skip to content
ახალი ამბები

რატომ შეწყდა კერზაიას საქმის ძიება?

ექვსთვიანი ძიების შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დროს, უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიება, რასაც ამავე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა, შეწყვიტა.

რას იკვლევდა პროკურატურა და რატომ შეწყდა გამოძიების პროცესი?

პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმის ძიება ამავე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის მტკიცებითაც, სკოლის ინსპექტირებისას, ია კერზაიას მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას ჰქონდა ადგილი.

ბაჩანა შენგელიასვე განცხადებით, ია კერზაიას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას სთხოვდნენ, რაზეც იგი უარს ამბობდა. შენგელიას თქმით, ია კერზაიამ მასზე განხორციელებულ ზეწოლას და წნეხს ვერ გაუძლო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესება გამოიწვია. იგი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ზეწოლის შესახებ გარდაცვალებამდე თავად ია კერზაიაც საუბრობდა.

გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში, პროკურატურამ განმარტა: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას  ადგილი  ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. [აგრეთვე] არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის“.

როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი?

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ყველა ის პირი გამოიკითხა, რომლებსაც ინსპექტირების ჩატარებასთან პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდათ, მათ შორის ისინიც, „ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც თავად განმცხადებელი მიუთითებდა“. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხულთა სიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, უწყებამ „საქმისთვის მნიშვნელობის მქონე“ ინფორმაცია და დოკუმენტაციაც „სრულყოფილად შეისწავლა“ და ყველა ის გარემოება გადაამოწმა, რომელიც ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას შეეხებოდა. უწყებისვე განცხადებით, ბაჩანა შენგელაიას და მისი ინტერესების დამცველს საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ და მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდათ.

გამოძიების პროცესს თავიდანვე უნდობლობას უცხადებდა ია კერზაიას ოჯახი და აცხადებდა, რომ ის არაეფექტიანი იყო და არასწორი გზით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ვაჟი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ არსებობდა „უპრეცედენტო ფაქტები“ იმისა, თუ როგორ უშლიდა ხელს ხელისუფლება გამოძიების ჩატარებას.

გამოძიების განზრახ არასწორი მიმართულებით წაყვანაში საგამოძიებო უწყება შენგელიამ კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც პროკურატურამ საქმეზე ძიების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. იგი პროკურატურის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და უწყება მთავარი მტკიცებულებების დაგვიანებით ამოღებასა და მოგვიანებით განადგურებაში დაადანაშაულა.

„ჩემი ბრძოლის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს… სამართალი აუცილებლად იზეიმებს!“, – დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს პარტია ევროპული საქართველო, რის შემდეგაც პარტია საკითხთან მიმართებით სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

როგორ დაიწყო დისციპლინური წარმოება ია კერზაიას წინააღმდეგ?

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას წინააღმდეგ, განათლების სამინისტროს საჩივრით ანონიმურმა ავტორმა ლავრენტი ქირიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან 10 დღის შემდეგ, 2018 წლის 8 ნოემბერს, მიმართა. იგი საჩივარში სკოლაში არსებული დარღვევების გამო, უწყებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

განათლების სამინისტრომ ანონიმური წყაროსგან მიღებულ საჩივარზე რეკორდულად მოკლე დროში იმოქმედა. კერძოდ, სამინისტროში 2018 წლის 8 ნოემბრის დღის 13:34 საათზე შესული განცხადება ზუსტად 2 წუთში ელექტრონულ რეგისტრაციაში გაატარა და მინისტრამდე მიიტანა, ასევე ორ წუთში დოკუმენტი რეაგირებისთვის ინსპექტირების სამსახურს გადაუგზავნა და 4 წუთში ის უკვე პირველი კატეგორიის უფროსი ანალიტიკოსის ხელში იყო.

იმავე დღის 6 საათისთვის მზად იყო უკვე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების შესახებ განათლების მინისტრის ელექტრონული ბრძანებაც. უკვე მეორე დღეს, 9 ნოემბერს, ინსპექტირების სამსახური სკოლის შესამოწმებლად ზუგდიდში გაემგზავრა.

სწრაფადვე იმოქმედა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმაც და დასკვნა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შესვლიდან დაახლოებით ორ კვირაში დადო. სკოლის ერთკვირიანი (2018 წლის 9-15 ნოემბერი) ინსპექტირების შემდეგ, სამსახურმა სკოლაში სხვადასხვა სახის ხარვეზები გამოავლინა და შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემისა და სკოლის დირექტორის ია კერზაიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის რეკომენდაცია გასცა.

რას ამბობდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი?

ია კერზაიას საქმე თავიდანვე გახდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი.

კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განმარტებების მიღების მიზნით, პარლამენტშიც დაიბარა. საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც განათლების მინისტრს ოპოზიციის არაერთ კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხდა. ბატიაშვილი ია კერზაიას პოლიტიკური ნიშნით დევნას კატეგორიულად გამორიცხავდა და ოპოზიციას ოპოზიციას თემით სპეკულირებისგან თავის შეკავებას ურჩევდა.

წინასაარჩევნოდ ინსპექტირების მექანიზმის საარჩევნო პროცესში ხმების მობილიზებისთვის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობდა არასამთავრობო სექტორიც. საქმის მოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ“ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ კერზაიას წინააღმდეგ შესული საჩივრის განხილვის სისწრაფე აჩენდა ეჭვებს, რომ პროცესი, შესაძლოა, „მიზანმიმართული“ და „წინასწარ დაგეგმილი“ ყოფილიყო, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, „სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენა“ იყო.

იმავეს მიუთითებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“. ორგანიზაციაში განმარტავდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, მათ შორის, მასწავლებლებზე პოლიტიკური დევნა და ზეწოლა ფართოდ იყო გავრცელებული და მსგავს შემთხვევებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში „სისტემური ხასიათი“ ჰქონდა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button