ახალი ამბები

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს „უცხოური აგენტების“ კანონი

24 აპრილს ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტმა ოლივერ როპკემ და ამავე კომიტეტის საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტმა დიმიტრის დიმიტრიადისმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონრპროექტის ხელახლა ინიცირების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ის. მათ აღნიშნეს, რომ კანონპროექტი „პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი აქტიურადაა ჩართული საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვეობით. ამასთან, მან წამოაყენა ინიციატივა, რომ კომიტეტის საკონსულტაციო მუშაობაში მოიზიდოს წევრები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან, მათ შორის 15 საქართველოდან, რაც არის ნაბიჯი ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ამ დისკრიმინაციული ინიციატივით, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და მედიის წინააღმდეგ. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მომავალ კვირას მისი მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობენ, ასევე მათ სტიგმატიზაციასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტის წარმომადგენლები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და არ მიიღოს კანონი მომავალ კვირას, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული“.

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი მოქმედებს როგორც ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის საკონსულტაციო ორგანო, როგორც ამას ევროკავშირის შესახებ 1957 წლის ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button