ახალი ამბები

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა შედგა

Tags

საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, 8 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა.

ოთხსაათიანი დისკუსიის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, მხარეებმა განიხილეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი, კერძოდ კი, დღეს არსებული 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნაცვლად 10 მრავალმანდატიანი ოლქის შექმნის შესაძლებლობა, რაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ერთ-ერთი კომპონენტია.

ოპოზიციის პროექტის მიხედვით, 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შექმნის შემდეგ, თითოეული ოქლიდან 6-8 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა, თუმცა ამომრჩეველს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება ექნება. პარტიები თითოეულ ოლქში მაქსიმუმ იმ რაოდენობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ, რამდენის არჩევასაც კონკრეტული ოლქი ითვალისწინებს. გამარჯვებულად საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები გამოცხადდებიან.

ე.წ. გერმანული მოდელი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ პარტიების მიერ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით ნაჩვენები შედეგი მექანიკურად აღარ დაჯამდება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა საბოლოოდ იმ რაოდენობის მანდატს მიიღებს საკანონმდებლო ორგანოში, რაც მის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებულ შედეგს შეესებამება. თუმცა გუშინდელ შეხვედრაზე, მმართველმა გუნდმა ე.წ. გერმანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე მიღების შესაძლებლობა კვლავ გამორიცხა იმ მოტივით, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, მათ დასამტკიცებლად საჭირო ხმების რაოდენობა კი ქართულ ოცნების დეპუტატებს შორის არ გროვდება.

ოპოზიცია გერმანული საარჩევნო მოდელის შესახებ მომზადებულ კანონპროექტის ეუთო/ODIHR-ის ოფისში გაგზავნას გეგმავს, რათა მიიღოს დასკვნა კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და პოლიტიკური შეფასებებიც გააკეთეს.

მმართველი გუნდის პოზიცია

„კარგია, რომ პოლიტიკური პროცესი ამ კალაპოტში ბრუნდება და რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“, – განაცხადა დისკუსიის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მისივე განმარტებით, შემდეგი შეხვედრის განსახილველი თემა უკვე არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, მაჟორიტარული საარევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები იქნება, რაზეც მისივე თქმით, ეუთოს რეკომენდაციის საფუძველზე, მმართველ გუნდს მუშაობა ისედაც დაწყებული აქვს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, წავიდა თუ არა ქართული ოცნება ოპოზიციასთან დათმობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „გერმანულ, [მასთან] მიმსგავსებულ ან ე.წ. ქართულ მოდელზე, საუბარი არ ყოფილა… საუბარი გაგრძელდა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით და შემდეგი შეხვედრაც შეეხება ამ თემას. შესაბამისად, ვინ რა დათმო და რაშია რეალურად საქმე, – დასკვნა გამოიტანოს საზოგადოებამ“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან იუსტიციის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც ისაუბრა და მმართველი გუნდის სახელით მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის ინიციატივის განხილვის მზადყოფნა დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გუშინდელი შეხვედრა „რაიმე არსებით საკითხზე“ კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა. „მეორე მხარეს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი, მათ შორის, ის მოდელი და ვარიაცია, რომელიც დარეგისტრირდა პარლამენტში არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური“, – თქვა წულუკიანმა.

ოპოზიციის შეფასებები

შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ლიდერებმაც ისაუბრეს.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, „შეხვედრაზე არავითარი შეთანხმება არ მომხდარა“, უბრალოდ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების საკითხის განხილვის შესახებ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივაზე „დათანხმება“ მოხდა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის კომპონენტ-კომპონენტ განხილვის პრობლემა არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრიდან „პოზიტიური“ მოლოდინი არ აქვს. „უარესის იმედი მაქვს და უარესისთვის ვემზადებით“, – თქვა მან.

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით კი, საერთაშორისო მეგობრების დახმარებით და ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული წნეხის მეშვეობით, გუშინდელ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მცდელობისკენ „ერთი ნაბიჯი“ გადაიდგა. თუმცა, მისივე თქმით, იქამდე, სანამ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს არ გამოიღებს „მშვიდობიანი აქციები“ კვლავ გაგრძელდება.

კომენტარი პარტია „ახალი საქართველოს“ დამფუძენებელმა გიორგი ვაშაძემაც გააკეთა და თქვა, რომ გუშინდელი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის მიერ „იძულება“ იყო, რომ ქართულმა ოცნებამ „დაანებოს თავი იმ დესტრუქციას, რომელსაც ის ეწევა ბოლო პერიოდის მანძილზე ქვეყანაში“. მან გუშინდელ შეხვედრას „მნიშვნელოვანი წარმატება“ უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება“.  „პარალელურად ველოდებით ეუთო/ODIHR-ის დასკვნას [გერმანული მოდელის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის]“, – განაცხადა მან.

დიპლომატების შეფასებები

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც გააკეთეს და ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„დიალოგის მეორე რაუნდი კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. შევთანხმდით, კვლავ შევხვდეთ და გავაგრძელოთ დისკუსია. საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით შემდეგი დისკუსიის განხილვის საგანი იქნება პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების შევსების წესი, შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვაც”, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა

„უნდა ვაღიარო, რომ დისკუსია არ იყო მარტივი”, -აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, თუმცა დასძინა, მონაწილეთა მხრიდან დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა არსებობს და რომ „დიალოგით, ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესის მიღწევით“ შესაძლებელია მხარეთა პოზიციების დაახლოება.

დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 30 ნოემბერს გაიმართა. მაშინ მხარეებმა თქვეს, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის აუცილებლობაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არსებული პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ალაპარაკდნენ, რომელიც ქართული ოცნების მიერ 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.

მას შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ მოლაპარაკების მესამე რაუნდი სავარაუდოდ 15 დეკემბერს გაიმართება.

ასევე წაიკიხთეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button