ახალი ამბები

არასამთავრობოები მოსამართლეობის კანდიდატთა განმხილველ ჯგუფში ჩართვას ითხოვენ

Tags

40 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მოუწოდებს, გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განმხილველი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას და მანდატს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი 4 სექტემბერს წარუდგინა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 11 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანიცაა, კომიტეტის წევრებს ხელი შეუწყოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მოსამართლეობის კანდიდატთა შესაბამისობის დადგენაში.

სამუშაო ჯგუფში 16 პირი, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი და ოპოზიციური ფრაქციების, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფის თითო წევრი, აკადემიური სფეროს 2 წარმომადგენელი, აგრეთვე სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თითო წარმომადგენელი მოიწვიეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა 11 სექტემბერს აღნიშნა, რომ, რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფს არ აქვს უფლებამოსილება, მოსამართლეობის კანდიდატები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით – კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების მიხედვით შეაფასოს და რაიმე დასკვნა მოამზადოს.

არასამთავრობოების განცხადებით, „ჯგუფში არ არის წარმოდგენილი არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მათ შორის, კოალიციიდან, რაც, მისი ბოლოდროინდელი ჩართულობის გათვალისწინებით, კრიტიკული და კომპეტენტური მოთამაშის მიმდინარე პროცესს მიღმა დატოვების შთაბეჭდილებას ქმნის“.

მათივე თქმით, „სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის პოლიტიკური ნიშნით გამოყოფილი კვოტების რაოდენობა გადაჭარბებულია, ხოლო აკადემიური სფეროს წარმომადგენლების შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ“.

კოალიციის წევრები მოუწოდებენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „სამუშაო ჯგუფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შინაარსობრივი შეფასების ფუნქცია მიანიჭოს“, ასევე – კომისიაში „შეამციროს დეპუტატების კვოტა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ჩართულობა, ხოლო ექსპერტული ნაწილი კი მეტად წარმომადგენლობითი გახადოს“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი 10 დღის განმავლობაში იმუშავებს. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მოწვევის მიუხედავად, „ობიექტური მიზეზების გამო“, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართვას ვერ ახერხებენ სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, თუმცა, მისივე განცხადებით, ისინი ჩაერთვებიან კომიტეტის მიერ 23 სექტემბრიდან დაგეგმილ საჯარო განხილვებში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალურად მოუსმენენ.

მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო განხილვების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრთა სრული შემადგელობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button