ახალი ამბები

სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში: პრაიდზე ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა

თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დროს ძალადობრივი ჯგუფების შეჩერება ვერ მოხერხდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვინაიდან ულტრა-მემარჯვენე მხარდამჭერთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და ფესტივალის ადგილი გაშლილი ტერიტორია იყო, „ვერ მოხერხდა მათი შეჩერება“.

„სახალხო დამცველის შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლგბტ+ თემის დაცვა, ამ მასშტაბის ძალადობის და დისკრიმინაციის მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელია და ხშირად – არასაკმარისიც. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭიროა კომპლექსური, დროში გაწერილი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა უწყების და ფართო საზოგადოების ჩართულობით“, – ნათქვამია ანგარიშში.

2023 წლის 8 ივლისს ულტრა-კონსერვატიული ჯგუფები ვაჟა ფშაველას გამზირზე შეიკრიბნენ და საჯაროდ დაიმუქრნენ დაგეგმილი ფესტივალის ადგილის ბლოკირებით, რომელიც მათი თავდაპირველი შეხვედრის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი ლისის ტბასთან მივიდნენ, სადაც თბილისი პრაიდის ფესტივალის მშვიდობიანად გამართვის უზრუნველსაყოფად პოლიცია იყო მობილიზებული. თუმცა, ძალადობრივმა ჯგუფებმა ადვილად მოახერხეს პოლიციის კორდონის გარღვევა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ ფესტივალის დროს ადგილზე არასათანადო რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული და ხელისუფლება ფესტივალის მონაწილეების დაუცველობაში დაადანაშაულა.

ფესტივალის დღეს პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია შსს-დან მიღებული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „მოცემულ ტერიტორიაზე და აქციის მონაწილეთა ამგვარი გადაადგილების პირობებში, წყლის ჭავლის, გაზის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება უშედეგო იქნებოდა და აქციის მონაწილეებს ხანგრძლივი დროით ვერ შეაჩერებდა“. შსს-ს წერილში ასევე ნათქვამია, რომ „არსებობდა მაღალი ალბათობა, კონტრაქციის მონაწილეებს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიეღოთ, ვინაიდან კონტრაქციაში არაერთი ხანდაზმული და მცირეწლოვანი მონაწილეობდა. სადავო იქნებოდა გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხიც“.

რაც შეეხება ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვას საქართველოში, ანგარიშში ნათქვამია, რომ ისინი „კვლავ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლები არიან და ეს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით არის გამოწვეული“. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ  „ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პირები, თავიანთი მოქმედებებითა და განცხადებებით, ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და, ამავე დროს, ჩადიან ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, ლგბტ+ ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევაში გამოიხატება“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამთავრობო პოლიტიკის კუთხით, „ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა“, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ოქტომბერში ინიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმიდან (2024-2026) ლგბტქ თემის წევრების „გარიყვას“ ეხება.

სხვა საკითხები

სახალხო დამცველის მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, ასევე ეხება იმ გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან სხვა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და სხვები. ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის უფლების დასაცავად განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

ქალთა თანასწორუფლებიანობა

მართალია, ანგარიშის თანახმად, „მნიშვნელოვანი“ ნაბიჯები გადაიდგა ქალთა უფლებების გაძლიერებისკენ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობის მიღწევა კვლავ „სერიოზული გამოწვევაა“. 2023 წელს, ქალები კვლავ მომართავდნენ სახალხო დამცველის აპარატს სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ.

სხვადასხვა შემთხვევებს შორის, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი მედიის ხელმძღვანელის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროების, განათლების სფეროში სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ტაქსის მძღოლების მიერ უცხოელი ქალბატონების შევიწროების შემთხვევებს.

გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია სექსუალური შევიწროების შემთხვევა, რომელიც სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა. ასევე აღნიშნულია შსს-ს უმოქმედობის კიდევ ერთი შემთხვევა, რასაც საჯარო სივრცეში ჰქონდა ადგილი.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია პრობლემური იყო საჯარო/პოლიტიკურ/საზოგადოებრივ სფეროში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური შინაარსის და დისკრიმინაციის გამაძლიერებელი განცხადებები/გამონათქვამები. „სახალხო დამცველი გმობს საზოგადოებრივად და სოციალურად აქტიურ ქალთა მიმართ სექსისტურ დამოკიდებულებასა და დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამებს, რაც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აკნინებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამკვიდრებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ერთ-ერთ ქვეთავში საუბარია სპორტსმენი ქალების თანასწორუფლებიანობაზე, რომლის თანახმადაც, ქალი პროფესიონალებისთვის ვარჯიშის/თამაშის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის დაფინანსების საკითხი არასათანადოდაა მოწესრიგებული, რაც „კიდევ უფრო ამძიმებდა სპორტში ჩართული ქალების არათანასწორ საწყის მდგომარეობას“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე გადადგმული არაერთი დადებითი ნაბიჯის მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა „არსებითად არ გაუმჯობესებულა“. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მათ შორის, უსინათლო პირთათვის, ამ დრომდე სერიოზულ გამოწვევად რჩება წვდომა ფიზიკურ გარემოზე, ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, საბანკო თუ სხვა მომსახურებებზე.  პრობლემურია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული განათლების უზრუნველყოფაც.

„ამ დრომდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს არსებულ შენობა/ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის დროულ უზრუნველყოფას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ერთი ქვეთავი უსინათლო პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებს ეძღვნება. „მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობა, სამწუხაროდ, მიუწვდომელი გარემოსა და ინდივიდუალური საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო, უსინათლო პირები ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულფასოვნად სარგებლობას ვერ ახერხებენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხმოვანი სიგნალით უკმაყოფილო მოსახლეობის პრეტენზიების გამო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შუქნიშნებისთვის საღამოს 22:00-საათიდან ხმის დაწევის, ხოლო 23:30-საათიდან 07:00-საათამდე ხმის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც, ფაქტობრივად, ღამის საათებში, „უსინათლო პირების დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა გამორიცხა“. დოკუმენტის თანახმად, ფიზიკურ გარემოზე მისაწვდომობის პრობლემა მხოლოდ უსინათლო პირების გადაადგილების თავისუფლებას კი არ არღვევს, არამედ ბარიერს ქმნის სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები

ანგარიშში საუბარია არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებში, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე [რაც უფრო მაღალია მასწავლებლის სტატუსი, მით მეტია ხელფასიც].

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს საკითხი კომპლექსური ხასიათისაა და არაერთი მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორისაა: სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე, უფროსი თაობის მიერ ენის შესწავლის სირთულე და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მეთოდებისა და წამახალისებელი აქტივობების სიმწირე, უფროსი თაობის ადამიანებში ქართული ენის შესწავლის ნაკლები მოტივაცია, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების არასაკმარისი გეოგრაფიული არეალი და სხვ.

დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში

ანგარიშის მიხედვით, შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეები იმ დავების კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შესახებაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველს. განმცხადებლები მიუთითებდნენ ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა: დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება, სამსახურებრივი საქმიანობიდან ჩამოშორება, ვიქტიმიზაცია, სამსახურიდან გათავისუფლება და სხვ.

დისკრიმინაციული მოპყრობა სერვისისა და მომსახურებების სფეროში

მიმდინარე საანგარიშო წელს სერვისისა და მომსახურების მიღების სფეროში უთანასწორობა არაერთი მიმართულებით გამოიკვეთა. კერძოდ, სახალხო დამცველმა სამედიცინო და საგანანმანათლებლო სფეროში დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები გამოავლინა.

დისკრიმინაციის წახალისება

ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჰომო/ტრანსფობიური განცხადებების გაკეთება, სიძულვილის ენის გამოყენება და მედიაში დისკრიმინაციის წახალისება, კვლავ არსებითი გამოწვევაა.

„საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულებები ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლგბტ+ თემის წევრების მიმართ“, – ნათქვამია დოკუმენტში. „შესაბამისად, სექსისტური, ჰომო/ტრანსფობიური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი საჯარო გამოხატვა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს უარყოფით დამოკიდებულებებს დაუცველი ჯგუფების მიმართ, რის წინააღმდეგაც ბრძოლა საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა“.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მსგავსად, აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში კვლავ იკვეთება გამოწვევები სავარაუდო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით.  ამისი მიზეზია, ერთი მხრივ, მოწყვლადი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით სამართალდამცავთა პოზიტიური ვალდებულებების არასათანადო შესრულება, ხოლო, მეორე მხრივ, ულტრამემარჯვენე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფებისა და მათი ლიდერების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე არაეფექტიანი რეაგირება.

ანგარიშში საუბარია ეთნიკურ უმცირესობებთან, ტრანსგენდერ ქალებსა და რელიგიურ უმცირესობებთან (იაჰოვას მოწმეებზე) დაკავშირებულ რამდენიმე შემთხვევაზე, როდესაც ამ პირებს არ მიენიჭათ მსხვერპლის სტატუსი ან კონკრეტულ დამნაშავეებს ბრალი არ წარუდგინეს.

ანგარიშში განხილულია ძალადობის ორ შემთხვევა: პირველი ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის, მიხეილ მშვილდაძის, ხოლო მეორე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის მიმართ. დოკუმენტის თანახმად, ამ საქმეთაგან არცერთს სწორი კვალიფიკაცია არ მიენიჭა. „შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა ერთ-ერთ გამოწვევად გვევლინება“, – ნათქვამია ანგარიშში.

საანგარიში პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 122 ფაქტი შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17% სქესის/გენდერის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა, 16% – განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციაზე დავობდა, 8% – ეროვნების/მოქალაქეობის ნიშნით, 7% კი – შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მიიჩნევდა თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად. 6% – პოლიტიკური შეხედულების ნიშნით, 5% კი – რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობაზე დავობდა. დოკუმენტის თანახმად, ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევაზე განმცხადებელთა 4 – 4% მიუთითებდა, ხოლო, 2% შემთხვევაში განმცხადებლებმა პროფესიული კავშირის კუთვნილების ნიშანზე მიუთითეს. სხვა ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობა ამ საანგარიშო პერიოდშიც აქტუალური იყო და განცხადებების ყველაზე მეტი – 31% შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button