ახალი ამბები

არასამთავრობოები: მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა

Tags

40 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დღეს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ოთხთვიანი პროცესი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაასრულა, „მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არ იყო მიმართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებისკენ“.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია წარუდგინა.

მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს. შემდეგ კი, თითოეულ კანდიდატს კენჭს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინდივიდუალურად უყრიან. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა 28 მოსამართლემდე გაიზრდება.

გასაუბრების პროცესი, რომელიც 2019 წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, არასამთავრობო სექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა კრიტიკის ფონზე ჩატარდა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანურ მმართველობაზე“ საუბრობდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათთვის სასურველი კანდიდატებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ადანაშაულებდა.

დღეს გამოქვეყნებულ შეფასებაში, კოალიცია მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული გასაუბრების პროცესის „ღიაობას“ და „საჯაროობას“ დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „პროცესის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, რასაც საბჭო უგულებელყოფდა“.

სხვადასხვა პრობლემურ საკითხს შორის, არასამთვრობო ორგანიზაციები გამოყოფენ შერჩევის პროცესში საბჭოს სამი წევრის მონაწილეობას, რომელთაგან ორს ნათესაური კავშირი ჰქონდა მოსამართლეობის კანდიდატებთან, ერთის შემთხვევაში კი, კოალიციის ინფორმაციით, არსებობდა საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ამის მიუხედავად, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არც ერთი არ ჩამოშორებია.

კოალიციის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ვალდებულების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ გვიან გაასაჯაროვა მოსამართლეობის კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები, რამაც არ დაუტოვა დაინტერესებულ საზოგადოებას საკმარისი დრო კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად მიღებული 137 განაცხადიდან გასაუბრების ეტაპისთვის 50 კანდიდატი იმგვარად შეირჩა, რომ გაჩნდა ეჭვი, თითქოს „საბჭოს წევრთა ნაწილი ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებდა“.

არასამთავრობოების თქმით, ხარვეზებით წარიმართა გასაუბრების პროცესიც. კერძოდ, გასაუბრებები ძალზე ხანგრძლივი იყო და არანორმირებული სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობდა, რაც „ლახავდა თავად კანდიდატების, საბჭოში დასაქმებული პირებისა და მონიტორების ინტერესებს“.

გარდა ამისა, მათივე განცხადებით, კანდიდატებთან ინტერვიუს პროცესი „საკმაოდ არაკონსტრუქციულ ვითარებაში“, მოსამართლე წევრების მხრიდან არამოსამართლე წევრებზე, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილზე „სიტყვიერი თავდასხმების“ ფონზე მიმდინარეობდა.

კოალიციის წევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ გასაუბრების დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები „კრიტიკულად განწყობილ“ და „არამოსამართლე კანდიდატებს“ ხშირად კანონმდებლობის ზეპირად ცოდნას უმოწმებდნენ, თავიანთთვის სასურველ კანდიდატებს კი „პასუხის მიმანიშნებელი ფორმით“ უსვამდნენ და ეხმარებოდნენ.

არასამთავრობოები კრიტიკულად აფასებენ გასაუბრების შემდგომ ეტაპსაც, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს ორი კრიტერიუმით – კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების მიხედვით, ქულებით აფასებდნენ.

„სრულიად გაუგებარია კეთილსინდისიერების შეფასების შკალა, რომლითაც შეფასების ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდნენ კანდიდატები, რომლებმაც ღიად გამოხატეს შეშფოთება სასამართლოს პრობლემური წარსულის გამო, ხოლო მაღალი შეფასება მიიღეს კანდიდატებმა, რომლებიც სასამართლოში სისტემური პრობლემის არსებობას (ვერც ახლა და ვერც წარსულში) ვერ ხედავენ“, – აღნიშნავენ კოალიციის წევრები.

არასამთავრობოები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ქულებით მიღებული შეფასებების მიხედვით „საუკეთესო შეფასების მქონე 20 კანდიდატის სია“ არ დაემთხვა საბოლოო სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

კოალიციის წევრების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 4 სექტემბერს პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ ის მოსამართლეებიც, რომელთა წარდგენაც 2018 წლის დეკემბერშიც მოხდა, (რასაც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი და საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა მოჰყვა). გარდა ამისა, არასამთავრობოების განცხადებით, საბოლოო 20-კაციანი სიის მიღმა დარჩა „რამდენიმე ისეთი კანდიდატები, რომლებმაც როგორც ბიოგრაფიული მონაცემებით, ასევე გასაუბრების პროცესში გამოვლენილი ცოდნითა და გამოცდილებით დადებითი შთაბეჭდილება შექმნეს, მაშინ, როდესაც სიაში მოხვედრილ რიგ კანდიდატთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება საფუძვლიან ეჭვებს იწვევს“.

კოალიციის წევრები აღნიშნავენ, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიმდინარეობდა“, თუმცა, მათი თქმით, „ხელისუფლებამ, კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე, არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ მას უზენაესი სასამართლოს ღირსეული და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება სურდა“.

„პარლამენტის მიერ შექმნილმა საკანონმდებლო ჩარჩომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთხელ მისცა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის და ხელისუფლების ინტერესების გატარების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების მდგომარეობას“, – აღნიშნავენ არასამთავრობოები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button