თსუ-ს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე დისკუსიის გამართვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „პოლიტიკური განათლების სკოლამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა „რუსული კანონის” შესახებ პანელური დისკუსიის გამართვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა, ვინაიდან დისკუსიის ორგანიზატორებს სათანადო სივრცის გამოყოფაზე უარი ეთქვათ. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მიუხედავად უნივერსიტეტის ხელისშემშლელი ძალისხმევისა, ღონისძიება 24 აპრილს მაინც გაიმართა, თუმცა უფრო მცირე აუდიტორიაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ისტორია სწორედ ამ უნივერსიტეტში დაიწყო მისი სტუდენტების მონაწილეობით, და მისი ყველა პროექტი თსუ-ის შენობაში შედგა; გამონაკლისი არც ზემოთხსენებული პანელური დისკუსია უნდა ყოფილიყო.
„ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი ის ადგილი არ უნდა იყოს, სადაც სწავლობ რა არის პოლიტიკური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და შემდეგ, ამის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა არ გეძლევა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ, უნივერსიტეტის კედლებში, დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია კანონთან მიმართებით და თსუ-ის გამორჩეული ლექტორების მონაწილეობით მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა სტუდენტებისთვის (და არამარტო) საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე დისკუსიის I კორპუსში ჩატარება, ვინაიდან „I კორპუსი უნივერსიტეტის ცენტრია“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მან გაიარა აუდიტორიის დაჯავშნასთან დაკავიშრებულია ყველა ბიუროკრატიული საფეხურები. თუმცა, თსუ-ს ადმინისტრაციამ უარი უთხრა ამ კორპუსში ალტერნატიული ოთახის გამოყოფაზე იმ მიზეზით, რომ „ყველა აუდიტორია I კორპუსში დაკავებული იყო“.
ორგანიზაციის თქმით, „გადამოწმდა მათთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული ყველა აუდიტორია და უმრავლესობა ცარიელი დაგვხვდა (ჩაკეტილი)“.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ოთახი მე-6 კორპუსში არ იყო საკმარისად დიდი ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით. შედეგად, ოთახის უფრო მცირე ზომის გამო, ბევრ მონაწილეს უკან გაბრუნება მოუწია.
მართალია განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, ის თსუ-ს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე „დუმილის“ გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ „უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა ხმა ამოიღოს მაშინ, როცა ქვეყანა დემოკრატიას და ევროპულ ღირებულებებს შორდება“.
„უნივერსიტეტი დუმს და ეს სიჩუმე ყველაზე ხმამაღლა ყვირის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/12/2022 – თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)