skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები კერზაიას საქმეზე სათანადო გამოძიებას ითხოვენ

2 აპრილს ევროპარლამენტის თერთმეტმა წევრმა, მათ შორის, ანა გომესმა, მაიკლ გალერმა და რებეკა ჰარმსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილი გაუგზავნეს და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმის სწრაფი და სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კერზაიაზე საპრეზიდენტო არჩევნების კანპანიის დროს ზეწოლა განხორციელდა და მას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ.

ევროპარლამენტარები წერილში აცხადებენ, რომ „ინსულტამდე რამდენიმე დღით ადრე, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, კერზაიამ საჯაროდ განაცხადა და სახალხო დამცველსაც აცნობა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მიზნით, მასზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს და მისი დემოკრატიული მომავლის ინტერესებში შედის, რომ პროკურატურამ და სასამართლო ხელისუფლებამ ია კერზაიას საქმე სრულყოფილად და დროულად გამოიძიოს, რათა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოხდეს“, – ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ „სკოლების ინსპექტირების სტანდარტებსა და მეთოდოლოგიაში სიცხადე უნდა შეიტანოს და ამ მექანიზმის წინასაარჩევნო პერიოდში გამოყენებისგან თავი შეიკავოს“.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არცერთი საჯარო მოხელე არ გახდება ზეწოლის მსხვერპლი მომავალი საარჩევნო კამპანიების დროს და ამ კუთხით, მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია კერზაიას საქმის გარშემო არსებულ გარემოებებში სიცხადის შეტანა“, – ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარების იმავე ჯგუფმა 2 აპრილს წერილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინისაც გაუგზავნეს.

წერილში ისინი მოგერინის მოუწოდებენ, როგორც პირადი კონტაქტების, ისე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელმძღვანელობაზე, რათა ის ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე დიალოგში ჩაერთოს.

ორივე წერილში ევროპარლამენტარები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებებსაც ეხებიან, რომელიც, მათივე თქმით, „1991 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული იყო“ და რომლებშიც საარჩევნო პერიოდში საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და სახელმწიფო კომპენსაციებზე დამოკიდებულ ჯგუფებზე ზეწოლისა და დევნის შემთხვევებია ასახული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button