ახალი ამბებიინტერვიუ

საია: პარლამენტი ვალდებულია, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი

ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პლატფორმა დატოვა და ამიტომ მათ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.

„სამოქალაქო საქართველომ“ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიმართა. ეს ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელმაც დატოვა პლატფორმა და განხილვებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ინდივიდუალურ რეჟიმში მონაწილეობის თხოვნით მიმართა.  

რითია განპირობებული საიას გამოსვლა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან და კონკრეტულად თქვენი, როგორც პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრის გასვლა საბჭოდან?

რომელიმე პლატფორმის წევრობა არ არის სავალდებულო პირობა იმისათვის, რომ ამ თუ იმ სამუშაო პროცესში ჩაერთო. საქართველოში არის არაერთი კოალიცია, პლატფორმა, გაერთიანება და ორგანიზაცია თავად წყვეტს, რომელი გაერთიანების წევრობა სურს ან არ სურს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე პლატფორმის წევრობა შეგვეწყვიტა.

რა კომენტარს გააკეთებდით სპიკერ პაპუაშვილის კომენტარზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ ამ პლატფორმის ფარგლებში ისაუბრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და ინდივიდუალურ რეჟიმში არ დართავს მათ ნებას მონაწილეობა მიიღონ  სამუშაო პროცესში.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის თავად ევროკომისიის იმ რეკომენდაციასთან, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობაზე საუბრობს. არ შეიძლება სამუშაო ფორმატებში ჩართულობა მხოლოდ ერთი პლატფორმის მონაწილეობით იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოში არაერთი კვალიფიციური, გამოცდილი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც არ არის ამ პლატფორმის წევრი. პარლამენტი ვალდებულია, მათ შორის ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით,  გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი, რათა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მიეცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების ბერკეტებს, გავლენა მოახდინოს პროცესზე, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პროცესი იმთავითვე უშინაარსო და უშედეგოა? 

ფართო ჩართულობითი პროცესის გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკომისიის დათქმების სრულყოფილი შესრულება. იმედის ვიტოვებთ, რომ პარლამენტი გახსნის სამუშაო ფორმატებს და მას უფრო წარმომადგენლობითს გახდის.

რა არის თქვენი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებში?

ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, ჩართული ვყოფილიყავით სამუშაო ფორმატებში. მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით და ვითხოვეთ შეხვედრა/სამუშაო ფორმატებში ჩართულობა, თუმცა, ამ დროისათვის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ჩვენ ვეცდებით, რომ გამოვნახოთ სხვა გზა, ჩვენი რეკომენდაციები გავაჟღეროთ და მივაწოდოთ საზოგადოებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button