skip to content
ახალი ამბები

ევროკომისარი ჰანი საქართველოს სასამართლო რეფორმასა და „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, რომელიც 16 სექტემბერს საქართველოს სტუმრობდა, განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესს, რომლის შედეგადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა დაინიშნონ, „ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ბევრ სხვა ევროპულ დედაქალაქში“.

„ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და ხარისხის შემდგომი უზრუნველყოფა და მისი ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება“, – განაცხადა ჰანმა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ევროკომისრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, „რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე საარჩევნო რეფორმის პროცესისთვის“ OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება, 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, „ინკლუზიური და გამჭირვალე პროცესის“ უზრუნველსაყოფად.

„ამ კონტექსტში, თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფა ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის გასაღებად რჩება… ჩვენთვის საქართველო ლიდერია ამ კუთხით, კერძოდ აღმოსავლეთ სამეზობლოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით“ , – აღნიშნა მან.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ და თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მან შეშფოთება გამოხატა ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ „გამშვები პუნქტების დახურვა და მიმდინარე ბორდერიზაცია“ მიუღებელია.

ჰანის თქმით, ამას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილის, მათ შორის რუსეთის „კონსტრუქციული ჩართულობა“ ესაჭიროება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button