skip to content
რესპუბლიკის ამბები

მოლაპარაკებები ჩიხშია, ოსმალეთის არმია თბილისისკენ მოიწევს

(თბილისი, 24 მაისი, 1918, “ერთობა” N 104, და N 102) ბათუმიდან [ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის მეთაური და, ამავე დროს, საგარეო მინისტრი] აკაკი ჩხენკელი იტყობინება, რომ ოსმალებმა მოითხოვეს მათ უფლება მიეცეთ ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობისა სამხედრო საჭიროებისათვის ომის გათავებამდე და საყოველთაო ზავის შეკვრამდე. ამის ასრულებას კატეგორიულად მოითხოვენო.

19 მაისს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარემ ფონ-ლოსსოვმა ჩვენი დელეგაციის თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საზავმო მოლაპარაკება ამიერკავკასიას და ოსმალეთის წარმომადგენლებს შორის წინ ვერ მიდის და აქამდე შედეგები ვერ მოიტანა. ფონ ლოსსოვი წინადადებას იძლევა მოსაშვალობა [შუამავლობა – რედ.] გასწიოს. ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ფონ ლოსსოვის წინადადება.

ამასობაში, ოსმალეთის ჯარი ალექსანდროპოლის გეზზე უტევს და თბილისისკენ მოიწევს. ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო თანამდებობის პირთა ცნობით, 21 მაისს მოწინააღმდეგემ დაიპყრო ამამლი [დმანისთან ახლოს] და შეტევას განაგრძობს, ჩვენი რაზმები უკან იხევენ კიშლაკზე და კარაკლისზე (იხ. რუქა).

20 მაისს ოსმალებმა ქურთებისა და თათრების (აზერბაიჯანელების – რედ.) დახმარებით იგდირს შემოუტიეს. მტერი ერთი საათის ვადას იძლევა მთელი იარაღისა და შეიარაღებულ ძალების გადასახემათ; მხოლოდ ამ შემთხევაში შესწყვეტს სამხედრო მოქმედებას. იგდირის ჩვენი რაზმის უფროსმა გადასწყვიტა მტერი მდ. არაქსზე (სომხეთ-თურქეთის დღევანდელი საზღვარი – რედ.) შეაჩეროს.

[ამგვარად, ოსმალეთის არმიის შეტევა ორი მხრივ მიმდინარეობს და ერთი მხრივ თბილისს ემუქრება, მეორე მხრივ კი ერევანს. აზერბაიჯანული მოსახლეობა ძირითადად ოსმალებს უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია ჯერ კიდევ არსებობს. ბათუმის ოლქიც ოსმალეთის კონტროლს ქვეშაა – ბათუმი ოსმალეთის ჯარმა ჯერ კიდევ 14 აპრილს, ორდღიანი ბრძოლის შემდეგ აიღო. კარგად გამაგრებულ ყარსს ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა და 25 აპრილს იქ მდგომმა სომხურმა გარნიზონმა საფრანგეთის შუამავლობით ის ოსმალეთის არმიას დაუთმო.
ენვერ ფაშა ბათუმში. წყარო: Harp Mecmuasi

სამხედრო ვითარება 15 მაისიდან კიდევ უფრო გამწვავდა და სტრატეგიული წერტილის, გიუმრის ოსმალეთის არმიის მიერ აღების შემდეგ ფრიად დამძიმდა. “ერთობის” 22 მაისის გამოცემაში ვკითხულობთ:]

15 მაისს, 6 საათზე, ბათუმში მყოფ საზავო დელეგაციის თავმჯდომარემ ა. ჩხენკელმა, ოსმალეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე ხალილ-ბეისგან მიიღო ნოტა, რომელშიაც იგი ემყარება ოსმალთა მთავარსარდლის წერილს და აუწყებს, რომ იმავე დილით ოსმალთა სარდლობა იწყებს ჯარის გაყვანას გუმბრ-ჯულფის რკინიგზის გზით, რათა სპარსეთში გადაიყვანოს შემდეგ ინგლისელთა წინააღმდეგ. იმავე დღეს ჩვენი დელეგაციის თავმჯდომარემ ენერგიული პროტესტი განუცხადა ხალილ-ბეის და [გერმანელ ემისარ] ფონ-ლოსსოვს მთავრობის სახელით ამ აქტის გამო, რომელმაც შელახა ამიერკავკასიის რესპუბლიკის სუვერენული უფლებები, რომლის დამოუკიდებლობაც ოსმალეთმა აღიარა.

ზემონახსენებ ნოტის მიღებისთანავე, ოსმალებმა გუმბრის [გიუმრი, იგივე ალექსანდროპოლი – რედ.] გზით დილის 7 ს. და 15 წუთიდან წინსვლა იწყეს. წინასწარ ულტიმატუმი გამოუგზავნეს სამი საათის ვადით და მოითხოვდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარი გამოეყვანათ გუმბრ-ჯულფის გზის აქეთ 25 ვერსით და როგორც ქ. გუმბრი, ისე აღნიშნული რკინის გზა ოსმალებს გადაეცეს ომის გათავებამდე. იმავე დღეს ოსმალებმა გუმბრი აიღეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button