მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი სტიგმატიზირების საფრთხეს ქმნის
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა 24 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის ასევე გავრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და რომ კანონპროექტი ინდივიდუალური პირებისა და ორგანიზაციების სტიგმატიზების საფრთხეს შეიცავს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ ქრისტიანული ღირებულებების დარღვევაცაა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით, საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
მთავარეპისკოპოსი ხაზს უსვამს, რომ ქართულ ეკლესიას არ უნდა ეწოდოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, რადგანაც „კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მით უმეტეს, სახელმწიფოს მიერ ის აღიარებულია როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღების შემთხვევაში, კანონი დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, და „წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის“.
მთავარეპისკოპოსი ზენონი ინიცირებული კანონპროექტის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ უკვე არსებობს ინსტიტუციები, რომლებიც ორგანიზაციები ფინანსურ საქმიანობებს აკონტროლებელ. მან რუსეთის მიერ შექმნილ საფრთხესაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”“. მისი თქმით, „თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭვირვალობისა და კონტროლის ქვეშ“.
„გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას?“, – ნათქვამია განცხადებაში.
არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ „ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება“, რადგან სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. „სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს“, – დასძენს მთავარეპისკოპოსი.
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა 2000-იანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადებაში. თუმცა, მოგვიანებით მისი მარგინალიზება მოხდა საეკლესიო პოლიტიკიდან.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/04/2024 – სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)