რესპუბლიკა 100

დამოუკიდებლობა: პოლიტიკური დებატები

ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ცხოველი დებატების საგანი იყო ქართული პოლიტიკური პარტიების გაზეთების ფურცლებზე, თვით 1918 მაისის მიწურულშიც კი. როგორც ჩვენი “ძველი ამბებიდან” გახსოვთ, ამ დღეებში თბილისს ოსმალეთის ჯარები ემუქრება, რომელსაც ამიერკავკასიაში, და მათ შორის საქართველოში, მცხოვრები აზერბაიჯანელებიც ეხმარებიან.

ნაციონალ-დემოკრატების გაზეთი “საქართველო”, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჯერ კიდევ 1917 წლიდან მოითხოვდა, სოციალ-დემოკრატებს აზერბაიჯანის ნაციონალისტურ მთავრობასთან იდეოლოგიურ ნიადაგზე ურთიერთობის გაუარესებაში სდებდა ბრალს და ასე აკრიტიკებდა:

“ქართველმა მენშევიკებმა ვერ შეჰქმნეს ამიერკავკასიის ძლიერი “დემოკრატიული ფრონტი”, რომელიც არავისთვის საჭირო არ იყო, გარდა მათი პარტიისა. ამ პოლიტიკამ თათრებს [აზერბაიჯანელებს] დიდი უსიამოვნება მიაყენა. ამან გამოიწვია ჩვენთან მათი ტრადიციული მეგობრული განწყობილების გაფუჭება. ამან აიძულა ისინი უფრო და უფრო დაახლოვებოდნენ ოსმალეთს, რომ მათ სოციალისტურ ბატონობისაგან დაეხსნათ თავი… ყველა მეზობლები გადაჰკიდა და ჩამოაშორა [საქართველოს] ამ ერთი წლის უცნაურმა პოლიტიკამ…”

“საქართველოს” აზრით, “ქართველ ერს ჰქონდა საშუალება თავიდან აეცდინა ეს საშინელება. მას შეეძლო მფარველის, დამხმარეს გამოძებნა, მაგრამ ეს შეუძლებლად მიიჩნიეს გაბატონებულმა პარტიებმა. დღეს მათ უნდა მისცენ ანგარიში ქართველ ერს, საით მიჰყავდათ ის და სად მიიყვანეს.”

სოციალ-დემოკრატიული “ერთობა”, მისი 24 მაისის ნომერში ეროვნულ-დემოკრატებს ასე პასუხობს:

“რისთვის დასჭირდათ ნაციონალ-დემოკრატებს ასეთი უსაბუთო ბრალდების წამოსროლა? ნუთუ თითონ მათ სჯერათ, რომ საქართველოს გამოცალკევების გამოუცხადებლობამ გამოიწვია “ტრადიციულ” მეგობრულ განწყობილების გაფუჭება თათრებთან? ნუთუ “საქართველომ” არ იცის, რომ ოსმალეთის გაბატონებულ წრეებთან არასოდეს მეგობრული განწყობილება არ ჰქონდა ჩვენ ხალხს და პირიქით, ოსმალეთის დემოკრატიასთან, რამდენათაც ეს დემოკრატია არსებობს, არასოდეს უსიამოვნება არ მოგვსვლია.”

“ჩვენ არა მარტო ანგარიშს ვაძლევთ ქართველ ერს, ჩვენ ქართველი ერის სურვილისამებრ ვმოქმედებთ და სწორეთ ქართველ ერის, მისი დემოკრატიის სურვილი იყო რუსეთთან დარჩენილიყო და მის დემოკრატიასთან ერთობაში ეძებნა მფარველობა. როცა რუსეთის დემოკრატია ჰორიზონტიდან გაჰქრა, ჩვენ გამოვაცხადეთ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, რომელიც ადგილობრივ ერების დემოკრატიის ინტერესების საუკეთესო მფარველია. და თუ ერთის მხრით სუსტი გამოდგა ამიერ-კავკასიის დემოკრატიის ნაწილი, ხოლო მეორეს მხრით ჩვენს წინააღმდეგ უცხო მტერმა გამოილაშქრა, ეს არ არის დანაშაული. დანაშაული იქნებოდა პირიქით ის, რომ ჩვენ ხელოვნურათ დაგვესუსტებია ამიერკავკასიის დემოკრატია მისი დაშლით, საქართველოს გამოყოფით და ცალკე სახელმწიფოს გამოცხადებით, რასაც ნაციონალ-დემოკრატები თათრის ბეგებთან ერთად დიდი ხანია ეტრფიან.”

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button