skip to content
ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია ცნობილია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს ფარული კენჭისყრის საფუძველზე, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან პარლამენტისთვის წარსადგენი 20-კაციანი სია შეარჩია. იმავე დღეს, საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი სიის გამოსავლენად, კენჭი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უყარა და მხარი ოცივე კანდიდატს დაუჭირა.

კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრიდან 12 მონაწილეობდა. მათი გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად შემდეგი კანდიდატები წარსდგებიან:

  • თამარ ალანია;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • შოთა გეწაძე;
  • მირანდა ერემაძე;
  • მამუკა ვასაძე (მოქმედი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე);
  • მაია ვაჩაძე;
  • თამარ ზამბახიძე;
  • შალვა თადუმაძე (მოქმედი გენერალური პროკურორი);
  • ზაზა თავაძე (საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე);
  • ვლადიმერ კაკაბაძე;
  • ლევან მიქაბერიძე;
  • გიორგი მიქაუტაძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი);
  • პაატა სილაგაძე;
  • ნუგზარ სხირტლაძე;
  • ლალი ფაფიაშვილი;
  • ნინო ქადაგიძე;
  • ლაშა ქოჩიაშვილი;
  • ქეთევან ცინცაძე;
  • ალექსანდრე წულაძე;
  • გოჩა ჯეირანაშვილი.

კენჭისყრა პროტესტის ფონზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი შეიკრიბა და სასამართლოში არსებული ე.წ. კლანური მმართველობა და კანდიდატების შერჩევის პროცესი გააპროტესტა.

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წარმომადგენლის კახა წიქარიშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში დღეს ქვეყანაში ე.წ. კლანის სახით „სიმსივნური წარმონაქმნი“ აქვს, რომელიც „ვითარდება, იზრდება და ფართოვდება“. მისივე თქმით, მოსამართლედ გახდომისათვის მნიშვნელობა არა კომპეტენციას და ცოდნას, არამედ მხოლოდ კლანისადმი ერთგულებას აქვს.

„საქართველოს პარლამენტმა გააცნობიეროს სასამართლოში არსებული პრობლემა და მისცეს პოლიტიკური შეფასება. საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, თუ რას ნიშნავს უსინდისო მოსამართლე და მომავალში უსინდისო მოსამართლეებს არ უნდა მივცეთ სასამართლო ხელისუფლების დაკავების შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა. ცქიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიასაც ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, „ყველა პროცედურა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში წარიმართა, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე“ და „ყველა ქმედება მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამებოდა“.

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით, „სრულად შეესაბამებიან იმ მაღალს სტატუსს, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა წარმოადგენს“. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს და უზენაეს სასამართლოში გაამწესებს.

ცქიტიშვილმა პროცესის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ „ზოგიერთი დაინტერესებული სუბიექტი“, სასამართლოს შეფასებისას არაობიექტურობით გამოირჩეოდა და რომ ამ პირთა მიზანი სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო.

უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესს წინასწარ დაგეგმილ „სპექტაკლად“ შეაფასა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, შერჩეული 20 კანდიდატიდან ბევრი შესაბამისი კვალიფიკაციით არ გამოირჩეოდა და საბოლოო სიაში მოხვედრასაც არ იმსახურებდა.

„ყველა ეს პროცესი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, აზრს კარგავს, ვინაიდან ვხედავთ, რომ სიაში ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მაინცდამაინც დიდი კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით ან რეპუტაციით არ გამოირჩევიან. ძალიან საეჭვოდ რჩება მთელი პროცესი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

როგორ წარიმართა შერჩევის პროცესი?

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტოს დაასრულა. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის Facebook-ის გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

გასაუბრების პროცესი არასამთავრობო სექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანურ მმართველობაზე“ საუბრობდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათთვის სასურველი კანდიდატებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ადანაშაულებდა.

ამბის წინაისტორია მოკლედ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტური თანამდებობების შევსების პროცესი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია წარუდგინა. სიის წარდგენას მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამას პარლამენტის მხრიდან საკითხის განხილვის საგაზაფხულო სესიისათვის გადადება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყება მოჰყვა. ასეთი წესი მანამდე კანონმდებლობით განსაზღვრული არ ყოფილა.

პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა გაიწერა. პროცედურამ დააზუსტა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და განისაზღვრა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომპეტენციები.

კანონის მიღებიდან მალევე, 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ვაკანტური ადგილების შესავსებად კონკურსი გამოაცხადა.

საბჭომ სულ 139 კანდიდატის განაცხადი მიიღო, საიდანაც, 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადაიყვანა. მათგან ორმა, ლევან თევზაძემ და ამირან ძაბუნიძემ, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თავად თქვეს.

შემდგომი პროცედურები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 20 კაციანი სიის გადაგზავნის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს. შემდეგ კი, თითოეულ კანდიდატს კენჭს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინდივიდუალურად უყრიან.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრთა სრული შემადგელობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

ამჟამად, უზენაეს სასამართლოს 10 მოსამართლე ჰყავს. მათგან ორს – მაია ვაჩაძეს და ნუგზარ სხირტლაძეს ვადა მიმდინარე წლის ივლისში გაუვიდათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მათაც მიიღეს და პარლამენტისთვის წარსადგენ 20 კაციანი სიაშიც მოხვდნენ.

ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლო სულ ცოტა 28 მოსამართლით უნდა დაკომპლექტდეს. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლით დაკომპლექტებაზეა საუბარი. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა პარლამენტისთვის წარდგენილი ოცივე კანდიდატის უზენაეს სასამართლოში გამწესება. ეს კანონმდებლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებულია.

მას შემდეგ, რაც 2018 წლის აგვისტოდან, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, ეს თანამდებობაც ვაკანტურია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე განიხილება.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button