რესპუბლიკა 100

რესპუბლიკის ძახილი

Tags

98 წელი გავიდა 1921 წლის იმ საბედისწერო 25 თებერვლიდან, როდესაც მსოფლიოს უდიდესმა ტოტალიტარულმა იმპერიამ შთანთქა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ზღვარი დაუდო ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შენების პირველ მცდელობას.

მომდევნო ათწლეულებმა “უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები”. საბჭოეთის სისხლიანმა ანგარიშსწორებამ ქვეყნის ცხოვრებიდან – შემდეგ კი მეხსიერებიდანაც – წაშალა დამოუკიდებელი საქართველოსთვის მოღვაწე მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ჯარისა და უსაფრთხოების აპარატის თანამშრომლები, არისტოკრატები და მღვდელმსახურნი.

თუკი ვინმე 20-იან წლებს გადაურჩა, უკვე საბჭოთა სისტემის დროს წმენდის რამოდენიმე ტალღას, მათ შორის საზარელ 1937 წელს შეეწირა, შემდეგ კი უკვე მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა ათობით ათასი ქართველი მებრძოლი.

საქართველოს რესპუბლიკა 1921 წელს არ მომკვდარა. მისი რეალური აღსასრული სწორედ საბჭოთა ათწლეულების სისხლიანი ბაკქანალიის დროს დადგა – დაიღუპა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, პროგრესისათვის მებრძოლი თითქმის მთელი თაობა; დაირღვა სოციალური კავშირები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა რესპუბლიკის დროინდელი რეფორმები; ჩაკვდა უკეთესი მომავლის იმედიც.

იქ, სადაც 1918-21 წლების ოპტიმიზმი და, ზოგჯერ, უპასუხისმგებლო იდეალიზმიც კი ჰყვაოდა, რეპრესიების შიშით ნაკვებმა ეჭვმა და ცინიზმმა დაისადგურა. პირველი რესპუბლიკის მთავრობის პროფესიონალური მიდგომა და იდეოლოგიური მომზადება, კადრის კომუნისტების დოგმატურმა სიხისტემ და კაგებეს მკვლელების ძალადობამ შეცვალა.

ყველაზე სავალალო ისაა, რომ ტოტალიტარიანიზმსა და შიშზე დაფუძნებულ საბჭოეთში გაქრა ის საზოგადოებრივი სოლიდარობა, რომელმაც  ქართულ უნივერსიტეტს, კოოპერაციულ კავშირებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რეალურ პარტიულ ცხოვრებას, თავისუფალ არჩევნებს და ბევრ სხვა პროგრესულ სიახლეს შეუქმნა საფუძველი პირველი რესპუბლიკის დროს.

გაქრა იმდენად, რომ დღეს, პირველი რესპუბლიკის პრესის კითხვისას გვრღნის საბჭოთა ადამიანის ეჭვი – ხომ არ გვატყუებენ? ეს ქველმოქმედება, ლატარიით სტუდენტებისა და უნივერსიტეტების დაფინანსება, მცირე ქალაქების ერობების მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული პროექტები – ნუთუ ეს მართლა ხდებოდა, ნდობის საფუძველზე, სახელმწიფოს ცენტრალიზებული ჩარევის გარეშე? ნუთუ ჩვენ, ქართველები ვაკეთებდით ამას?

ჩაგვრაზე და რეპრესიაზე დაფუძნებული საბჭოთა კავშირი, საქართველოსავით მცირე ქვეყნისათვის იმას ნიშნავდა, რომ პირველი რესპუბლიკის მოწმე თაობიდან 40-იანი წლებისათვის ცოცხლად ან რეპრესიაგამოვლილები გადარჩნენ, ანდა მათი დამბეზღებლები და ჯალათები. კომპარტიის გენერალური ხაზის ცვალებადობა იმას ნიშნავდა, რომ ხშირად, ერთი ადამიანი შეიძლება მაბეზღარაც ყოფილიყო, მსხვერპლიც და ჯალათიც…

საბჭოეთით გამობრძმედილ ადამიანს აღარავისი და აღარაფრის აღარ სჯერა, მით უფრო – უცხო ადამიანების კეთილი ნებისა.

ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთებისდა მიუხედავად, დიდწილად ასეთი იყო საზოგადოება, რომელმაც 1991 წელს სსრკ-ს ფერფლიდან დამოუკიდებელი საქართველო აღადგინა. მომდევნო წლებში, საყოველთაო უნდობლობისა და შუღლის მარცვლებმა ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა.  თუმცა, ეროვნული სახელმწიფოებრიობა მაინც გადარჩა.

გადარჩა დამოუკიდებლობა, თუმცა რესპუბლიკა ვეღარ აღორძინდება, თუკი მოქალაქეებმა ერთმანეთის მხარდაჭერა, გაჭირვებაში უცხო ადამიანებთან სოლიდარობის შეგრძნება ვერ დავიბრუნეთ; თუკი ჩვენი საერთო მომავლის შენებისა და საერთო მიზნისაკენ სწრაფვის ჟინი – სახელმწიფოებრიობაში გამოხატული – კვლავაც არ შევიგრძენით.

თუკი ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები, არ განვიცდით თანაგრძნობას მათ მიმართ, ვინც ჩვენზე სუსტია ანდა დახმარებას საჭიროებს, ჩვენ მიერ არჩეული მთავრობა მათ არასოდეს დაეხმარება. თუკი ჩვენ, როგორც თავისუფალ მოქალაქეებს, არ შეგვაწუხებს ჩვენი სამეზობლოსა და მეზობლების უსაფრთხოება, ჩვენს მიერ დაქირავებული პოლიცია ვერასდროს დაგვიცავს. თუკი ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები, ვერ შევიცნობთ მოყვარესა და მტერს, ჩვენს მიერ არჩეული ლიდერები ბალანსირებაში გალევენ დღეებს.

იმისთვის, რომ რესპუბლიკა იშვას, ის ჯერ მოქალაქეების წარმოსახვაში უნდა ჩაისახოს. მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენში იარსებობებს საერთო მომავლის ეს საერთო ზმანება, შეიძლება აღიძრას ნება მისი თანდათანობითი, მაგრამ ხელშესახები და მდგრადი განსხეულებისთვის.

1918 წელს საქართველოს გაუმართლა, რომ წინა თაობების ღვაწლითა და რუდუნებით, მას უხვად ჰყავდა ჭკვიანი, განათლებული, გამოცდილი, შვილები – ქალები და მამაკაცები – რომლებმაც ნათლად დაინახეს საერთო მომავალი და ეს საერთო ოცნება 1921 წლის 21 თებერვალს, მტრის ზარბაზნების გრიალში მიღებულ კონსტიტუციაში ასახეს. ამ თაობის სიცოცხლეს ბოლო ნაადრევად მოუღო მტერმა, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მათი ნაოცნებარი რესპუბლიკა ხორცს შეისხამდა.

ახალ თაობას, შეგვიძლია დავეყრდნოთ მათ იდეებსა და რწმენას, ვეზიაროთ მათ წარმატებებსა და გავიაზროთ მათი შეცდომები, თუკი მათ გამოცდილებას უკვე სისხლსა და ხორცში გამჯდარი ცინიზმის გარეშე მოვეკიდებით.

პირველი რესპუბლიკის დროიდან ბევრმა იდეოლოგიურმა ქარტეხილმა გადაიარა, მაგრამ რესპუბლიკის დროშაზე ყოველთვის ეწერება კაცობრიობის წინსვლის, პიროვნული თავისუფლების, ჩაგრულთა მიმართ თანადგომის იდეები.

დროა, ტოტალიტარული მმართველობის მიერ გამოშიგნულმა ამ ცნებებმა კვლავაც შეიძინონ პოლიტიკური მნიშვნელობა.

დროა, რესპუბლიკა ხელახლა იშვას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button