skip to content
ახალი ამბები

ISFED სამართალდამცველებს კერზაიას საქმის „დროული, სრულყოფილი“ გამოძიებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება ეჭვებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნით იყო გამოყენებული.

ორგანიზაციის მიერ 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ განათლების სამინისტრომ 2018 წელს სკოლებში სულ შვიდი ინსპექტირება ჩაატარა, მათგან ექვსი ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაც, რომლის დირექტორზეც, ია კერზაიზე, გავრცელებული ინფორმაციით, ზეწოლა განხორციელდა. მას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ.

ია კერზაიას ოჯახის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ზუგდიდში ინსპექტირების სამსახური მას შემდეგ გააგზავნა, რაც სკოლის დირექტორმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ინსპექტორებმა საკუთარი დასკვნა მოკვლევის დაწყებიდან მალევე, ორი კვირის თავზე გამოაქვეყნეს და სკოლის სამეურვეო საბჭოს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართეს.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო.

ISFED-ის თქმით, საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, მათ შორის, მასწავლებლებზე, პოლიტიკური დევნა და ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფართოდ იყო გავრცელებული. ორგანიზაციისავე განცხადებით, ზოგიერთი საჯარო მოხელე აიძულეს, რომ მხარი ზურაბიშვილისთვის დაეჭირა, ხოლო სხვებს პოტენციური ამომრჩევლების სიების შედგენა დაავალეს ან სთხოვეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები დაერწმუნებინათ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირათ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა

ISFED-ის განაცხადებით, მართალია, ინსპექტირებამ სკოლის მმართველობასა და ინფრასტრუქტურაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა, მთლიანი ინსპექტირების პროცესი „პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს“ შეიცავდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, კერზაიას წინააღმდეგ წერილობითი საჩივრის მიღებიდან რამდენიმე საათში მიიღო. ISFED-ის განმარტებით, ეს ეჭვებს აღძრავს, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებას საჩივრის მიღების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონოდა.

ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ „არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოქალაქე, რომლის სახელით, გვარით და მისამართითაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სამინისტროში განცხადება შევიდა, არ არსებობს“. უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილება ავტორის ვინაობის დამალვის თაობაზე ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ISFED-ის განმარტებით, ინსპექტირების დასკვნაში მოყვანილი ზოგიერთი შეფასება გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას ვერ პასუხობს. ორგანიზაციის განცხადებით, დირექტორის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია „მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე“.

„მოქალაქის განცხადებისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროვებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISFED მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული. ორგანიზაცია განათლების სამინისტროსაც მიმართავს და მას ინსპექტირების სტანდარტების და მეთოდოლოგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ამ მექანიზმის გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. ხმების 50 %-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ. მეორე ტურში გამარჯვება ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ხმების 59.52 % მიიღო, ვაშაძე კი, 40.48 %. გრიგოლ ვაშაძე არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ამის მიზეზად მასობრივ გაყალბებას ასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button