ახალი ამბები

ODIHR-მა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

Tags

28 თებერვალს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებული დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელთა მიზანიც „იმ ძალისხმევის მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდართებთან შესაბამისობაში მოიყვანს“.

ანგარიშის თანახმად, პრიორიტეტული რეკომენდაციებია:

  • საარჩევნო კანონმდებლობიდან ხარვეზების და ორაზროვნების აღმოფხვრა;
  • საარჩევნო კომისიებში უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ საჩივრების ეფექტიანი და დროული განხილვის მექანიზმის ჩამოყალიბება;
  • სიძულვილის ენის და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთა;
  • კამპანიის დაფინანსების ეფექტიანი კონტროლისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;
  • საჩივრების განხილვის პროცედურების გამარტივება;
  • ამომრჩევლების მიერ ანგარიშწორების შიშის გარეშე ხმის მიცემის უზრუნველყოფა.

საფრანგეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, OSCE/ODIHR-ის კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს განუხადა, რომ ის დამკვირვებლებს შეხვდა და იმის გარანტია მისცა, რომ რეკომენდაციები შესრულდება.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის დეტალური შეჯამება:

ამომრჩეველთა მობილიზება

„იმისათვის, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ ანგარიშწორების შიშის გარეშე ხმის მიცემა, საჭიროა კამპანიის დროს სიჩუმის პერიოდის შემოღება, ასევე შესაბამისი პერიმეტრის განსაზღვრა საარჩევნო უბნების გარშემო, სადაც კამპანიის განხორციელება და ამომრჩეველთა მონიტორინგი აიკრძალება“, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მეორე რაუნდის კამპანიის დროს, „ორივე პოლიტიკურმა ძალამ“ – ქართულმა ოცნებამ, რომელიც ღიად ემხრობოდა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა – „ძალისხმევა გააძლიერეს ამომრჩეველთა მობილიზებისთვის, მათ შორის, უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში“.

„ყოველდღიურად ხორციელდებოდა კარდაკარ აგიტაცია და მცირე მასშტაბის შეხვედრები. მმართველი პარტია და ოპოზიცია კვლავ იყენებდა კოორდინატორების მექანიზმს, რომელთაც ამომრჩეველთა პოლიტიკური პრეფერენციების განსაზღვრა ჰქონდათ დავალებული“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც „ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის უამრავი წარმომადგენელი იტყობინებოდა, რომ მმართველი პარტია ამ მექანიზმთან ერთად ასევე იყენებდა ზეწოლის და დაშინების მეთოდს, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებთან და სახელმწიფო კომპენსაციებზე დამოკიდებულ ჯგუფებთან მიმართებაში“.

ODIHR-ის თქმით, „საჭიროა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა დაუყონებლივ მოაგვარონ ამომრჩეველთა შესაძლო დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ან ამომრჩეველთა მოსყოდვის შემთხვევები“, მათ შორის, „ხმის მიცემის საიდუმლოების დაცვის შესახებ სათანადო საინფორმაციო კამპანების გამართვის გზით“.

კამპანიის დაფინანსება/ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

„რაუნდებს შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები გაიზარდა. ODIHR-ის დაკვირვებით, კამპანიის მიზნებისთვის მაღალი რანგის მოხელეები საკუთარი სტრუქტურების ვებგვერდებსაც იყენებდნენ, ხელისუფლებას არცერთი ასეთი შემთხვევა არ განუხილავს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც „მართალია კანონით არ იყო აკრძალული, მაგრამ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის კამპანია მმართველი პარტიის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობით და მხარდაჭერით იმართებოდა“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანონის ვიწრო ინტერპრეტაციამ, როდესაც საქმე ეხება პარტიულ-პოლიტიკურ პირთა მონაწილეობას კამპანიაში, ასევე იმ ფაქტმა, რომ „მერები, გუბერნატორები და დეპუტატები, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენდნენ, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ახლდნენ თითქმის ყველა აქციაზე, რომელსაც ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა… პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაიშალა, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება“.

თავის რეკომენდაციებში, ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოფილ იქნას პარტიას და სახელმწიფოს შორის განცალკევება, ასევე საჭიროა ჩამოყალიბდეს ეფექტიანი და დროული მექანიზმი მიუკერძოებელი და კომპეტენტური ორგანოს მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე არსებული საჩივრების განსახილველად და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სანქციებიც იქნას გამოყენებული.

ანგარიში ხაზს უსმავს, რომ იმისათვის, რომ კამპანიის დაფინანსებაზე ეფექტიანი კონტროლი და მისი გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი, კანონი უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ვადების მიცემას კამპანიის დაფინანსებასთან არსებულ დარღვევებზე რეაგირებისა და დასკვნების გამოქვეყნებისთვის.

დაბალანსებული გაშუქება

ანგარიში მედიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების გაშუქებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ მედიის მონიტორინგის შედეგებმა ბევრ კერძო მედია საშუალების მიერ გაშუქებაში მიკერძოება გამოავლინა, ხოლო მეორე რაუნდისთვის მკაფიო რეგულირების არარსებობამ კანონის განსხვავებული ინტერპრეტაციები და მედიაში კამპანიის წარმოების შეზღუდული შესაძლებლობები გამოიწვია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მეორე რაუნდისთვის გამართული კამპანიის დროს, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აშკარა მიკერძოება გამოიჩინა ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ და არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები სარედაქციო დამოუკიდებლობის, პროგრამების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის თაობაზე, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა მასში მკაფიოდ განისაზღვროს დებულებები მედიაში კამპანიის წარმოების, მათ შორის, უფასო და ფასიანი საეთერო დროის გამოყოფის თაობაზე.

ODIHR ასევე აცხადებს, რომ „უფასო საეთერო დროის გამოყოფის, დებატებში მონაწილეობისა და სარეკლამო თანხების გაცემის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველას კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობები მიეცეს. უფასო საეთერო დროის გამოყოფა კანდიდატებისთვის მედიის შეხედულებისამებრ არ უნდა ხდებოდეს“.

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურს დააკვირდა. ორივე რაუნდზე ODIHR-ის მისიასთან ერთად არჩევნებს ასევე აკვირდებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (მხოლოდ პირველ ტურზე) დამკვირვებლები.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორამციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button