Placeholder canvas
არჩევნები 2018ინტერვიუმოსაზრება

უცხოელი ექსპერტები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს აფასებენ

28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ კომენტარისთვის Civil.ge-მ უცხოელ ექსპერტებს მიმართა.

როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და თქვენი აზრით, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

ამჯერად, ჩვენი რესპონდენტები არიან: ლინკოლნ მიტჩელი, ლუის ნავარო, დონალდ იენსენი, დევიდ კრამერი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი.

ლინკოლნ მიტჩელი – პოლიტიკური მიმომხილველი: „ეს იყო ქართული ოცნების მკაფიო გამარჯვება, ენთუზიაზმის გარეშე. პირველ ტურში ზურაბიშვილის ასპარეზობით იმედგაცრუებულმა ქართულმა ოცნებამ განგაშის ზარი შემოჰკრა, რასაც უფრო თვალსაჩინო და აქტიური მეორე ტურის კამპანია მოჰყვა. ამას გარდა, ხელისუფლებამ დრო, რესურსები და დაპირებები ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერის გასაზრდელად გამოიყენა. პირველ ტურში ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანური კამპანიის წარმოების შემდეგ, მეორე ტურში ვაშაძემ და ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნების კრიტიკას მიჰყვეს ხელი, რაც 2012 წლიდან მოყოლებული მათ ყველა არჩევნების წაგებაში ეხმარებოდა.

ეს ორივე მხარისთვის გაკვეთილია. ქართულმა ოცნებამ უნდა აღიაროს, რომ მისი მხარდაჭერა შესუსტდა. ამჯერად, მათ სერიოზული პრობლემა აიცილეს თავიდან, თუმცა კვლავ შესაძლებელია, რომ პოლიტიკური მარცხი განიცადონ ძლიერი ოპოზიციური ძალის მხრიდან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაციები და ხმები ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების გაყალბების და მაქინაციების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რომ ყველა არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ამჯერად, ეს, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა. ოპოზიციისთვის ეს უფრო რთული გაკვეთილია. ნაციონალური მოძრაობა, ამ ეტაპზე მაინც, საქართველოში მეორე უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად რჩება. ეს იმიტომ, რომ ქართველების საკმარისად დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას ემხრობა. თუმცა, სანამ ნაციონალური მოძრაობა ასე მიბმული იქნება სააკაშვილზე და მისი მთავრობის დანაშაულებებზე, ისინი საქართველოში ვერ გაიმარჯვებენ. ეს ნამდვილი დილემაა. ნაციონალური მოძრაობისთვის, ყოფილი პრეზიდენტისგან ჩამოშორება ნიშნავს ნომერ მეორე ძალის პოზიციის დათმობას სხვისთვის, მაგრამ სააკაშვილთან დარჩენა ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ. ამ პრობლემის დიდი ნაწილი თავად სააკაშვილია, რადგანაც მისმა სურვილმა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და მისმა მიუღწეველმა ოცნებამ, რომ ძალაუფლებაში დაბრუნდეს, ოპოზიციის კოორდინირებული ძალისხმევა ჩაშალა. ქართული ოცნებისთვის სააკაშვილი უბრალოდ საჩუქარია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს რეჟიმის სტაბილურობისთვის გამართული არჩევნები უფრო იყო, ვიდრე კონკრეტული პარტიისა და მოძრაობისთვის.

ზურაბიშვილის არჩევით, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მიუხედავად მათი უკმაყოფილებისა ქართული ოცნების მიმართ, ბევრი თვალსაზრისით, მათ არ სურდათ პოლიტიკური სისტემის გადატრიალება. რევოლუციის, ქუჩის აქციების და სააკაშვილის დაბრუნების შესახებ საუბრებმა ვერ გაზარდა ვაშაძის შანსები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე ისეთი ძალისთვის, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა არა რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მმართველობა. მას კვლავ მოუწევს ამ თანამდებობის ხელახლა განსაზღვრა, რათა ის უფრო შედეგიანი და სასარგებლო გახადოს. თუმცა, ზურაბიშვილს, ისევე როგორც ბევრ ქალს პოლიტიკაში, ხშირად არასათანადოდ აფასებენ. იგი ისეთი ტიპის პრეზიდენტია, რომელიც კარგად იმუშავებს დასავლელ ლიდერებთან, საქართველოს საუკეთესო წარმომადგენელი იქნება საერთაშორისო არენაზე და უდიდესი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

და ბოლოს, როგორც ებრაელმა უნდა აღვნიშნო, რომ მესიამოვნა ჯერ კიდევ კანდიდატ ზურაბიშვილის და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებები სააკაშვილის კომენტარზე „ებრაელი აფერისტის“ შესახებ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ უფრო ფართო კონსენსუსი შედგეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ ტერმინებს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონდეს“.

ლუის ნავარო – საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი:

„სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც ქალი პრეზიდენტის არჩევა მოხდა. ის, რომ იგი თავად აღიარებს, რომ საჭიროა კონტაქტის დამყარება იმ ადამიანებთანაც, რომელთაც მას ხმა არ მისცეს, პოზიტიური ნაბიჯია იქითკენ, რაც, როგორც პარლამენტმა განაცხადა, პრეზიდენტის როლია, რომ გადალახოს პარტიული პოლიტიკა და მთლიანად ერის წარმომადგენელი იყოს.

თუმცა, ისევე როგორც გრიგოლ ვაშაძის შედეგები პირველ ტურში სხვა არაფერი იყო, თუ არა უკმაყოფილების გამოხატულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც დასტური ივანიშვილის მიერ ჩრდილოვანი მმართველობის გაგრძელებაზე, რაც ფუნდამენტურად უთხრის ძირს ქართული დემოკრატიის წინსვლას, არამედ ის აღქმული უნდა იყოს როგორც უარი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე. ივანიშვილის ფავორიტების სამარცხვინო და სახიფათო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე კარგს არაფერს უქადის საქართველოს მომავალს, არც მედიის თავისუფლების და არც სასამართლო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც დასტური ივანიშვილის მიერ ჩრდილოვანი მმართველობის გაგრძელებაზე, რაც ფუნდამენტურად უთხრის ძირს ქართული დემოკრატიის წინსვლას, არამედ ის აღქმული უნდა იყოს როგორც უარი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე.

ივანიშვილის ქართული ოცნება მის წინააღმდეგ გამოთქმულ მთელ კრიტიკას სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას უთანაბრებს. მათი ფორმულირებით, ივანიშვილის ქართული ოცნება ცალსახად მიანიშნებს, რომ არ მიიღებს მათ სოციალურ ხედვასთან ყველაზე პოპულარული ოპოზიციის და პროდასავლური ალტერნატივების ლეგიტიმურობას, რომელიც აძლიერებს კანონის აღსრულების სისტემურ, მაღალპოლარიზებულ კულტურას და ულტრანაციონალისტურ დაძაბულობას უწყობს ხელს მისი მთავრობის შიგნით და მის გარეთ, რაც აფერხებს მათ გაცხადებულ მიზნებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე“.

დონალდ იენსენი – ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი:

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სრულიად ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა, სადაც აღინიშნებოდა სიძულვილის ენა, ასევე მედიის და ელექტორატის მაღალი პოლარიზება. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არჩევნები თავისუფალი იყო, ის საქართველოს ადრინდელ დემოკრატიულ სტანდარტებს ჩამორჩებოდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა „ადმინისტრაციული რესურსის“ გამოყენებას დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, არასათანადო ზეწოლას ამომრჩევლებზე და მათ დაშინებას. ამას გარდა, მთავრობის დაპირება, რომ 600 000 მოქალაქეს ბანკის ვალები ჩამოეწერებოდა, რაც საერთო ჯამში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები, რათა 2020 წლის არჩევნებზე სრულად დააკმაყოფილოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტი.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არჩევნები თავისუფალი იყო, ის საქართველოს ადრინდელ დემოკრატიულ სტანდარტებს ჩამორჩებოდა.

ამ საარჩევნო კამპანიამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პირველი, ის ძირითადად საქართველოს წარსულზე იყო ორიენტირებული და არა მომავალზე. მეორე, ორ კანდიდატს შორის პოლიტიკურ დებატებს არ ჰქონია ადგილი. ამრიგად, ამომრჩევლები აკეთებდნენ არჩევანს კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, თუმცა იმ კანდიდატის წინააღმდეგ, რომელსაც არ უჭერდნენ მხარს. ამგვარი პოლარიზაცია და საზოგადოების დაყოფა სახელმწიფო ინტერესებში არ შედის. პოლიტიკურმა პარტიებმა ერის გაერთიანება და კონსოლიდაცია უნდა ეცადონ იმისათვის, რომ გააძლიერონ დემოკრატია და უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ.

დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმი იყოს და ძალაუფლება ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში არ იყოს კონცენტრირებული. არჩევნების პირველმა ტურმა სამომავლოდ ამის შესაძლებლობა წარმოაჩინა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, რაც უზრუნველყოფს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას მომავალი კამპანიების უფრო დემოკრატიულად ჩატარების თაობაზე“.

დევიდ კრამერი – ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის სახელობის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის უფროსი მკვლევარი:

„არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს ვეყრდნობი. ეუთოს განცხადების თანახმად, „კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე შეუსაბამო უპირატესობით სარგებლობდა და ნეგატიურმა კამპანიამ პროცესი დააზარალა“. ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ არ აღიარა არჩევნების შედეგები, სადაც, როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.5% მიიღო, ხოლო თავად ვაშაძემ 40.5%. ის თბილისში კვირას გამართულ საპროტესტო აქციას გაუძღვა, სადაც ვიდეო ჩართვა ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. გულწრფელი რომ ვიყო, ამ დღეებში ამერიკელს გაუჭირდება ქართული არჩევნების ტონის და რიტორიკის გაკრიტიკება, ჩვენი საკუთარი საარჩევნო კამპანიების გათვალისწინებით, სადაც ძალიან პოლარიზებული და ცუდი რიტორიკაა.

საქართველო ვერ დაუშვებს უკან დახევას დემოკრატიის ან ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის გზაზე, ვინაიდან ამის შემდეგ ის წარმოჩინდება როგორც კიდევ ერთი წარუმატებელი სახელმწიფო, რომელიც სხვებისგან არაფრით იქნება განსხვავებული.

და მაინც, საჭიროა, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვას ერთიანობის და საქართველოს დასავლური ორიენტაციის გაგრძელების მნიშვნელობას. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ არჩევნები იმ თანამდებობისთვის ჩატარდა, რომელსაც ახლა, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, უფრო ნაკლები ძალაუფლება აქვს, ვიდრე აქამდე. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. თუმცა, ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია და პრეზიდენტს კვლავ შეუძლია, რომ ქვეყნისთვის გარკვეული განწყობა შექმნას და მაგალითი მისცეს. აქციის მონაწილეებს ყველანაირი უფლება აქვთ, რომ აქცია გამართონ, მაგრამ მათი აქცია მშვიდობიანი უნდა იყოს.

საქართველო გამოირჩევა რეგიონში როგორც ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა ავტორიტარიზმის და კორუფციის ზღვაში (იმედია, სომხეთი რევოლუციის შემდეგ უფრო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება). ის ვერ დაუშვებს უკან დახევას დემოკრატიის ან ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის გზაზე, ვინაიდან ამის შემდეგ ის წარმოჩინდება როგორც კიდევ ერთი წარუმატებელი სახელმწიფო, რომელიც სხვებისგან არაფრით იქნება განსხვავებული“.

უილიამ კორტნი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, კორპორაცია რენდის უფროსი მკვლევარი:

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი ღირსეული კანდიდატი იბრძოდა. დიდი ზღვარი კანდიდატებს შორის, ამ ზღვარის დადასტურება სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგად და ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა საშუალებას გვაძლებს ავხსნათ, თუ რატომ მიიჩნევს დასავლეთი, რომ ეს არჩევნები ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის შეხედულებებს ასახავს.

შეიძლება იმედი იქონიო, რომ ახლა საქართველო მეტ ყურადღებას მიაქცევს კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას და ეკონომიკური რეფორმის გაღრმავებას. ორივე სფეროში საქმიანობის გაუმჯობესება დაეხმარება საქართველოს, რომ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს, ცხოვრების დონე აამაღლოს და დასავლეთთან ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. არანაირი ეკონომიკური რეფორმა არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კერძო სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის ეფექტური ბაზრის განვითარება. საქართველომ გონივრულად გააუმჯობესა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან და სხვა მეზობლებთან, რამაც პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. მეტი კეთილდღეობა საქართველოს უფრო მედეგს გახდის რეგიონული და გლობალური ეკონომიკური ზეწოლების მიმართ, ასევე ინოვაციებისთვის და უფრო პროდუქტიული ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობას გაუხსნის.

შეიძლება იმედი იქონიო, რომ ახლა საქართველო მეტ ყურადღებას მიაქცევს კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას და ეკონომიკური რეფორმის გაღრმავებას.

პოლიტიკური პარტიების განვითარება ინტერესების და არა პერსონალიების საფუძველზე დასავლეთს ნდობას გაუღვიძებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოა. ევროპის ზოგ ნაწილში, მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები ელექტორატის დიდი ნაწილის ინტერესებს ასახავენ და არ არიან ზედმეტად დამოკიდებული პერსონალიებზე.

საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 1995 წლის დემოკრატიული არჩევნები, ვარდების რევოლუცია და ბოლოდროინდელი კონკურენტული არჩევნები მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევებია. სწორედ ამ მიღწევების გამო უჭერს დასავლეთი ასე ძლიერად მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

კენეტ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ვუდროუ უილსონის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი:

„მე NDI-ის სადამკვირვებლო გუნდის წევრი ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ოქტომბერში და ყურადღებით ვადევნებდი თვალს კამპანიას და საბოლოო კენჭისყრას 28 ნოემბერს. არჩევნებს ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ფაქტორები. ორივე ტურის დროს, საქართველოს მოქალაქეები თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას მთელი სერიოზულობით, ცოდნით და კენჭისყრის პროცედურების პატივისცემით მოეკიდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უმეტეს ადგილას პროფესიონალები იყვნენ და არჩევნები ცესკოს რეგულაციების თანახმად ჩაატარეს. ოფიცილაური შედეგები ხმების პარალელური დათვლის შედეგებითაც დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის ნება ზუსტად იქნა ასახული.

საერთო ჯამში, არჩევნები შეიძლება წინგადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ, თუმცა ის ასევე წარმოადგენს შეხსენებას იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელთა გადალახვაც საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე მოუწევს.

თუმცა, პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყველაზე პატივსაცემ არასამთავრობო ორგანიზაციებზე უპრეცედენტო, აგრესიულ და პერსონალურ თავდასხმებს. ასევე ადგილი ჰქონდა წუხილებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიის დამოუკიდებლობის და ფინანსური კეთილდღეობის წინააღმდეგ მუქარების, მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში გამჭირვალობის ნაკლებობის, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის და მისი ლიდერის როლის შესახებ. სამწუხაროდ, მეორე ტურის პერიოდში დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, ინფორმაციები დაშინების და სხვა შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ. არასტაბილურობის შიშის და საფრთხის შესახებ გაკეთებული გზავნილებით, საარჩევნო კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა. საერთო ჯამში, არჩევნები შეიძლება წინგადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ, თუმცა ის ასევე წარმოადგენს შეხსენებას იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელთა გადალახვაც საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე მოუწევს.

ამ არჩევნებმა ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის ღრმა პოლარიზაცია და ანტაგონიზმი გამოავლინა. ფართომასშტაბიანმა დემონსტრაციამ, რომელიც წაგებული კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, აჩვენა, რომ გრძნობები საკმაოდ ძლიერია და ახალმა პრეზიდენტმა დიდი სამუშაო უნდა ჩაატაროს ქვეყნის გასაერთიანებლად. მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის თანამდებობას იმისთვის იყენებდა, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და ინკლუზიური საქართველოს ხმა ყოფილიყო და პარტიულ კამათზე მაღლა მდგარიყო. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმაც იგივე უნდა გააკეთოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ქართული საზოგადოება ინდიფერენტული და უკმაყოფილოა ქვეყნის მმართველობით და ახალმა გუნდმა სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ მათ იმედი ჩაუსახოს. ეროვნული ერთობა და სიმტკიცე, გარდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ისახავს მიზნად, უაღრესად საჭიროა იმ ფონზე, როდესაც რუსეთს კვლავ სურს ძალის გამოყენება უკრაინაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button