ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე

Tags

ვენეციის კომისიამ 16 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა.

მოსაზრების მომზადების შესახებ თხოვნით კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ათკაციანი სიის წარდგენას მმართველ გუნდში პოლიტიკური უთანხმოება და საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

კერძოდ, ვენეციის კომისიას წარედგინა თხოვნა სამი ცვლილების კანონპროექტის შეფასების თაობაზე, რომელიც მოიცავს დებულებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის შესახებ, მათ შორის მთავარ ტექსტს – მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც 2019 წლის 20 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით უვადოდ ირჩევს. ამჟამად, სასამართლოს 11 მოსამართლე ჰყავს, ხოლო ახალი კონსტიტუციით, ის სულ ცოტა 28 მოსამართლით უნდა დაკომპლექტდეს.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

  • შერჩევის პროცედურები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად შეიძლება შეირჩეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და პროფესიული მუშაობის გამოცდილება. ასეთებად ჩაითვლებიან: მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება [ყოფილი მოსამართლეების შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 და მეტი წელი არ უნდა იყოს გასული]; ასევე, სამართლის დარგის სპეციალისტი, 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომელსაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული.

  • წარდგენის პროცედურები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომელიც შემოსული განაცხადების განხილვის შემდეგ, განმცხადებელთა სიას და ავტობიოგრაფიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ათავსებს.

ამის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად ფარულ კენჭისყრას ატარებს, რის შემდეგაც კანდიდატების საჯარო მოსმენა დაიწყება. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით, მათ შეაფასებს და კენჭს ფარულად უყრის.

მოსამართლეობის კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ, კენჭი უკვე მათი პარლამენტისთვის წარდგენას ეყრება. პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც დაუჭერს.

რას აცხადებს ვენეციის კომისია?

ვენეციის კომისია მიესალმება ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცედურებში, თუმცა რიგ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც შემდგომი სრულყოფაა საჭირო.

  • ზოგადი რეკომენდაციები

დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიას თბილისში გამართულ შეხვედრებზე ეცნობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო „მოცემულ მომენტში საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან საკმაოდ დაბალი ნდობით სარგებლობს“.

კომისიის განცხადებით, ამგვარი ბრალდებების არსს ვერ შეაფასებს, თუმცა აღნიშნავს: „ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო – არსებულ ვითარებაში – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითქმის ყველა კანდიდატს შეარჩევს, რის შემდეგაც შეადგენს სიას, რომელიც პარლამენტის უმრავლესობას წარედგინება, რომელიც, თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა მოსამართლეს დანიშნავს, შეშფოთების საგანს უნდა წარმოადგენდეს“.

ამგვარი წუხილების გასაქარწყლებლად და უზენაესი სასამართლოს მუშაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ვენეციის კომისია აცხადედს, რომ საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ფიქსირებული ვადა უვადო დანიშვნაში გარდაიქმნას.

კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ იმ რაოდენობის ახალი მოსამართლეები დაინიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობის განსახორციელებლად არის აუცილებელი. ხოლო ის, თუ რამდენი ახალი მოსამართლე იქნება საჭირო, უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 18-20 ვაკანტური ადგილის ნახევარს.

კომისია ასევე აცხადებს, რომ შემდგომი დანიშვნები, შესაძლოა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.

  • შერჩევის კრიტერიუმები

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტი „ძალიან ლმობიერია“ ასაკისა და გამოცდილების მოთხოვნებთან დაკავშირებით და ორივე ამ კრიტერიუმისთვის უფრო მაღალ ზღვარს მოითხოვს.

კომისია აღნიშნავს, რომ არამოსამართლე კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები მეტისმეტად შემზღუდველია და მათთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ მოთხოვნის გაუქმების რეკომენდაციით გამოდის.

ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა აძალებდნენ გამოცდაზე იმის მტკიცებას, რომ მათ სამართლის საკითხების მოგვარება შეუძლიათ.

  • წარდგენის პროცედურები

კომისია აცხადებს, რომ კანდიდატების შერჩევისა და საბოლოო სიის შედგენის მიზნით კანონპროექტში ჩადებული ფარული კენჭისყრის კომპონენტი მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. ის ამ წესის გაუქმების რეკომენდაციასაც გასცემს.

კომისიის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან, კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ყველა პროცედურიდან უნდა გამოირიცხონ.

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი რიგ სხვა რეკომენდაციებსაც მოიცავს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ. კომისია აცხადებს, რომ 10-წლიანი ვადა „შესაძლოა, ძალიან გრძელი იყოს“ და ის უნდა შემცირდეს.

დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button