Placeholder canvas
ინტერვიუმოსაზრება

„ფრიდომ ჰაუსის“ მკვლევარი: „დეზინფორმაციას ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ავრცელებს“

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება უკვე მეცხრე წელია, უწყვეტად იკლებს. შეფასებული 65 ქვეყნიდან 47-ში პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ საკითხებზე გამოხატული აზრის გამო ადამიანებს აკავებდნენ. საქართველო სომხეთთან ერთად 75 ქულით ევრაზიის რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია და თავისუფალი ქვეყნების რიცხვში იკავებს ადგილს. ნახევრად თავისუფალი ქვეყნებია ყირგიზეთი და უკრაინა. არათავისუფალ ქვეყნებადაა მონიშნული აზერბაიჯანი, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

საქართველოზე საუბრისას მკვლევრებმა ცენზურისა და რეგულაციების ნაკლებობასთან ერთად, იმ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს – მაგალითად, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციისა გავრცელებასა და „ტროლინგზე“, როგორც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მექანიზმზე. ანგარიში ამტკიცებს, რომ ამ მეთოდს პრო-სამთავრობო ჯგუფებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში ოპოზიციის მხარდამჭერი და მის მიმართ კეთილგანწყობილი ჯგუფებიც იყენებენ.

ანგარიშის საკვლევი პერიოდი 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გამონაკლისის სახით აღინიშნა 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენებიც. „ტროლინგი, კონკრეტულად კი მთავრობასთან დაკავშირებული ბოტებისა და მომხმარებლების მიერ, გააქტიურდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ივნისის პროტესტისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას იყო. გარდა ამისა, რამდენიმე მაღალი რანგის/ცნობილი შემთხვევები ონლაინ შეურაცხყოფისა და შევიწროებისა, კვლავ აუარესებს ინტერნეტ ლანდშაფტს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ამერიკის ხმა“ „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის – „ინტერნეტის თავისუფლება – 2019“ -ის ერთ-ერთ ავტორს, მკვლევარ ნოა ბაიონს ესაუბრა. ბაიონი კვლევის ევროპისა და ევრაზიის ნაწილზე მუშაობდა.

ამერიკის ხმა: წლევანდელ ანგარიშს „სოციალური მედიის კრიზისი“ ჰქვია. რა იწვევს კრიზისს, რა არის ის გლობალური ტენდენციები, რომლებიც ამგვარ შეფასებას იმსახურებს?

ნოა ბაიონი: კრიზისი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ორი მიმართულებით იშლება. პირველი, სოციალურ მედიას, როგორც ავტორიტარული ქვეყნების ავტორიტარი ლიდერები, ისე დემოკრატიულ სახელმწიფოთა პოპულისტები იყენებენ, რათა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინონ და ეს არჩევნების შედეგებზე ასახონ.

მეორე მხრივ, სოციალური მედია ლიდერებსა და მთავრობებს აძლევს საშუალებას, მოიპოვონ დიდი ინფორმაცია, რომლითაც მათ მასობრივი, უპრეცედენტო მასშტაბის თვალთვალი შეუძლიათ.

ეს უბრალოდ მზარდი ტენდენციაა, რომელმაც წელს თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, თუ რაღაც, სავსებით ახალი?

ეს პრობლემა ბევრი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ვფიქრობ, მსოფლიომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გამოწვევას თვალი მხოლოდ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისას გაუსწორა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა წინაპირობებიც, მაგრამ სოციალურმა მედიამ განაგრძო ზრდა, ის უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად,  იზრდება იმის შესაძლებლობაც, რომ ის შეუფერებელი მიზნებისათვის გამოიყენონ,

რა უმთავრესი ტენდენციები გამოვლინდა ევრაზიის რეგიონში?

ევრაზიაში ინტერნეტის თავისუფლების მხრივ შერეული სურათი გვხვდება. აქ ერთი მხრივ, გვაქვს ნათელი წერტილები საქართველოსა და სომხეთის სახით, მეორე მხრივ კი, გვაქვს რუსეთი და ყაზახეთი, რომლებიც ინტერნეტის თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის კვლავაც ყველაზე მეტი გამოწვევის მქონე გარემოს წარმოადგენენ. ევრაზიაშიც იმავე ტიპის მოვლენები ვითარდება, როგორი ტიპისაც – ზოგადად, მსოფლიოში.

აქაც, განსაკუთრებით კი რუსეთსა და ყაზახეთში, უთვალთვალებენ და აყურადებენ მოქალაქეებს. ამას გარდა, სოციალური მედია მთელ ევრაზიაში, მათ შორის საქართველოშიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო და უფრო „დაბინძურებული“ სფერო ხდება. გვხვდება მოსაზრებები და სენსაციები, რომელთა უმეტესობაც არის მცდარი და მათი გამავრცელებლები ცდილობენ საზოგადოებრივი დისკუსიები წარმართონ ისეთი მიმართულებით, რა მიმართულებითაც, ბუნებრივად, შეიძლებოდა, ისინი არ წარმართულიყო.  

ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია ევრაზიაში არის ის, რაც [ახლახან] პირველად რუსეთში მოხდა. შეიძლება იცოდეთ კიდევ წლევანდელი, პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება ე.წ. „სუვერენული ინტერნეტის“ თაობაზე. (რუსეთში პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც  ხელისუფლებას ფართო შესაძლებლობებსა და უფლებებს აძლევს, რომ ინტერნეტის გამოყენება შეზღუდოს. მას შეეძლება რუსეთში ონლაინ გვერდები თუ პლატფორმები „გადაუდებელი საჭიროების“ მიზეზით გათიშოს, ან დაბლოკოს მსოფლიო, გლობალურ ქსელთან კავშირი. მთავრობა ამას კიბერ-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ხსნის – ამერიკის ხმის შენიშვნა.)

ეს კანონი ცდილობს ინტერნეტი რუსეთის ტერიტორიულ საზღვრებში მოაქციოს, შექმნას ინტერნეტის იზოლირებული ვერსია. ნაკლები მასშტაბით, იგივე მოდელი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენეს, იქნება ეს ყაზახეთი, აზერბაიჯანი თუ ბელორუსი. თუმცა, ამ სახელმწიფოების ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ არის რუსეთის მსგავსი.

კიდევ ერთი ტენდენცია,  რომელსაც ვხედავდით, არის სოციალურ მედიაში ნათქვამის გამო რიგითი მოქალაქეების გასამართლება. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, ბელორუსში, რუსეთსა და ყაზახეთში: რიგითი მოქალაქეები, რომლებიც საუბრობდნენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, დააკავეს, პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს და ზოგ შემთხვევაში, გაასამართლეს და დააპატიმრეს კიდეც.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ მთავრობასთან დაკავშირებულ ბოტებსა და მომხმარებლებზე, რომელნიც [განსაკუთრებით] გააქტიურდნენ, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას და 2019 წლის ივნისის ანტისამთავრობო პროტესტისას. რას ნიშნავს ეს?

საქართველო ნამდვილად არის ნათელი წერტილი ამ ანგარიშში. ინტერნეტის თავისუფლება არის არა ორი პარტიის, არამედ, მრავალი პარტიის, მრავალი მხარის მიზანი. ბევრი კუთხით ინტერნეტი საქართველოში არის იმაზე თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა; უმჯობესდება ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი; ნაკლები შეზღუდვაა შინაარსის მხრივ; არ გვინახავს ვებ-გვერდების მნიშვნელოვანი დაბლოკვა, ან  შინაარსობრივი მასალის მოხსნა, რაც აღნიშვნად შეიძლება ღირდეს.

ამ წელს ვნახეთ სხვა მისასალმებელი ცვლილებაც, როგორიცაა, მაგალითად, ახალ კონსტიტუციაში ინტერნეტზე წვდომისა და მისი თავისუფალი მოხმარების უფლების განსაზღვრების გაჩენა. ასევე ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიუღებლად იქნა მიჩნეული მარეგულირებელი კომისიის სადავო რეგულაცია, ე.წ. „მიუღებელი შინაარსის მქონე მასალის“ თაობაზე. ეს ინტერნეტის თავისუფლების დაცვის ახალი საფეხური, მაღალი ხარისხია.

რაც შეეხება მანიპულაციას მთავრობის მხრიდან, ვიტყოდი, რომ მხოლოდ პრო-სამთავრობო კომენტატორები არ ცდილობენ საქართველოში ონლაინ საინფორმაციო ლანდშაფტით მანიპულირებას. ეს ქვეყნის ყველა ჯგუფს ეხება. ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენებისას არაერთი სოციალური გვერდი თუ ინდივიდუალური პირის ანგარიში ცდილობდა პროსამთავრობო ნარატივის გაძლიერებას. ვხედავთ, ასევე, ულტრა-მემარჯვენე ანგარიშების შემქმნელებსაც, რომელთა ნაწილი შეიძლება დაკავშირებული იყო რუსეთთან, მაგალითად ისინი, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ცნობებს „თბილისი პრაიდზე“. იგივე ხდებოდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც 2018-ში. ორივე მხარე იყენებდა „ფეისბუქის“ გვერდებსა და ანგარიშებს ოპონენტებისთვის ჩირქის მოსაცხებად.

ერთ-ერთი შემთხვევა, რასაც ხაზი გავუსვით, იყო სექსუალური განათლების საკითხებზე მომუშავე აქტივისტის ტროლინგი და შევიწროება. პრობლემაა სიძულვილის ენაც. ეს არაა საკუთრივ ქართული მოვლენა, თუმცა ზოგჯერ ამან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე შეიძლება განსაკუთრებული ხასიათი შეიძინოს.

ონლაინ სივრცის „დაბინძურებასა“ და დისკუსიების წარმართვაზე საუბრობთ, ხედავთ ამ ყველაფერში კრემლის დეზინფორმაციული მანქანის კვალს?

შეიძლება ძნელი იყოს რომ ამ ტიპის შიდა დეზინფორმაციის ოპერაციებში რუსული ანაბეჭდები დავაფიქსიროთ. „ფეისბუქი“ ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გაუქმდეს ის ანგარიშები, რომელთა სამიზნეც, სხვათა შორის, ქართველი მომხმარებელიცაა. მათ შორისაა ისეთი ანგარიშებიც, რომლებიც შესაძლოა რუსეთს უკავშირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს იმას, რომ დეზინფორმაციას არა მხოლოდ რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული აქტორები ავრცელებენ, არამედ, პრაქტიკულად ყველა მხარე შიდა პოლიტიკური სპექტრისა.

ამბობთ, რომ არა მხოლოდ უცხო ქვეყნის ძალები, არამედ ქვეყნის შიგნით მოქმედი პირები, პარტიები თუ მათთან დაკავშირებული ან მათდამი კეთილგანწყობილი ჯგუფები აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტით. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამან ხელი შეუწყოს ზოგადად ინტერნეტის და ინტერნეტით მიღებული ინფორმაციის დისკრედიტირებას, მისი სანდოობისა და ღირებულების, მნიშვნელობის დაკნინებას საზოგადოების თვალში?

ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შეკითხვაა. ონლაინ სივრცეში ბევრი ხმა ისმის, ზოგი მათგანი სანდოა, ზოგი – არა. არ მინდა, ამის შესახებ ძალიან ზოგადად ვილაპარაკო. მაგრამ ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში ონლაინ-წყაროების მიმართ გამორჩეულად დიდი ნდობა არსებობს. თუმცა, ასევე ვხედავთ იმასაც, თუ რამდენად შეიძლება იყოს უკიდურესად მიკერძოებული, პარტიული და პოლარიზებული მოსაზრებები წინ წამოწეული იმის გამო, რომ სოციალური მედიის ალგორითმები ასე მუშაობს.

ინტერნეტი მეტ ხალხს აძლევს წვდომას უფრო სანდო ინფორმაციაზე, მაგრამ ამავე დროს უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე სიძულვილის შემცველი, არასწორი ინფორმაციის პირისპირ.

თქვენი ორგანიზაციის სხვადასხვა ანგარიშში ქვეყნების რეიტინგი სხვადასხვაგვარია და ეს ალბატ, გასაგებიცაა. ზოგიერთი ანგარიში კონკრეტული კრიტერიუმებით აფასებს ქვეყნის განვითარებისა ზოგიერთ მიმართულებას, ზოგი კი ფართო პერსპექტივიდან აკვირდება დემოკრატიულ განვითარებას. ასე მაგალითად, „თავისუფლება მსოფლიოში“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა, ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშებში კი იგი მყარად იკავებს თავისუფალი ქვეყნების სიაში ადგილს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საქართველოს შემთხვევაში?

დიახ, ეს ანგარიშები სხვადასხვა რამეს აკვირდება და უჩვეულო არაა, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში, შესაძლოა ინტერნეტი უფრო თავისუფალი იყოს, ვიდრე – ზოგადი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. მაგალითად, რუსეთში ონლაინ შეგიძლია თქვა და გააკეთო ის, რასაც ინტერნეტის გარეთ ვერ გააკეთებ. ეს  შეუსაბამობა არაა უჩვეულო. მე ვერ შევაფასებ ქვეყნის შიდა პოლიტიკას, მაგრამ ინტერნეტის თავისუფლების კუთხით სამართლებრივი და პოლიტიკური პერსპექტივით, [საქართველოში მომხდარი] ბევრი ცვლილება მეტი თავისუფლებისკენ იყო მიმართული. საქართველოში ნამდვილად არის ჯანსაღი ხმების მრავალფეროვნება. 

თქვენ რა რეკომენდაციები გაქვთ, რომ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების დაღმასვლის ცხრა წელს გაუმჯობესება მოჰყვეს?

ჩვენი ანგარიში მთავრდება ამ სიტყვებით: „ინტერნეტის თავისუფლების მომავალი დამოკიდებულია ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ „შევაკეთოთ“, გავაუმჯობესოთ სოციალური მედია.“ ეს კი მოითხოვს იმ კრიზისის მოგვარებას, რომელზედაც დასაწყისში ვსაუბრობდით.

სახელმწიფოსა და კორპორაციების მხრიდან საჭიროა ახალი წესების დანერგვა, რომლებიც მოიტანს მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას, რომლებიც „დამაბინძურებელ“ ნარატივებს ხელს შეუშლის საჯარო დისკურსის ხელოვნურად შეცვლაში. მეორე მხრივ კი, უფრო ღრმად, გლობალურად უნდა შევხედოთ იმას, რომ სოციალური მედია ხელისუფლებებს თვალთვალის და ე.წ. ციფრული ავტორიტარიზმის დამყარების საშუალებას აძლევს.

საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ გვიხარია იმ დადებითი ცვლილებების დანახვა, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ლიდერები უკეთ და უკეთ იაზრებენ, რომ ონლაინ-პროპაგანდა უფრო ეფექტურია, ვიდრე – ცენზურა. საქართველოში ძალიან ცოტა საიტია დაბლოკილი, მაგრამ ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა, რომელიც ონლაინ სივრცეს აბინძურებს.  


მასალა „სამოქალაქო საქართველოსთვის“ (Civil.ge) ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button