ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული  ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

„აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“ და რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button