skip to content
რესპუბლიკა 100

არქივები: საქართველოს აწეწილი მეხსიერება

მოგვითხრობს ირაკლი ხვადაგიანი, მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

საქართველოში თანამედროვე საარქივო დაწესებულებების და ქსელების გამოჩენა ჯერ 19-ე საუკუნეში, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო აპარატის მოქმედებას და შემდეგ კი 1918 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების კვალდაკვალ წამოწყებულ დიდ რეფორმებს უკავშირდება.

იმპერიის მეხსიერება

19-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები მიიერთა, შემდეგ კი მთლიანად სამხრეთ კავკასია აქცია იმპერიის განაპირა პროვინციად. ახალ, იმპერიულ საგუბერნიო და სამხარეო მმართველობას შესაბამისი ოფიციალური საქმეების წარმოების სისტემატიზაცია და ცენტრალიზაცია მოჰყვა, რამაც დოკუმენტების გრძელვადიანი შენახვის საჭიროება მოიტანა.

ამასთანავე, იმპერიის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაიწყო როგორც კავკასიის ეთნოგრაფიული შესწავლა და ამისათვის საჭირო წყაროების შეგროვება, ასევე საკუთარი პოლიტიკური მოქმედებების ისტორიის დოკუმენტირებაც, რამაც უკვე საისტორიო-ეთნოგრაფიული ტიპის წყაროების საცავის დაარსება და განვითარებაც მოიტანა.

პირველი ოფიციალური საარქივო უწყება და საცავი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიასთან მოეწყო 1800-იანი წლების დასაწყისში. შესაბამისად, საუწყებო არქივები ამუშავდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, რომელთა დოკუმენტური მემკვიდრეობაც მათი ლიკვიდიაციის ან რესტრუქტურიზაციის კვალდაკვალ ინაცვლებდა ახალ დაწესებულებაში ან გადაეცემოდა მთავარ საარქივო საცავს ტფილისში.

ამ პერიოდიდან გაჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი და მდიდარი საარქივო ფონდები როგორიც: კავკასიის მთავარმართებლის და კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის არქივები, კავკასიის მთავარი შტაბის და სამხედრო ოლქის შტაბის არქივები, ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არქივი, ტფილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოს არქივი, კავკასიის მეფისნაცვლის დიპლომატიური კანცელარიის არქივი, საგუბერნიო არქივები და აშ.

1817 წლიდან კავკასიაში რუსეთის იმპერიის უმაღლესმა საეკლესიო მმართველობამ “საქართველო იმერეთის სინოდალურმა კანტორამ” დაიწყო ძველი საეკლესიო საბუთების – სიგელ-გუჯრებისა და ხელნაწერების შეგროვება. არქივი განთავსებული იყო ტფილისში, 1824 წლიდან მას არქივარიუსიც დაუყენეს, თუმცა 19-ე საუკუნის ბოლოსაც კი ამ არქივში დოკუმენტების აღრიცხვა, დაკომპლექტება და შენახვის პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

1864 წელს დაარსდა “კავკასიის არქეოგრაფიული კომისია”, რომელსაც ერთი მხრივ – კავკასიის ისტორიული, გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული პროფილის ამსახველი წყაროები უნდა გამოევლინდა და შეესწავლა, მეორე მხრივ კი კავკასიაში რუსეთის “სამოქალქო მმართველობის” დოკუმენტირებაც უნდა ეკისრა. კომისია 1917 წლამდე არსებობდა  და ამ ხნის მანძილზე გამოსცემდა “აქტების კრებულებს” (სულ 12 ტომი). შეგროვილი დოკუმენტაცია კი მათ არქივში ინახებოდა.

სამოქალაქო მეხსიერება

მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, იმპერიის საარქივო სტრუქტურების პარალელურად უკვე სამოქალაქო-სამეცნიერო ალტერნატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება იწყება, რომელთაც ასევე დაიწყეს ისტორიული ნაშთების, არტეფაქტების და დოკუმენტური წყაროების მოძება და სისტემატიზაცია – შესაბამისად ამ ორგანიზაციებთანაც გაჩნდა საბიბლიოთეკო და საარქივო ნაწილი, ისევე, როგორც მათი შესაბამისი სპეციალიზაციის საჭიროებაც.

1879 წელს დაარსებულ “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”, საგანმანათლებლო მისიის გარდა, იმთავითვე გათვალისწინებული ჰქონდა ისტორიული დოკუმენტური მემკვიდრეობის გადარჩენაც.

წლების განმავლობაში, საზოგადოების “სამკითხველო-მუზეუმში” თავის იყრიდა ძველი სიგელ-გუჯრები და ბეჭდური გამოცემები. 1915 წლისათვის საზოგადოებას შეგროვილი ჰქონდა: 1956 ძველი ხელნაწერი, 1341 სიგელ-გუჯარი, 4058 ქართული ნაბეჭდი და 5185 უცხოენოვანი გამოცემა. საზოგადოება პერიოდულად სამეცნიეროდ დამუშავებულად გამოსცემდა ამ წყაროებს.

1888 წლიდან თბილისში არსებობდა “ტფილისის სიძველეთსაცავი”, რომელიც შედგომში  “საეკლესიო მუზეუმად” გარდაიქმნა.

1907 წლიდან ამოქმედებულმა “საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებამაც” დიდი წვლილი შეიტანა ისტორიული წყარეობის ფიქსაციასა და სამეცნიერო კვლევაში. 1920-იანი წლებისათვის ამ საზოგადოებას შეგროვილი ჰქონდა 15 239 ძველი ისტორიული დოკუმენტი, 4018 არტეფაქტი, 2705 ქართული და 9784 უცხოენოვანი ბეჭდური გამოცემა.

1930-იანი წლების განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებების არქივები და სხვა ოფიციალური არქივებიდან გამოცალკევებული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას გადაეცა, რომელიც შემდგემში ხელნაწერთა ინსტიტუტად იქცა და დღემდე ფუნქციონირებს.

კერძო მეხსიერება

19-ე მე-20 საუკუნეების მიჯნიდან, ისტორიული დოკუმენტაციის ფიქსაციისა და დოკუმენტური ფონდების შექმნაში თავისი წვლილი ცალკეულმა მოქალაქეებმა – მკვლევრებმა თუ განმანათლებლებმაც შეიტანეს, რომელთა პირადი ბიბლიოთეკები და დაკუმენტების კოლექციები, შემდგომში დიდი ღირებულების საარქივო და საბიბლიოთეკო ფონდებად იქცნენ.

ამ მხრივ ძალზე გამორჩეულია ქუთაისელი განმანათლებლის, გამომცემლის და ბიბლიოფილის, წიგნის “კანტორა “იმერეთის” მეპატრონის ისიდორე კვიცარიძის წვლილი. სწორედ მის მიერ შეგროვილი და სისტემატიზებული ქარული პერიოდული გამოცემების კოლექცია იქცა ქართულენოვანი პრესის საბიბლიოთეკო ფონდის ძირითადი ბირთვი 1920-იან წლებში.

ხელნაწერებიც იწვის

პირველ მსოფლიო ომს, მას მოყოლილ რუსეთის იმპერიის ნგრევას და ქაოსს უკავშირდება ტრაგიკული და ძირეული ცვლილებები ისტორიული დოკუმენტების საცავების მდგომარეობის კუთხითაც.

ისტორიული წყაროების მასობრივი განადგურების სერია საქართველოში 1914 წლიდან დაიწყო.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ინიციატივა ხელში ოსმალეთის იმპერიამ ჩაიგდო და ღრმად შემოიჭრა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, რამაც კავკასიის ადმინისტრაციაში პანიკური განწყობა შექმნა.

დაიწყო სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყებების ქონების და სამუზეუმო და საარქივო ფონდების ევაკუაცია ჩრდილო კავკასიაში. ფრონტის მდგომარეობის სტაბილიზაციის და კონტრშეტევების მიუხედავად, ევაკუარებული არქივების და ექსპონანტების დაბრუნება დროში გაიწელა და კიდევ უფრო შეფერხდა რუსეთში 1917 წლის რევოლუციის, ბოლშევიკური გადატრიალების და სამოქალაქო ომის გაჩაღების კვალდაკვალ.

ევაკუირებული საარქივო ფონდები ამ ხნის განმავლობაში შენახვისათვის აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებში იყო, რის გამო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა, განადგურდა, ან დაიფანტა და დაიკარგა უყურადღებობის გამო.

დარჩენილი ნაწილის დაბრუნება მხოლოდ 1923 წლისათვის მოხერხდა მთავარი საარქივო სამმართველოს სპეციალური ექსპედიიცის შედეგად.

რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, 1917-1920 წლებში, იმპერიის ადგილობრივი ადმინისტრაციის უწყებათა არქივების ნაწილი უყურადღებობისა და ქაოსის გამო დაიფანტა და განადგურდა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მანამდეც ეს საუწყებო არქივები, ისევე როგორც ცენტრალური მნიშვნელობის უწყებების ფონდები არ გამოირჩეოდნენ შენახვის პირობების და ორგანიზაციის მაღალი ხარისხით.

იმპერიის დაცემის დროს ყოფილმა მოხელეებმა პოლიტიკური საბაბით, საკუთარი და კოლეგების მამხილებელი (ახალი ხელისუფლების პირობებში) მასალების განადგურებასაც მიჰყვეს ხელი: კერძოდ, 1917 წელს დაწვეს ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს არქივი და ბათუმის პოლიციის არქივი.

პირველი რესპუბლიკა

1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა მძიმე პირობებში შეუდგა ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას და საზოგადოებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფას.

პირველი მსოფლიო ომის შედეგები კატასტროფული იყო. მისი დასრულების შემდგომ ამიერკავკასიაში მუდმივად საომარი მდგომარეობა სუფევდა, საქართველოს რესპუბლიკა მუდმივად სამხედრო ვითარებაში იყო, განსაკუთრებით 1918-1919 წლებში.

ამ ვითარებაში, მორყეული სახელმწიფო აპარატის ფუნდამენტური განახლდება ფერხდებოდა და ეს პრობლემა საისტორიო და სახელმწიფო უწყებების არქივებსაც შეეხო.

დღეს, სამწუხაროდ არ გვაქვს კვლევა, რომელიც საფუძვლიანად,  პირველად წყაროებზე დაყრდნობით გააშუქებდა 1918-1921 წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის საარქივო რეფორმასა და პოლიტიკას ამ სფეროში.

ძირითადი ცნობები დაფიქსირებულია 1920-იანი წლების მასალებში, რომლებიც ძალზე ტენდენციურია, რადგან უკვე ბოლშევიკური დიქტატურის პირობებშია დაწერილი და დემოკრატიული რესპუბლიკის ყოველმხრივ დისკრედიტიაციას ისახავს მიზნად.

დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1920 წელს, საგარეო და შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურების ფონზე დაიწყო ფუნდამენტური საკანონმდებლო ჩარჩოების დაწესება და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

პეტრე გელეიშვილი, ცენტრალური სამეცნიერო არქივის პირველი ხელმძღვანელი. წყარო: ეროვნული არქივი, ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს ფოტო-კარტოთეკა.

1920 წლის   23 აპრილს  საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პეტრე გელეიშვილი, დამფუძნებელი კრების დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძველი მოღვაწე, ცნობილი პუბლიცისტი.

1917 წლამდე იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშა არქივარიუსი იყო, შესაბამისად საარქივო სფეროს სპეციფიკა და პრობლემატიკა მისთვის უცხო არ ყოფილა.

ცენტრალურ სამეცნიერო არქივს საკუთრებაში გადაეცა დღევანდელ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი საოლქო სამხედრო სასამართლოს შენობა.

რამდენადაც ამ ეტაპზე ცნობილია, ცენტრალურმა არქივმა დაიწყო მთელს რესპუბლიკაში გაფანტული და უყურადღებოდ დარჩენილი არქივების და ფონდების იდენტიფიკაცია, მათი დაცვის ღონისძიებების და ცენტრალიზაციის უზრუნველყოფა. ამ დროისათვის, სფეროში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას აჩვენებს სამეცნიერო არქივის მიერო მომზადებული მოხსენებების და წერილების ფრაგმენტები:

“… მდგომარეობა არქივებისა მეტად უნუგეშოა. მთელი ამ მუშაობის[1] დროს ჩვენ შეგვხვდა ერთად-ერთი არქივი, რომელიც ცოტად თუ ბევრად წესიერად არის მოწყობილი: ეს – არქივი სამიჯნო განყოფილებისა (მოთავსებული საოლქო სასამართლოში)… ამ გამონაკლისით ტფილისის არქივები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. არქივების ერთ ჯგუფში არის მომხდარი ერთნაირი წინასწარი მუშაობა … მაგრამ ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში არ არსებობს უბრალო სიებიც საქმეებისა, ხოლო სადაც იგი არსებობს (ორ-სამ ადგილას), ეს სიებიც ნაკლულოვანია, ამიტომ გამორკვევა იმისა, თუ რას შეიცავს თვითოეული არქივი და რა წესზეა იგი დალაგებული, მოითხოვს დიდ წინასწარ მუშაობას.

მეორე ჯგუფი არქივებისა სრულებით აწეწილ-დაწეწილია. საქმეები პირდაპირ მიყრილ-მოყრილია იატაკზე. მთლიანი საქმეები დაშლილია. ამასთან არქივის ოთახები სავსეა მტვრითა და ნაგავით… პროვინციის დაწესებულებებში, ჩვენს ხელთ ქონებული ცნობებით ძველ საქმეებს ქაღალიდს ფასად ჰყიდიან. ასე, ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგის, პროფ. ავალიანის ცნობით, ქუთაისში ბაზარზე გაუყიდიათ არქივი ქუთაისის საგუბერნიო-საკონტროლო პალატისა; ზუგდიდის ერობის თავმჯდომარის, ბ-ნ ლეო შენგელაიას ცნობებით, მას სრულიად შემთხვევით [გადაურჩენია] ძვირფასი არქივი დადიანებისა…”

გასაბჭოება

საქართველოს არქივების სისტემატიზაციის და კოორდინაციის პროცესი ძალზე შეაფერხა და დააზარალა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციამ საბჭოთა რუსეთის მიერ, რითაც თვისებრივად ახალი და მძიმე ხანა დაიწყო ქვეყნის ისტორიაში, თუმცა საარქივო პოლიტიკის მიმართულებით სწორედ ამ პერიოდს ჰქონდა არსებითად გარდამტეხი მნიშვნელობა, რამდენადაც ძირითადი სახე საქართველოს დღევანდელმა საარქივო სივრცემ ამ პერიოდში – საბჭოთა სახელმწიფოს ფარგლებში მიიღო.

1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებისას, რესპუბლიკის მთავრობამ სახელმწიფო ქონების და სამუზეუმო განძის ევაკუაციასთან ერთად უწყებათა არქივების ნაწილის ევაკუაციაც მოახდინა.

ამ საარქივო დოკუმენტაციის ფონდები ინახებოდა საზღვარგარეთ, ემიგრანტული მთავრობის განკარგულებაში, შემდგომ კი ჰარვარდისა და პარიზის უნივერსიტეტებში.

იგი 2000-იან წლებში გადმოეცა საქართველოს ეროვნულ არქივს. თუმცა დღემდე გაურკვეველია ერთი ძალზე მნიშვნელოვანი უწყების – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის (უშიშროების სამსახურის) არქივის ბედი.

იგი დანამდვილებით გაიტანა საზღვარგარეთ 1921 წელს ამ უწყების ხელმძღვანელობამ და სავარაუდოდ შემდგომ საფრანგეთში ინახებოდა, თუმცა ამ დროიდან მისი კვალი იკარგება, რაც დღემდე აძნელებს ამ მნიშვნელოვანი საკითხის მეცნიერულ შესწავლას.

 

[1] 1920 წლის მარტი-მაისი.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button