skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ლეობორისტული პარტიის ოფისში სამსაათიანი პოლიტიკური კონსულტაციის შემდეგ, ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მთავარ მოთხოვნებზე ჩამოყალიბდნენ.

შეთანხმებული მოთხვონები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა დიღმელაშვილმა გააცნო. მისი თქმით, ოპოზიციის სრული სპექტრი „გარდამავალი მთავრობის“ პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმდა, რისთვისაც, მისივე თქმით, „ეროვნული თანხმობის კომიტეტი“ შეიქმნება.

„ჩვენ, ყველა ინტერესთა ჯგუფმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა მოვახერხეთ კონსენსუსი და გაცოცხლდა სლოგანი – ‘ერთად ერთის წინააღმდეგ’. შედგება ეროვნული თანხმობის კომიტეტი, პრინციპით – ყველა მინუს ივანიშვილი, რომელიც უზურნველყოფს, ერთხელ და საბოლოოდ, ამ ქვეყანაში სამართლიანი, პროპორციული არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ სანამ მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქცია არ დაიშლება და მას პერმანენტული ხასიათი ექნება.

„არ ვიშლებით, აქ დავბანაკდებით, დღე და ღამე აქ ვიქნებით, სანამ არ გამოვგლიჯავთ ხელიდან ჩვენს სამშობლოს პლუტოკრატს, ოლიგარქს და რუსეთის დამქაშებს“, – აღნიშნა მან.

დღეს, თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისშიც იმართება. აქციის მონაწილეები ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დღესვე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა 17 ნოემბერს პარლამენტის წინ მასშტაბური აქციაც დააანონსეს და საზოგადოებას მასზე დასწრებისკენ მოუწოდეს. ამავე დღეს ვადამდელი პორპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ცალკე აქციის ჩატარებას პატრიოტთა ალიანსიც გეგმავს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრება და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დღის პირველ ნახევარში, პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button