ახალი ამბები

ODIHR-ი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

Tags

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის და დანიშვნის პროცესს გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება აკლია მიუხედავად იმისა, რომ რიგი დადებითი ღონისძიებები განხორციელდა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოსაყალიბებლად“, – ნათქვამია ეუთოს / დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ახალ ანგარიშში, რომელიც 10 სექტემბერს გამოქვეყნდა.

„ცოტა ხნის წინ მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭირვალე პროცესის არსებობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კანდიდატების დანიშვნა“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირმა.

ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ორი ადგილობრივი დამკვირვებლისა და ერთი საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგებოდა, საქმიანობა 29 ივნისს დაიწყო. დამკვირვებლების დაკვირვების ობიექტი იყო იუსტიცის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებები ყველა კანდიდატთან და ამ თემასთან დაკავშირებული საბჭოს სხდომები.

ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „არ მიუღია გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და მოწესრიგებულობა“. ამან კი „განაპირობა კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობა, კიდევ უფრო შემცირდა გამჭვირვალობა და გასაუბრებები წარიმართა ფრიად არაორგანიზებულად“. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ODIHR-ის მონიტორებმა დააფიქსირეს პროცესის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს შიდა დაპირისპირება, რაც ხშირად გამოიხატებოდა „მტრული კომენტარებითა და გასაუბრების მიმდინარეობისას მწვავე კამათით. ყოველივე ეს ქმნიდა არაპროფესიულ გარემოს“.

„ODIHR-ის მონიტორებმა დააფიქსირეს, რომ გასაუბრებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვების დასმის პროცედურის და გასაუბრებების ხანგრძლივობის მხრივ, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპს. მართალია, მთლიანობაში, დასმული შეკითხვები მოიცავდა კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების შეფასებისთვის საჭირო საკითხებს, ODIHR-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი განსხვავება კანდიდატებისთვის კითხვების დასმისა და მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ზოგჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვადასხვა მეთოდით მიანიშნებდნენ თავიანთი მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერას ან პირიქით – წინააღმდეგობას. მიუხედავად ამისა, იუსტიციის საბჭოს შერეულმა შემადგენლობამ – მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისა – დადებითად იმოქმედა გასაუბრების პროცესის შინაარსობრივ მხარეზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ „შერჩეულ 20 კანდიდატს შორის არ აღმოჩნდა სიაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 კანდიდატი“. ანგარიშის თანახმად, „იუსტიციის საბჭოს არ მოეთხოვება დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარდგენა შემოკლებულ სიაში კანდიდატთა შეყვანის, მათი რანგირებისა და შერჩეული 20 კანდიდატის სიის პარლამენტში წარდგენის თაობაზე. ეს კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს გასაჩივრების შესაძლებლობას“.

კანონმდებლობა

ODIHR-მა განაცხადა, რომ მართალია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ საბოლოო ცვლილებებში რამდენიმე რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნა, მათ შორის ნორმების შემოღება, რომლებიც უზრუნველყოფდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოს წევრი იმავდროულად არის კანდიდატი და არასამოსამართლე კანდიდატების გათავისუფლება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან, მაგრამ ძირითადი ხარვეზები მაინც უცვლელი რჩება. მათ შორის დოკუმენტში დასახელებულია:

  • შეფასებისთვის აუცილებელი არასაკმარისი კრიტერიუმები და ფარული კენჭისყრის საფუძველზე განხორციელებული შერჩევის პროცესი, რაც დაჩქარებულ ვადებში განხილვასთან კომბინაციაში ართულებს დამსახურებებზე დაფუძნებულ შერჩევას;
  • არ არის მოთხოვნილი კანდიდატების რანგირებისა და წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება შეფასების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • დისკრიმინაციის თავიდან აცილების არასაკმარისი გარანტიები და გენდერული ბალანსისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მექანიზმის არარსებობა;
  • კანონი არ ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის დროს თვითაცილების მექანიზმის მკაფიო და ადეკვატურ რეგულირებას;
  • კანდიდატებს არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო ორგანოში.

დოკუმენტის თანახმად, „მიღებული ცვლილებები არ ითვალისწინებს გარანტიებს პარლამენტში დანიშვნის პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილებისთვის“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კანდიდატების შერჩევას მათი დამსახურების მიხედვით. კერძოდ, ის ადგენს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებები შერჩევის პროცესის განმავლობაში უნდა ეფუძნებოდეს ორ მთავარ კრიტერიუმს – კომპეტენტურობას და კეთილსინდისიერებას. ეს ორი კრიტერიუმი შემდგომ უფრო დეტალურადაა ჩაშლილი ქვეკრიტერიუმებად“. „თუმცა დამსახურების მიხედვით კანდიდატთა შერჩევისას ძალზედ უარყოფით გავლენას ახდენს ფარული კენჭისყრის წესი, და აგრეთვე რანგირებისა და წარდგენის პროცესის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გაუმჭვირვალობამ შეიძლება შედეგად მოიტანოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატების თვითნებურად დანიშვნა, რაც თავის მხრივ ჩრდილს მიაყენებს დანიშვნის პროცესის კეთილსინდისიერებას და შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაც, რომელიც აწესებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მინიმალურ გარანტიებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, საბჭოს „არ მიუღია დამატებითი რეგულაციები, რომლებიც შეავსებდა მოქმედ კანონმდებლობას და უფრო დეტალურად დაარეგულირებდა წარდგენის პროცესის სხვადასხვა ეტაპებს მეტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სასარგებლოდ და უზრუნველყოფდა ობიექტურ, დამსახურებებზე დაფუძნებულ შერჩევის პროცესს, აგრეთვე გედნერულ ბალანსს და მრავალფეროვნებას უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში“.

გასაუბრებები კანდიდატებთან

ანგარიშის თანახმად, საბჭოს არ მიუღია „გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და მოწესრიგებულობა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების მიუხედავად, არ არსებობდა სტანდარტი კითხვების რაოდენობასთან და შინაარსთან, კითხვების დასმის წესთან და დროსთან, აგრეთვე გასაუბრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. „არ არსებობდა ქცევის წესები, რომლებიც უზრუნველყოფდა პროცესის სამართლიანად და მოწესრიგებულად ჩატარებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

„თითოეული გასაუბრება, ფაქტიურად, იმპროვიზაციის შედეგი იყო. ხდებოდა მხოლოდ ზოგიერთი წესის განხილვა და შეცვლა ზეპირად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც არ უზრუნველყოფდა პროცესის თანმიმდევრულობას და კანდიდატებს წინასწარ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი უშუალოდ მათ შემთხვევაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში აღნიშნავს, რომ „დაფიქსირდა განსხვავებები სხვადასხვა კანდიდატთან გასაუბრების სხვადასხვა ტონის და დასმული კითხვების ხასიათის თვალსაზრისით. ზოგიერთ კანდიდატს მისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდნენ, რაც აზიანებდა პროცესის სამართლიანობას, ამისგან განსხვავებით საბჭოს ბევრი წევრი სხვა კანდიდატებს უფრო მტრულად ხვდებოდა“. „ზოგადად თითოეულ გასაუბრებაზე დასმული კითხვები მთლიანობაში კი უკავშირდებოდა შეფასების კრიტერიუმებს – კომპეტენტურობას და კეთილსინდისიერებას, მაგრამ საგნობრივად საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან“, – აცხადებს ODIHR-ი.

ODIHR-ის მონიტორები კვლავაც დააკვირდებიან პროცესს შემდგომ ეტაპზე, როდესაც იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი განიხილავს და გამოაქვეყნებენ საბოლოო ანგარიშს, სადაც ერთიანი პროცესი სრულად იქნება შეფასებული და აგრეთვე წარადგენენ რეკომენდაციებს შემდგომი ქმედებებისთვის. ODIHR-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ „კრიტიკულად განიხილოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პროცესი და გადადგას ნაბიჯები გამოვლენილი პროცედურული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესისადმი ნდობა და შედეგად საუკეთესო კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს დამსახურების საფუძველზე“.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტური თანამდებობების შევსების პროცესი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია წარუდგინა. სიის წარდგენას მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამას პარლამენტის მხრიდან საკითხის განხილვის საგაზაფხულო სესიისათვის გადადება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყება მოჰყვა. ასეთი წესი მანამდე კანონმდებლობით განსაზღვრული არ ყოფილა.

პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა გაიწერა. პროცედურამ დააზუსტა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და განისაზღვრა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომპეტენციები.

კანონის მიღებიდან მალევე, 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ვაკანტური ადგილების შესავსებად კონკურსი გამოაცხადა.

საბჭომ სულ 139 კანდიდატის განაცხადი მიიღო, საიდანაც, 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადაიყვანა. მათგან ორმა, ლევან თევზაძემ და ამირან ძაბუნიძემ, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თავად თქვეს.

ამჟამად, უზენაეს სასამართლოში არსებული 28 ადგილიდან 20 ვაკანტურია, მათ შორისაა თავმჯდომარის პოსტიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 20-კაციანი სიის გადაგზავნის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს. შემდეგ კი, თითოეულ კანდიდატს კენჭს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინდივიდუალურად უყრიან. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრთა სრული შემადგელობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button