100-ზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს
100-ზე მეტმა ადგილობრივმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ 25 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს არ გაიხმობს და პირობას დებენ, რომ არასოდეს დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ“ რეესტრში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ხელახლა განხილვით, „ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს“. აღნიშნავს რა, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტი, მათ შორის მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ამ კანონის მიღებას, განცხადება ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ურყევ ნებას უღალატა.
ხელმომწერი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელთა თქმითაც კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისგან ჩამოაშორებს.
„რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი უარს ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე, სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობასა და საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.
თუმცა, ისინი პირობას დებენ, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ. „ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას „რუსულ მარშს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართველ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს ამ აქციაში. „მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია“.
„ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას“, – ნათქვამია განცხადებაში. „არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)