skip to content
ახალი ამბები

400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს გმობს

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 8 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „კატეგორიულად“ ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. 400-ზე მეტი ორგანიზაცია ხელისუფლებას პარლამენტიდან კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს ხალხისთვის მიცემული „სიტყვა გატეხა“ და რომ მის მიერ „ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ“. ორგანიზაციების თქმით, მათი მუშაობის შეჩერება „დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს“.

„ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს“, – ნათქვამია განცხადებაში. „ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ“.

ორგანიზაციები შეახსენებენ საზოგადოებას, რომ გასულ წელს კანონპროექტი დაგმეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, რომელთაც „კანონის გაწვევის შემდეგ ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება“. მათი თქმით, ეს კანონპროექტი „სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია“, რომლის მიღებაც შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. „ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button