skip to content
ახალი ამბები

PACE-ს მომხსენებლები პარლამენტს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლაცეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი), რომლებიც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით 17-18 სექტემბერს ქვეყანას ესტუმრნენ, საქართველოს პარლამენტს მოუწოდეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზები გამოასწოროს.

კორლაცეანი და კერნი მიესალმნენ იმ ნაბიჯებს, რომლის მიზანიც პროცესის „მეტი გამჭირვალობის“ უზრუნველყოფა იყო, თუმცა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს იმ ფორმის გამო, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი კანდიდატების სია მოამზადა.

მათი თქმით, ხარვეზები მოიცავდა შერჩევის მკაფიო და ერთიანი კრიტერიუმების არარსებობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გადამეტებულ დისკრეციულ უფლებას კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, ასევე იმას, რომ მათ ვერ შეძლეს შერჩეული კანდიდატების სიისა და კანდიდატთა საბოლოო შერჩევის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილებების წარდგენა. მომხსენებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კითხვები აღიძრა უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული ზოგიერთი კანდიდატის კვალიფიკაციასთან მიმართებით, ასევე წუხილები გამოითქვა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.

„ყველა ამ ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას სრულად რომ შეესრულებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

იმედი გამოთქვეს რა, რომ ეს რეკომენდაციები „სწრაფად იქნება მიღებული და განხორციელებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნისა და საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტს „ახლა ერთადეთი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ ეს ხარვეზები გამოასწოროს“.

„პარლამენტმა ღია და გამჭირვალე ინტერვიუები უნდა ჩაატაროს კანდიდატებთან, რომელიც საერთო კრიტერიუმებს დაეფუძნება და ასე მივიდეს გონივრულ გადაწყვეტილებამდე. ამას გარდა, იმ კითხვების გათვალისწინებით, რომლებიც კანდიდატთა სიის ხარისხთან დაკავშირებით წარმოიშვა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებისთვისაა საჭირო“, – განაცხადეს კორლაცეანმა და კერნმა.

მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ დანარჩენი ადგილები „კანდიდატთა ახალი სიის საფუძველზე“ უნდა შეივსოს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოამზადებს და უმჯობესია 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტური თანამდებობების შევსების პროცესი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია წარუდგინა. სიის წარდგენას მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამას პარლამენტის მხრიდან საკითხის განხილვის საგაზაფხულო სესიისათვის გადადება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყება მოჰყვა. ასეთი წესი მანამდე კანონმდებლობით განსაზღვრული არ ყოფილა.

პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა , რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა გაიწერა. პროცედურამ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები დააზუსტა და შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომპეტენციები განსაზღვრა.

კანონის მიღებიდან მალევე, 10 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ვაკანტური ადგილების შესავსებად კონკურსი გამოაცხადა.

საბჭომ სულ 139 კანდიდატის განაცხადი მიიღო, საიდანაც, 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადაიყვანა. მათგან ორმა, ლევან თევზაძემ და ამირან ძაბუნიძემ, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თავად თქვეს.

ამჟამად, უზენაეს სასამართლოში არსებული 28 ადგილიდან 20 ვაკანტურია, მათ შორისაა თავმჯდომარის პოსტიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 20-კაციანი სიის გადაგზავნის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს. შემდეგ კი, თითოეულ კანდიდატს კენჭს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინდივიდუალურად უყრიან. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრთა სრული შემადგელობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

უზენაესი სასამართლოს შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

PACE-ს მომხსენებლები 2020 წლის არჩევნებზე, რუსულ ოკუპაციაზე

ვიზიტის ფარგლებში, კორლაცეანმა და კერნმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგებლებთან შეხვედრები გამართეს და ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სასამართლო რეფორმის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშაობისა და არჩევნების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, ისინი მიესალმნენ სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფში მიღწეულ შეთანხმებას და იმედი გამოთქვეს, რომ სამუშაო ჯგუფში შეთანხმებულ რეფორმებს პარლამენტი სწრაფად მიიღებს.

მომხსენებლები მიესალმნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, ასევე იმ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ისახავს მიზნად საპარლამენტო ასამბლეისა და OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების შესაბამისად.

„გვესმის, რომ ზოგიერთი საკითხი, რომელთაც ცვლილებები შეეხება, მათ შორის სიძულვილის ენის საკითხი, სენსიტიური და კომპლექსურია. ამიტომ, ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მოსაზრებისთვის, პარლამენტის მიერ მათ მიღებამდე, ვენეციის კომისიას მიმართოს“, – განაცხადეს მათ.

მათ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების სრულად და გამჭირვალედ გამოძიების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რაც მათივე შეფასებით, დაუსჯელობის აღქმის თავიდან აცილებას დაეხმარება.

ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ვიზიტის დროს, მომხსენებლები კვლავ დადგნენ მზარდი „ბორდერიზაციის,“ ასევე საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მცოცავი ანექსიის წინაშე“.

„მკაცრად ვგმობთ მიმდინარე „ბორდერიზაციას“ და მცოცავ ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ასამბლეის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადეს მომხსენებლებმა. 

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button