 30 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 16. პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან.
11 აპრილს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ცესკოს წევრების შესარჩევ კომისიაში წევრობა შეიჩერა. იგივე გააკეთა კომისიაში წარმოდგენილმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც. კალანდარიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
მანამდე, 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა შეიცვალა. ცვლილებებით ასევე გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვის იყო განკუთვნილი. ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. მართალია პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო, მმართველმა უმრავლესობამ ვეტო დაძლია და ცვლილებები ოფიციალურად ძალაში შევიდა.
ცვლილებები ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, ვინაიდან, მათი თქმით, ცვლილებები მხოლოდ ზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ცესკოზე და ძირს უთხრის ინსტიტუტის ნეიტრალურობას. მათ ასევე განაცხადეს, რომ ცვლილებები არ შეესაბამება ევროკომისიის ცხრა პირობას და რომ მმართველი პარტია უგულებელყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც აშკარად ამ ცვლილებების მიღების წინააღმდეგია.
29 აპრილს გამართულ აქციაზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ საკითხს გულისხმობდა, როდესაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია „გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას“, და რომ მათი მოთხოვნები „ საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)