skip to content
ახალი ამბები

CPAC: პრემიერ-მინისტრი კობახიძე „ე.წ. ლიბერალებისგან“ ქრისტიანობას და იდენტობას იცავს

25 აპრილს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ე.წ. ლიბერალები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ქრისტიანობას,  ეროვნულ იდენტობას და სახელმწიფო სუვერენიტეტს.  

კონფერენციას უკვე მესამედ მასპინძლობს უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემდე, იმავე კონფერენციაზე სიტყვით გასული წლის მაისში მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.

„ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“, – განაცხადა კობახიძემ. „დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.

თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე და ამავდროულად, ლგბტ „პროპაგანდისა“ და „უკონტროლო მიგრაციის“ შესახებაც ისაუბრა.  

საფრთხე ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანობის მიმართ

თავის გამოსვლის დასაწყისში კობახიძემ ქართველების საუკუნოვან ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მამული, ენა და სარწმუნოება“ არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის „საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა“.

შემდეგ მან „ე.წ. ლიბერალები“ დაანაშაულა იმაში, რომ მათ საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლა სცადეს და „სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით – მამული, ენა, ერთობა ჩაანაცვლეს“.

პრემიერ-მინისტრი 19 აპრილს ახალგაზრდული ჯგუფების მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ფარგლებში დადებულ ფიცს გულისხმობდა. მომიტინგეებმა მართლაც შეცვალეს სიტყვა და განაცხადეს, რომ მათ სურდათ, რომ ფიცი უფრო ინკლუზიური ყოფილიყო ქვეყნისთვის, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი ცხოვრობს. რამდენიმე ქართველი მოაზროვნე ამგვარ ცვლილებას გამოესარჩლა და განაცხადა, რომ ის უფრო ზუსტად ასახავს ჭავჭავაძის იდეებს, მაშინ როცა თავად რელიგიას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებისადმი მთავარი საფრთხის – მართლმადიდებელი ქრისტიანული რუსეთის მხრიდან. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ცვლილება საპროტესტო აქციების წინააღმდეგ თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენა და მთელი ქვეყნის ქუჩები და სოციალური ქსელები აავსო  პლაკატებით „სამშობლო, ენა, რწმენა“, რომელზეც სამების საკათედრო ტაძარი იყო გამოსახული.

კობახიძემ განაცხადა, რომ ე.წ. ლიბერალები რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადგმული“.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, „უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას“. „თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა მან.

კობახიძემ განაცხადა, რომ „ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას“. მისი თქმით, ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, „ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს“. მან იქვე დასძინა, რომ „დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ლიბერალები ასევე ებრძვიან ქვეყნის იდენტობის „ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია“. მისივე თქმით, „სახელმწიფო სუვერენიტეტს მალე უკვე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ“.

„ლგბტ პროპაგანდა“

თავის გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ლგბტ პროპაგანდის“ საფრთხის შესახებაც გააფრთხილა. „ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა და რომ ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს. „ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევისა და შეცვლის უფლება“, – დასძინა მან.

„ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ამ ქვეყნებში იმ ადამიანების რაოდენობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საკუთარ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ. „პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც 7 წელიწადში გაასამმაგა“.

კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას წარმატებით დაუპირისპირდება და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

პრემიერ-მინისტრმა „ე.წ. ლიბერალები“ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ნარკოტიკებმა ადამიანი მოაზროვნე ინდივიდიდან ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად უნდა აქციოს“.

ორბანის ქება

თავის გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა გასულ წელს, თავისი უნგრელი კოლეგისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ „უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე“.

„მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“, – დასძინა მან.

საქართველოს [მაინც] სურს ევროკავშირში გაწევრიანება

თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და ქართველი ხალხის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან ანტი-დასავლური რიტორიკის ზრდისა და ევროპელი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების მხრიდან იმ გაფრთხილებების ფონზე გააკეთა, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ ინტეგრტაციას ხელს შეუშლის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button