ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს „არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი“ მოსამართლეები

Tags

პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, რომელზეც დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან რომელი იმსახურებს უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩევას, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ კანონმდებლებს, „ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, არ შეავსონ ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნონ, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციები, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სახელით დღეს გავრცელებულ განაცხადებაში,  აღნიშნავენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა „აბსოლუტური უმრავლესობა“ ვერ აკმაყოფილებს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა „სამართლებრივი აზროვნების და პიროვნული შეუვალობის მაღალი დონე“, რასაც, მათი აზრით, უზენაესის სასამართლოს – „ქვეყანაში სამართლებრივი პოლიტიკის წამმართველი“ ორგანოს წევრი უნდა შეესაბამებოდეს.

კოალიციის შეფასებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის თვენახევრიანმა, „გამჭვირვალე“ პროცესმა „კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები“.

არასამთავრობოების თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა, „იშვიათი გამონაკლისების გარდა“, გამოავლინეს სამართლებრივი მსჯელობის „დაბალი უნარი“. მათი განცხადებით, „კანდიდატების უმრავლესობა არაადეკვატურად აღიქვამს სამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში ასევე აწმყოში სასამართლოში არსებულ პრობლემებს, ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე“. მათი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრობის „პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს“.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების დანიშვნა… დიდი ხნით დაასამარებს სასამართლოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების შანსს“.

არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, „კარგად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და მხედველობაში მიიღონ საკომიტეტო მოსმენებზე კანდიდატის მიერ წარმოჩენილი ცოდნა, სამოსამართლო ღირებულებების ერთგულება და მათი უნარ-ჩვევები“.

კოალიცია მიმართავს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას, „გამოიყენოს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მექანიზმი მოსამართლეების კანდიდატურაზე შესათანხმებლად და დამოუკიდებლად არ განაწესოს ისინი“ უზენაეს სასამართლოში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 8 ნოემბერს დაასრულა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრებები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით 23 სექტემბერს დაიწყო და თვენახევარს გაგრძელდა.

საკომიტეტო განხილვა ერთ-ერთი ეტაპი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო და მიზნად უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობის 8-დან 28-მდე გაზრდას ისახავს.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც ქართულ ოცნებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებასა და სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან ერთ-ერთმა – საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ თავისი კანდიდატურა 2 დეკემბერს მოხსნა, ამიტომ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყრიან.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად, მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის წევრთა სრული შემადგელობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button