ახალი ამბები

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

Tags

ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო.  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობის მხარდაჭერა ჰქონდა (44 დეპუტატი). შესაბამისად, კანონპოექტის მისაღებად ქართულ ოცნებას ჯამში საკუთარი 104 დეპუტატიდან 69-ის ხმა სჭირდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ყველა მათგანი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

დღევანდელ კენჭისყრას წინ ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა უსწრებდა, რომელზეც მმართველი გუნდის წევრებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი კითდევ ერთხელ განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც სხვა მაჟორიტარებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგ მხოლოდ ორი დღის წინ ალაპარაკდა, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაშიც ძებნის გამოსავალს, გაიმარჯვა დემოკრატიამ იქნება თავისუფალი კენჭისყრა“.

მედიასთან კომენტარი უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმაც გააკეთა და განმარტა, რომ გუნდში საკითხთან მიმრთებით არსებული აზრთა სხვადასხავობის მიუხედავად, მას კანონპროექტის ჩაგდების მოლოდინი არ ჰქონდა.

მოწოდებები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერისაკენ

დღეს უმრავლესობის შეხვედრის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობამ“ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და პარლამენტს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

„დღეს ჩვენ ვართ კრიტიკულ მომენტში, ჩვენმა სახელმწიფომ აირჩია საპარლამენტო დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა… თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ევროპული ტიპის დემოკრატია, სადაც ერთი პარტია არ დომინირებს ყველა არჩევით თანამდებობას და ის არ არის ექსკლუზიურად გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და თუ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მრავალპარტიული სისტემა, მნიშვნელოვანია, რომ განვახორციელოთ [ეს] ცვლილება“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ.

მაჟორიტარული სისტემის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემაც. „დღეს ეს ვალდებულება დგას როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალების წინაშე, რომ ორივე მათგანმა უზრუნველყონ ძალების მობილიზება და დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხა მან.

მისივე თქმით, საზოგადოებასმ ამ დღეების განმავლობაში ვერ მოისმინა ვერცერთი წონადი არგუმენტი, რომელიც მას არსებული შერეული საარჩევნო მოდელის დატოვების აუცილებლობაში დაარწმუნებდა.

საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრას დღეს ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის არჩევანი საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უარის თქმა, მოსახლეობაში აღქმული იქნება, როგორც „ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის“ და 2020 წლის არჩევნების წინ „პოლარიზაციას“ გაზრდის. „იმედი მაქვს, რომ პალრმანეიტ გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მნიშნველობაზე ისაუბრა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც და საკითხზე კენჭისყრაში მონაწილე დპუტატების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერთი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა“, – თქვა პრემიერმა.

აქცია პარლამენტთან

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით დღეს პარლამენტის წინ აქცია კვლავ განაახლა მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ და მმართველი გუნდის წევრებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მოძროაბის წევრები განმარტავდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში, მათი პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა. 

ამბის წინაისტორია

2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან ითვალისწინებს. თუმცა, უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ზაფხულშიდადგა.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2019 წლის 24 ივნისს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 20 ივნისს თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რომლის ერთ-ერთ მოთხოვნაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული არჩევნებით ჩატარება იყო.

მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდანვე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 13 ივნისს, 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინეს.

საქართველოს პარლამენტმა 12 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტები განიხილა. ოპოზიციური პარტიების კანონპროექტმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტის კენჭისყრა კი, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნით, ორჯერ, დღეისათვის გადაიდო. თუმცა, იმის გამო, რომ ქართული ოცნების დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, კანონპროექტი ჩავარდა. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული საარჩევნო სისტემით და ერთჯერადად 3%-იანი ბრიერთი ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button